„ჩვენი დონისათვის...“

ეს ფორმულა თანამედროვე საქართველოს, ქართული კულტურის, მთელი ქართული ცნობიერების მთავარი იარლიყია, სამარკო ნიშანია – Made in Georgia! არ არსებობს თავისთავად კარგი და ღირებული – ყველაფერი მხოლოდ „ჩვენი დონისთვისაა“ და ჩვენც ვიცით, გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენი კულტურული პროდუქტი მხოლოდ ქართველი მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი, მხოლოდ მის გემოვნებას, უნარებს, გონებრივ შესაძლებლობებს შეიძლება აკმაყოფილებდეს, მხოლოდ ქართულ ტელე-შოუებსა და თბილისის გამოუცნობად ძვირ კაფეებში სასაუბრო თემად თუ გამოდგება.

ჩვენი დონისათვის ცნობილია, რომ სადღაც, საქართველოს ფარგლებს გარეთ, კიდევ არსებობს რაღაც, მაგრამ მას ჩვენ დონეზე არანაირი გავლენა ან მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ მაინც არაფერი მოგვეთხოვება, რადგანაც ქართული ადგილობრივი მოსავალია, რომელიც არც გაცვლას, არც კონვერტაციას არ ექვემდებარება, იმიტომ, რომ ის სხვა არავისათვის საინტერესო და ვარგისი არ შეიძლება იყოს და ჩვენ საკუთარი ლოკალურობა და შეზღუდულობა გაცნობიერებული გვაქვს, ვაღიარებთ, რომ ვართ პროვინცია და შეგუებული ვართ საკუთარ პროვინციულობას.

პროვინციალიზმი სხვა არაფერია, გარდა ხედვის რადიუსის შეზღუდვისა, როდესაც ხედავ იმას და გაინტერესებს მხოლოდ ის, რაც ადგილობრივი და ნაცნობია; როდესაც შეფასების კრიტერიუმები და საზომი ყოველთვის ლოკალურია და ერთ გეოგრაფიულ ერთეულს ემთხვევა. პროვინციული კულტურა საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ის გარე სამყაროსთან კავშირს ვერ ამყარებს ან შეგნებულად გაურბის ყველაფერ უცხოსა და უცნობს, რომელსაც მისი „სიწმინდის“ შელახვა შეეძლებოდა. ესაა საკუთარი თავის დაკონსერვება და ლამის პირველყოფილი შიში ყოველივე გაუგებრისა და არამარტივის მიმართ, ანუ რაც ამ ჩაკეტილი სივრცის შიგნით არ წარმოშობილა და, შესაბამისად, ლოკალურ, შემოსაზღვრულ გარემოში ამის გამოცდილება არ არსებობს.

პროვინციალიზმის ნიშანია პარანოიდული შიში, რომ ყველას ჩვენი შურს, ყველა რაღაცას გვეცილება, ჩვენი გადაგვარება და მოსპობა სურს, „ტრადიციებს გვილახავენ“, „იდენტობას გვართმევენ“ და ამიტომაც უნდა ჩავიკეტოთ და ფხიზლად ვიყოთ, რათა უცხონი არ შემოგვეპარონ და არ გაგვრყვნან. ამგვარი „შეთქმულების თეორიები“ სხვა პრობლემის სიმპტომებია: ყველანაირ ნაციონალიზმს საფუძვლად უდევს საკუთარი მნიშვნელოვნების ჰიპერტროფია, მისი გადამეტებული აღქმა, რის დროსაც ავტოეროტული თვითტკბობა კულტურული იდენტობის სახეს იძენს. ასეთი კულტურა უძლურია, საკუთარი თავის გარდა სხვისი ან თუნდაც საკუთარი თავის გარედან დანახვა, თვითრეფლექსია შეძლოს და ისე გაურბის სარკეში ჩახედვას, როგორც ვამპირი, რომელმაც საკუთარი გროტესკულობის ანარეკლი მაინც შეიძლება დაანახვოს.

