”ეს შენ გეხება!” - ასე დაარქვეს არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა კამპანიას, რომელიც ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ინიციატივითა და მხარდაჭერით წამოიწყეს. კამპანია ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონსა და ასევე საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში 2011 წლის დეკემბრის ბოლოს შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება. რა უნდა იცოდეს ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ნებისმიერმა მოქალაქემ? ზღუდავს თუ არა ეს ცვლილებები სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას? რისი განმარტება სურთ საზოგადოებისათვის ორგანიზაციებს, რომელთაც საგანგებო პეტიცია და საკანონმდებლო წინადადების პაკეტი მოამზადეს? - ამ პრობლემებზე მსჯელობენ რადიო თავისუფლების დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური და არასამთავრობო ორგანიზაცია ”სუფთა პოლიტიკის” თანათავმჯდომარე ნინო ლაპიაშვილი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.