“ვიშეგრადის ჯგუფის აღმოსავლეთის პროგრამა“: ახალი ინიციატივა ევროკავშირის სამეზობლოსთვის

ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან ის სახელმწიფოები, რომლებიც პირველები გაწევრიანდნენ ევროკავშირში, ახლა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ეხმარებიან ევროკავშირთან დაახლოებაში.

ორშაბათს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე ვიშეგრადის ოთხეულად წოდებული ჯგუფის წარმომადგენლებმა დაამტკიცეს ახალი წესები, რომელიც, თავის მხრივ, მოიტანს „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ამუშავებას.

პრაღის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი, ევროკავშირის გაფართოების კომისარი შტეფან ფიულე, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები და დანიის ვაჭრობის მინისტრი.

ახალი ინიციატივა ეფუძნება ივნისში ბრატისლავაში ვიშეგრადის ქვეყნების - პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის - მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ითვალისწინებს ევროკავშირის აღმოსავლეთის სამეზობლოს პროგრამაში ჩართულ ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას. ამ პროგრამაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი და ბელორუსია.
თუმცა ამ უკანასკნელმა - ბელორუსიამ - ორშაბათის სამიტს ბოიკოტი გამოუცხადა, ბრიუსელთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე.

ევროკავშირმა გასულ კვირაში კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა მინსკისთვის დაწესებული სანქციები. ბელორუსიისთვის ამ სანქციების დაწესების მიზეზია პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაპირისპირებული პოლიტპატიმრების მოპყრობა და მათი უფლებების უხეში დარღვევა.
ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ რას მოველით იმ ქვეყნებისგან, ვისთანაც ვთანამშრომლობთ - რეფორმების ხელშეწყობას და კანონის უზენაესობის მნიშვნელობის აღიარებას ...
კეთრინ ეშტონი

ორშაბათს შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში ვიშეგრადის ოთხეულისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს ბელორუსიაში არსებული ვითარების შესახებ - მათი თქმით, ამ ქვეყანაში არ უმჯობესდება ვითარება ადამიანის უფლებების კუთხით, სამოქალაქო საზოგადოება კვლავ რეპრესიებს განიცდის და არ აღინიშნება რაიმე სახის ღრმა დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმა. ამასთან, მინისტრებმა ბელორუსიასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესებაც შეშფოთებით აღნიშნეს.

ორშაბათს შეხვედრის ძირითადი ნაწილის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეთრინ ეშტონმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ აფერხებს ევროკავშირთან თანამშრომლობას აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევა და კანონის უზენაესობის ნაკლებობა:

„ჩვენი კონცენტრაციის სფეროა იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ამ ქვეყანაში სამართლის სისტემა ადამიანებს მართებულად ეპყრობოდეს. ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ რას მოველით იმ ქვეყნებისგან, ვისთანაც ვთანამშრომლობთ - რეფორმების ხელშეწყობას და კანონის უზენაესობის მნიშვნელობის აღიარებას, რომელიც ყველა შემთხვევაში ეფექტიანად და ღიად იქნება გატარებული. ადამიანები ამ სტანდარტების მეშვეობით უნდა გასამართლდნენ. ეს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ყველა ქვეყანას ეხება“, - განაცხადა მან.

ბელორუსიის დელეგაციის გარდა, პრაღის სამიტში აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული დანარჩენი ხუთი ქვეყნის - მათ შორის, საქართველოს - საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. ვიშეგრადის ოთხეულის ინიციატივაც პირველად სწორედ მათ გააცნეს.

ახალი ინიციატივა ითვალისწინებს პროექტების შემუშავებას და გრანტების გაცემას რეფორმების წახალისების მიზნით - ისევე როგორც სტუდენტურ გრანტებს და სტიპენდიებს. ინიციატივის მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.

ამ ინიციატივის ფარგლებში დაფინანსება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდიდან გაიცემა. დაფინანსების საერთო მოცულობა ჯერჯერობით არ დასახელებულა.
ვიშეგრადის ოთხეულის ჯგუფის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანა ჩეხეთია. მისი განცხადებით, მან ორშაბათის სამიტს იმ მიზნით უმასპინძლა, რომ სურს ევროკავშირი უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდოს აღმოსავლელ მეზობლებთან მიმდინარე პროგრამას.

ვიშეგრადის ჯგუფის შემდეგი თავმჯდომარე ქვეყანა იქნება პოლონეთი, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

ევროკავშირის გაფართოების კომისარი შტეფან ფიულე ინიციატივას მიესალმა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ის გამოცდილება, რომელიც ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებმა კომუნიზმის დამხობის შემდეგ მიიღეს, შესაძლოა მნიშვნელოვნად დაეხმაროს ყოფილ საბჭოთა რესბუბლიკებს თავიანთი კანომდებლობებისა და მიზნების ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში.