ნატო ინგოროყვას “ნედლები და ხმელები”

გამომცემლობა “დიოგენემ” ნატო ინგოროყვას ძალზე უცნაური პოეტური კრებული გამოსცა, უცნაური, პირველ რიგში, გარეგნულად, რადგან წიგნი (უფრო სწორად, ორი წიგნი) ყუთშია მოთავსებული და კარგადაა შეფუთული. ამ ერთი კრებულის ორი წიგნიდან ერთს “ნედლები”, ხოლო მეორეს “ხმელები” ჰქვია. სწორედ ასე გადაწყვიტა ავტორმა თავისი ბოლო წლებში დაწერილი ლექსების გადანაწილება და ჩემთან საუბარში ნატო შეეცადა კიდევ უფრო დაეზუსტებინა დაყოფის ეს პრინციპი:

“წიგნი ორ ნაწილად იმიტომ გაიყო, რომ შემოქმედების (როგორც ამბობენ ხოლმე) პერიოდები დავყავი, იმიტომ რომ ამ წიგნისთვის ძალიან დიდხანს ვაგროვებდი ლექსებს. ორივე წიგნისთვის, საერთო ჯამში, ალბათ 9 წელი ვემზადებოდი, ანუ ცხრა წლის განმავლობაში რა ლექსებიც დაიწერა, მათი მცირე ნაწილი გადანაწილდა ამ ორ წიგნში.“ნედლები“ უფრო მეტი სიფრთხილით გადავარჩიე, რადგან იმ თითქმის 150 ლექსიდან დაიბეჭდა სულ 13-ოდე ლექსი, რომელშიც - ჩავთვალე, რომ - უფრო მეტი ლიტერატურა იყო და არა სხვა რაღაცები - ის ამბები, რომლებიც „ნედლად“ იწერებოდა, ანუ ლექსები, რომლებსაც ვწერდი და მერე ან მივხედავდი, ან არ მივხედავდი. „ხმელებში“ კი უფრო ის ლექსები შევიდა, რომლებიც ამბებად უფრო დიდხანს ვატარე ჩემში, დაღვინდა სათქმელი, როგორც ვამბობთ ხოლმე, დაიწურა, გამოხმა და დაიცალა იმ ზედმეტი სიტყვებისგან, რომელიც, ვფიქრობ, აღარ იყო საჭირო ლექსებში და რაღაც ისეთი პერიოდი დადგა, როცა ლექსებს კი არ ვწერდი იმისთვის, რომ მერე მიმეხედა, არამედ ვხედავდი და ისე ვწერდი და მივხვდი, რომ ეს ფორმაც, განსაკუთრებული ფორმა, ლექსისთვის მე თვითონ არ მიძებნია. რაღაც მომენტში დადგა დრო, როდესაც ლექსი ისე იწერებოდა, როგორც ვხედავდი.”

შესაბამისად, “ხმელები” უფრო გვიან დაწერილი ლექსებია, კრებულის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, “ნედლებში” შესული ლექსები კი სხვადასხვა დროს იწერებოდა, ცხელ გულზე. ამის გამო ეს ლექსები შედარებით გულახდილია, გულახდილია ენობრივადაც, „ხმელებში“ კი უფრო რეფლექსიაა წამყვანი, სათქმელიც უფრო მოჭრილი და დანაწევრებულია. თუკი პირველში თხრობითი საწყისია წამყვანი, მეორეში უფრო გნომურ მხარეზეა ყურადღება გამახვილებული.
წიგნი ორ ნაწილად იმიტომ გაიყო, რომ შემოქმედების (როგორც ამბობენ ხოლმე) პერიოდები დავყავი ...
ნატო ინგოროყვა
შესანიშნავი შინაგანი და სალექსო რიტმითაა დაწერილი “ნედლების” ერთ-ერთი გამხსნელი ლექსი – “გუგულის ბუდე”, ბოლოს კი წიგნს კრავს ლექსი, სახელწოდებით “ვახმობ სიტყვებს”, სადაც ავტორი თითქოს მეორე, „ხმელ“ ნაწილზე გადასვლას გვაუწყებს: “ჩემი გამხმარი სიტყვები დასაფქვავად მოგიტანე, წისქვილო, / ზოგი – ცის ფქვილად, / ზოგიც - მიწის ქატოდ.”

„ხმელებში“ გამოვარჩევდი ლექსს “ანგარიშს”, “ამოტირებას” და კიდევ რამდენიმე სხვა ლექსს, თუმცა აქვე დავძენ, რომ ამ კრებულში იმდენად ლექსები არ უნდა ვეძებოთ, რამდენადაც სტრიქონები, აზრის გაელვებები, განცდები, რომლებიც მთლიანობაში დაგვანახვებენ ამ კონცეპტუალურ კრებულს. ცალკე რომელიმე ლექსით ვერაფერს გაუგებთ ნატო ინგოროყვას.

“ხმელებსა” და “ნედლებს” შორის განსხვავების კიდევ ერთი მაგალითი შეიძლება ვიპოვოთ ლექსში “სარკმელი”, რომელსაც ავტორი ასე იწყებს: “ხსოვნა – მოსაწყენი გამოცდილებაა, / არაფერია იქ ნედლი და მოულოდნელი. დაცულია სიტყვისგან – რისკი. // ნანგრევების ქვა / შეყვარებულია წარსულზე და / ვერ თავისუფლდება მისგან”. ამის მიხედვით, “ნედლებში”, ალბათ, მეტი რისკია, “ხმელებში” კი - მეტი თავდაჯერებულობა, თავდაჯერებულობა პოეტიკის და არა ფსიქოლოგიის თვალსაზრისით.

