Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიჭერენ თუ არა ალა ჯიოევას?


ალა ჯიოევა
ალა ჯიოევა
ოსური ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა ინაუგურაციისთვის ემზადება. გუშინ მან კიდევ ერთი ღია წერილი გაუგზავნა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს, რომელსაც მოუწოდებს ვითარების ესკალაცია შეაჩეროს და მას ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცეს. ჯიოევას თქმით, ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედია ხალხს სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებს, მისი აზრით კი, დაპირისპირება ორ ნაწილად გაყოფილ საზოგადოებას შორის კი არა, ხალხსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს. ჯიოევას მიმართვას ინტერნეტგამოცემა „ოსეტია კვაისა“ აქვეყნებს. ამასობაში დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველმა პარტიამ, „ედინსტვომ“, ალა ჯიოევა სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებაში დაადანაშაულა. ცხინვალის მედიაცენტრის ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ამ პარტიამ თვითონ დაძაბა ვითარება, როცა შემდგარი არჩევნების ბათილად გამოცხადება მოითხოვა:

„ამ პარტიას ავტორიტეტი არასდროს ჰქონია, რაც ნოემბერ-დეკემბერში ხდებოდა, ყველაფერი „ედინსტვოს“ სინდისზეა, იმიტომ რომ არჩევნების შედეგები უკანონოდ გააბათილეს, სწორედ ამ პარტიის მოთხოვნით“, – ამბობს ირინა გაგლოევა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი „ედინსტვოს“ წევრია, მაგრამ ალა ჯიოევას წინააღმდეგ შედგენილ განცხადებაში მას მონაწილეობა არ მიუღია. ძიცოითის მიაჩნია, რომ რეალურად ხელისუფლება და საზოგადოებაა დაპირისპირებული.
თუ ისინი სისხლისღვრაზე ლაპარაკობენ, ჩვენ უნდა მზად ვიყოთ იმისთვის, რასაც ამზადებენ...


„სამოქალაქო ომი ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობის დაპირისპირებას გულისხმობს. სამხრეთ ოსეთში ამდაგვარი არაფერი შეინიშნება. სხვა საქმეა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ძალოვანი უწყებები ჩართოს იმისთვის, რომ მიტინგები და სხვა სახის შეკრებები დაშალოს“, – ამბობს იური ძიცოითი.

ალა ჯიოევა ინაუგურაციისთვის ემზადება და მისი შტაბი ახლა სტუმრების მიპატიჟებით არის დაკავებული. ჯიოევას აზრით, თუ მის ინაუგურაციაზე ბევრი ადამიანი მივა, ხელისუფლება ძალის გამოყენებას ვერ გაბედავს:

„მე ვერ ვიტყვი, რომ საფრთხე არ არსებობს. ეს ადამიანები (ხელისუფლების წარმომადგენლები) წარმოადგენდნენ და წარმოადგენენ საფრთხეს სამხრეთ ოსეთის მთელი საზოგადოებისთვის. ამიტომ, თუ ისინი სისხლისღვრაზე ლაპარაკობენ, ჩვენ უნდა მზად ვიყოთ იმისთვის, რასაც ამზადებენ. ისინი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ“,–აცხადებს ალა ჯიოევა.

ამასობაში ჯიოევას მომხრეებზე ზეწოლა გრძელდება. ოპოზიციური ინტერნეტგამოცემების ცნობით, ჯიოევას უახლოესი თანამებრძოლები ძამბოლათ თეედეევი და ანატოლი ბარანკევიჩი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურების მხრიდან ზეწოლას განიცდიან. რუსული სააგენტოები კი იუწყებიან, რომ ვლადიკავკაზში ჯიოევას შტაბის წევრის ელინა მარზოევას სახლში სამართალდამცავებმა ჯერ ჩხრეკა ჩაატარეს და კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოიღეს, მეორე დღეს კი მოწმის სტატუსით დაკითხეს სისხლის სამართლის საქმეზე: „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სამხრეთ ოსეთში“. ვლადიკავკაზელმა სამართალდამცავებმა ანალოგიური პროცედურები უფლებადამცველ რუსლან მაყაევის ბინაშიც ჩაატარეს. ანალიტიკოსების აზრით, ოსი და რუსი სამართალდამცავები ძალიან ჩქარობენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრული საქმის გამყარებას, ამ საქმეში კი აუცილებლად იქნება ალა ჯიოევას როლი გამოკვეთილი. ამიტომ, ექსპერტების აზრით, ჯიოევას ან ინაუგურაციამდე დაიჭერენ, ან 10 თებერვალს მის მიერ მოწყობილ ღონისძიებას ძალის გამოყენებით დაშლიან.
XS
SM
MD
LG