ინაუგურაციის ნაცვლად რეანიმაცია

ალა ჯიოევა

პარასკევს ოსური ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს ინფორმაცია ცხინვალელ ჟურნალისტებს ჯიოევას ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. მისი ძმის კონსტანტინ ჯიოევის თქმით, ოპოზიციის ლიდერი კონტაქტურია და მასთან ურთიერთობა შესაძლებელია. ოსი ექიმების დიაგნოზით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი ოჯახის წევრებს ურჩევენ, რომ სრულყოფილი გამოკვლევისთვის იგი ვლადიკავკაზის კლინიკაში გადაიყვანონ. ოჯახის წევრები ამ წინადადებაზე, პროვოკაციის მოწყობის შიშით, არ თანხმდებიან.

9 თებერვალს ცხინვალში განვითარებული მოვლენების შესახებ რუსულ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ჯიოევას შტაბის წარმომადგენლების თქმით, სახლის შტურმისას სპეცრაზმელებმა მათ ლიდერს ავტომატის კონდახებით სცემეს. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ჯიოევა მასთან მისულ პროკურატურის გამომძიებელთან საუბრის დროს გახდა ცუდად. დადასტურებული ინფორმაციით, ჯიოევას შტაბში პროკურატურის წარმომადგენელი მივიდა და მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით აღძრულ საქმეზე მოწმის სტატუსით გამომძიებელთან გამოცხადება მოსთხოვა, რაზეც ჯიოევამ უარი განაცხადა. ამის შემდეგ მის შტაბში ნიღბიანი სპეცრაზმელები შეცვივდნენ, ოფისის დარბევა დაიწყეს და ჯიოევას ძალით გაყვანას შეეცადნენ, რა დროსაც ოპოზიციის ლიდერი ცუდად გახდა. იგი სავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ჰიპერტონიული კრიზით მოათავსეს. ხუთშაბათ საღამოს ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვადიმ ბროვცევი გამოვიდა, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთაზე პასუხისმგებლობა იტვირთა.

10 თებერვალს ცხინვალში ალა ჯიოევას საკუთარი ინაუგურაცია უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ბევრი ექსპერტი ინაუგურაციის ჩაშლას ძალისმიერი მეთოდებით ვარაუდობდა. გარდა ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯიოევას მომხრეები მოწმის სტატუსით იკითხებოდნენ. ოსი პოლიტიკოსი ვიაჩესლავ გობოზოვი ფიქრობს, რომ პრობლემის ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტის მცდელობა პოლიტიკურ კრიზისს მხოლოდ გაამწვავებს.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კრიზისის დასაძლევად ყველაზე უარესი მეთოდი აირჩია და ასეთი ძალისმიერი ნაბიჯებით ჯიოევა გმირი გახადა.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჯიოევამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა კოკოითისთან შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შემდეგ ხელისუფლება ოპოზიციას ნელ–ნელა ასუსტებდა იმით, რომ ცდილობდა ჯიოევას თანამებრძოლების გადაბირებას, აშინებდა მათ და აპატიმრებდა. ახლა კი, როცა ჯიოევა ინაუგურაციის ნაცვლად რეანიმაციაშია, მისი, როგორც პოლიტიკოსის, გაცოცხლება ხდება.