​ნატო ინგოროყვას წიგნს ეტყობა, რომ ძალიან სკრუპულოზურად, დიდი ყურადღებითაა შედგენილი და მასში კარგად ჩანს რედაქტორის თუ ავტორ-რედაქტორის ხელი. ასე რომ, მკითხველს შეუძლია ლექსების კითხვასთან ერთად განლაგებაში არსებული გარკვეული ლოგიკის აღმოჩენითაც მიიღოს სიამოვნება.

ცალკე საუბრის თემაა ნატო ინგოროყვას პოეტური ენა, სადაც ისეთი რაღაცებიც გვხვდება, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაძლია ავტორმა. ამ ხარვეზს მე პირობითად ტროპულ სიხისტეს ვუწოდებდი. ესაა ფორმები, რომლებიც ხშირად მეორდება და ზოგიერთ შემთხვევაში ლექსის რიტმსაც ვნებს და გარკვეულ ხელოვნურობას ანიჭებს. ამის გარეშე ნატო ინგოროყვას ლექსები საბოლოოდ გათავისუფლდებოდა ერთგვარი ენობრივი შებოჭილობისგან. აი, მაგალითები:

“ქალაქის ვიწრო ქუჩებს ვუთვლი ღიმილებს”, “ვაშვილებ წუხილს”, ”ვსვამ მანძილს, ჩვენ რომ გვაშორებს”, “აღარ მახსოვს პაროლი, რომლითაც შემოვდიოდი შენში”, “ვსწავლობ და ვიზეპირებ სიტყვას შიში” და ა.შ. ესაა ნედლი, ჯერ კიდევ უმი ფრაზები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად უნდა გამოეშრო ავტორს. ვინ იცის, იქნებ ამ წიგნით ავტორი გათავისუფლდა კიდეც ასეთი ხედვებისგან? თუმცა ხანდახან ასეთი ენობრივი ფორმები თავის მიზანს აღწევს და გარკვეული მელანქოლიური კალამბურების სახით წარმოგვიდგება: “ვარ სადგური - / სადაც არ ჩერდებიან მატარებლები. / ვარ ადგილი - / სადაც გაჩერდა სადგური”, “მე გეუბნები – დრო მკურნალია. / შენ მპასუხობ – დრო ავადაა”. ასეთი შემთხვევები ძალზე საინტერესო პოეტურ განწყობილებებს ბადებს, განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი და ზოგიერთი სხვა მაგალითებისგან.
ზოგჯერ ისეთი განცდა მრჩება, რომ ჩვენ ვკითხულობთ ჩვენს ლექსებს და სხვა აღარავინ არ კითხულობს ...
ნატო ინგოროყვა

ნატოს ბოლოდროინდელ ლექსებზე ჩემს მეგობრებსაც ვკითხე. გიორგი
ლობჟანიძის აზრით, ნატო ინგოროყვას საკმაო ხანი დასჭირდა იმისათვის, რომ საკუთარი თავისათვის მიეგნო და ზუსტად, ზუსტი სიტყვებით დაეწერა ის ყველაფერი, რაც ამ წიგნში შევიდა. მისი აზრით, ბოლო პერიოდის ნატო ინგოროყვა ზუსტი სიტყვების პოეტია. თემურ ჩხეტიანმა “ხმელებს” პირობითად ფიქრის სტენოგრამაც კი უწოდა, სადაც შესაძლოა წინადადებები და ზოგჯერ სიტყვებიც კი დაუსრულებელია, “მაგრამ ის აზრობრივად და ემოციურად სავსებით გასაგებია. ტექსტი ლაკონიურია და დანაწევრებული. ფრაზები - მოკლე და ტევადი. არავითარი ზედმეტი ხმაური... ეს პოეტი ენდობა მკითხველს და მისი მკითხველისთვის მის ლექსებს, მიუხედავად ლაკონიურობისა, არაფერი აკლია.”

რა თქმა უნდა, ნატოს თანამედროვე ქართულ პოეზიაზეც ვკითხე:

“ზოგჯერ ისეთი განცდა მრჩება, რომ ჩვენ ვკითხულობთ ჩვენს ლექსებს და სხვა აღარავინ არ კითხულობს. იმასაც ამბობენ, რომ პოეზიის დრო არ არის. მე კი ვამბობ, - არა იმიტომ, რომ მე ვწერ პოეზიას ან ავტორი ვარ, - რომ პოეზიის დრო ზუსტად ახლაა, ყოველთვის იყო და ახლა - მით უმეტეს. თუნდაც იმ ვიწრო წრისთვის, ვინც ამ საქმითაა დაკავებული და ვისაც ლექსის წერა და კითხვა უყვარს და ამის გარეშე არ შეუძლია. მე ასევე მიმაჩნია და მგონია, რომ დღეს, ამ პერიოდში საქართველოში ძალიან კარგი პოეზია იწერება და ჩემი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ თემატიკა იმდენად მრავალფეროვანი გახდა თანამედროვე პოეზიის, რომ იგი აღარ არის მხოლოდ სადღეგრძელოების ან სახოტბო ლირიკა, ან, უბრალოდ, ლირიკა. რაღაცა ისეთი საინტერესო სათქმელები გაიჩინეს თანამედროვე ავტორებმა ლექსებად, რომ უფრო მეტი ვინმე რომ კითხულობდეს, უფრო კეთილშობილები ვიქნებოდით.”

ნატო ინგოროყვა სწორედ ერთ-ერთი ასეთი სათქმელიანი პოეტია და მის ლექსებში ასეთ სტრიქონებსაც შეხვდებით: “დღეს უნდა მოვრჩე საკუთარი თავის ლაგებას / და უნდა ვწერო სხვებზე, ანდა სხვებისთვის”. ეს სიტყვები შესაძლოა მისი ამ საეტაპო კრებულის საერთო ეპიგრაფადაც გამოდგეს.