პარლამენტთან ”ცარიელი ქვაბების” აქცია გაიმართა

”ცარიელი ქვაბების” აქცია

26 იანვარს საქართველოს პარლამენტთან უმუშევართა კავშირმა ”ცარიელი ქვაბების” აქცია გამართა. ადამიანების ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა კონკრეტული მოთხოვნით - პარლამენტმა მიიღოს კანონი უმუშევართა დაცვის შესახებ. აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილიც დატოვეს და თქვეს, რომ ცარიელი ქვაბების თანხლებით ხმაურიანი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პარლამენტი მათი პრობლემებით არ დაინტერესდება. აქციის მიმდინარეობის დროს საკანონმდებლო ორგანოდან მათ არავინ გამოხმაურებია.

ცარიელი ქვაბების ეს ხმაური იქამდე, სადაც დავით ბაქრაძე და პავლე კუბლაშვილი - აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ადრესატები - სხედან, თითქმის არ აღწევს. იმ დროს, როდესაც უმუშევართა კავშირი ამ აქციას მართავდა, არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი პარლამენტის შენობაში არ იმყოფებოდა. მსგავსი აქცია პარლამენტთან შემოდგომაზეც გაიმართა. უმუშევართა კავშირი 6 ოქტომბრის შემდეგ ელის პასუხს პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით გაგზავნილ წერილზე, რომელშიც უმუშევართა პრობლემებზე იყო საუბარი, მაგრამ, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი ამბობს, უშედეგოდ:
მსგავსი აქცია ჩვენ 17 ნოემბერსაც ჩავატარეთ და ჩავატარებთ მანამ, სანამ არ იქნება პასუხი. ჩვენ უმუშევართა დაცვის კანონპროექტი შევიმუშავეთ და გვსურს, რომ პარლამენტმა განიხილოს ის...


”პირველ წერილში ჩვენი ხედვა და წინადადებები ეწერა, თუ როგორ ვხედავთ უმუშევრობის პრობლემის დაძლევას. მსგავსი აქცია ჩვენ 17 ნოემბერსაც ჩავატარეთ და ჩავატარებთ მანამ, სანამ არ იქნება პასუხი. ჩვენ უმუშევართა დაცვის კანონპროექტი შევიმუშავეთ და გვსურს, რომ პარლამენტმა განიხილოს ის. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი წერილი პავლე კუბლაშვილს დაეწერა განსახილველად, თუმცა მას შემდეგ ვცდილობთ დაკავშირებას და აბსოლუტურად უშედეგოდ.”

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ამბობს, რომ უმუშევართა რეალური რაოდენობის დადგენა მხოლოდ შესაბამისი კანონის მიღების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

აქციის მონაწილეები ცარიელი ქვაბებისა და რკინის კოვზებით სიმბოლურად იმ მდგომარეობას გამოხატავდნენ, რომელშიც, მათი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა ჩავარდნილი; სამსახურის დაკარგვის მიზეზი ყველას სხავდასხვა აქვს, მაგრამ ემთხვევა ამ სამსახურების დაკარგვის დრო - ვარდების რევოლუციის შემდგომ მოსული ხელისუფლების პირველი წლები:

Your browser doesn’t support HTML5

”ცარიელი ქვაბების” აქცია


”უმუშევარი ვარ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლება მოვიდა. სანიტარულ ინსპექციაში ვმუშაობდი. ეს სამსახური გააუქმეს - კორუფციული სამსახურიაო, მაშინ სააკაშვილმა თქვა...”

”ოპოზიციონერი ვარ და ამის გამო არსად მიღებენ სამსახურში. განსხვავებული აზრის მოსმენა არვის სურს, რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი...”


თამარ იოვაშვილი აცხადებს, რომ უმუშევართა კავშირს აქვს საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიძლება დაიწყოს უმუშევრობის პრობლემის მოგვარება. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთანაც სწორედ ამ მიზნით ითხოვენ:

”ცარიელი ქვაბების” აქცია


”მას შემდეგ, რაც 2009 წელს შრომის ბირჟა დაიშალა, არსად აღარ მიმდინარეობს უმუშევართა აღრიცხვა, მის სანაცვლოდ არანაირი სამსახური არ შექმნილა. ანუ ეს პირველი ეტაპია, რაც უნდა გაკეთდეს. მეორე - აუცილებელია უმუშევართა შემწეობის დანიშვნა. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში მარტო საქართველოში არ არსებობს მსგავსი შემწეობა. უმუშევართა რაოდენობა კი გაცილებით დიდია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკით გამოცხადებული 16 თუ 14%”.

თავად პავლე კუბლაშვილის აზრით, უმუშევართა პრობლემის მოსაგვარებლად ცალკე კანონპროექტი საჭირო არ არის და უმუშევრობასთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტური იარაღი სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობა, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება და ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის ჩამოყალიბებაა.

რაც შეეხება უმუშევართა კავშირის წერილს და მოთხოვნას, კუბლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ ის იცნობს წერილს, რომელშიც მხოლოდ კანონპროექტის შემუშავების შეთავაზებაზე იყო ლაპარაკი. უფრო კონკრეტული წინადადებების არსებობის შემთხვევაში, კუბლაშვილი მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს შეხვდეს. მისი თქმით, ეს არავისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.