„ჩვენთვის ეს ადრეა“, „ჩვენი საზოგადოება არაა ამისათვის მზად“, - ანუ რაღაც უკვე არსებობს, ჩასახულია და მას დაბადების უფლებას არ ვაძლევთ, აბორტს ვუკეთებთ იმას, რასაც მკვდარი კულტურის გამოცოცხლება შეუძლია. მეაბორტე-გინეკოლოგი თავად ქართული კულტურისა და საზოგადოების თვითაღიარებული პროვინციალიზმის ფუძემდებლური პრინციპი – „ჩვენი დონისთვისაა“. ყველა ის ინსტანცია და ბრძენის შარავანდედით შემოსილი მკვდარი თუ ცოცხალი ავტორიტეტი, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ და განსაზღვრავენ, რა არის მისაღები „ჩვენი დონისათვის“, მხოლოდ ინსტრუმენტებია ამ ანონიმური, მაგრამ ყოვლისშემძლე ცენზურის ხელში, რომელსაც საზოგადოებას აღელვებისგან და კულტურას „უბიწობის“ დაკარგვისგან იცავს.

ჩვენი დონე რომ მუდამ „ჩვენი დონისათვის“ დარჩეს და მის ლოკალურობასა და სიყალბეს საფრთხე არ დაემუქროს, ამაზე ძალაუფლების სტრუქტურებიც ზრუნავენ და იმ სივრცეს, რომელიც კულტურისათვისაა განკუთვნილი, სუროგატებით, პროპაგანდისტული ფსევდოკულტურითა და რელიგიური კიჩით ავსებენ. კულტურული სუროგატების მავნე, აგრესიული ბუნება კი ისაა, რომ ისინი ხშირად მათდამი მტრულად განწყობილ ავთენტურ და, ამავე დროს, არალოკალურ კულტურას კლავენ, აფიტულებენ და მათთვის კონტექსტების შეცვლით, ისევ საკუთარი თვითტკბობის ილუზიის სამსახურში აყენებენ. „ჩვენ გვყავდა დიდი შოთა“, „ჩვენ გვყავდა დიდი ვაჟა“ – ამგვარი არაფრისმთქმელი და აზრისაგან დაცლილი შეძახილების უკან, მომხვეჭელობისა და მიმთვისებლობის პარაზიტული ინსტინქტი დგას, როდესაც ადამიანები, რომელთა აზროვნება მხოლოდ „ჩვენი დონისათვისაა“ რელევანტური, სწორედ იმ პიროვნებებს ითვისებენ და ისაკუთრებენ, რომლებიც ამ ჩვენი დონის გარღვევას ცდილობდნენ და მას უჯანყდებოდნენ. ამ თვალსაზრისით, ყველაზე გამორჩეული მაგალითი მაინც ვაჟა-ფშაველაა, რომელიც ლოკალურ მასალას მთლიანად უნივერსალური შინაარსების შესაქმნელად იყენებდა და უნივერსალისტური, ზოგადადამიანური და ზოგადჰუმანური პოზიციიდან მამა-პაპათა ნაანდერძევის ჩაკეტილობას უპირისპირდებოდა, რომელმაც ქართულ ენაზე გაბედა ეთქვა – „ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა!“ - ქართულმა კულტურამ ის საკუთარი ლოკალურობისა და ჩაკეტილობის ენაზე თარგმნა და ის ხან საქართველოს ბუნების, ხან ქართული ტრადიციული ჰეროიზმისა თუ „კაცური კაცობის“ მოგალობედ გამოაცხადა.

კულტურის იდეოლოგიზაციამ თანამედროვე საქართველოში საბჭოთა ხანას გადაუსწრო: ქართული კულტურა არ ყოფილა საბჭოთა დროს ისე მანკიერად უფერული და პროვინციულად კარჩაკეტილი, როგორიც დღესაა. თუ საბჭოთა სისტემა ზემოდან იძულებით ათავსებდა კულტურას იდეოლოგიურ ჩარჩოებში, პოსტსაბჭოთა საქართველო ქვემოდან, საკუთარი ნებით იკეტავს თავს „ჩვენი დონისათვის“ თვითგანსაზღვრულ ნაჭუჭში, სადაც ყოველივე ახლის მკვდრადდაბადება გარანტირებულია.

თუ „გამოსავალზე“ შეიძლებოდა ფიქრი, პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ლოკალურობისა და „ჩვენი დონისათვის“ განკუთვნილობის ცნობიერებაზე უარის თქმით, მასთან რადიკალური გამიჯვნითაც კი უნდა გადაიდგას. თანამედროვე საქართველოს კულტურა არათუ მუზეუმი, არამედ მავზოლეუმია, რომლის ერთადერთი ფუნქციაც დაბალზამებული მკვდრების თაყვანისცემაა მათ წაუკითხავად და გაუაზრებლად. მთელი ქართული კულტურული სივრცე იმდენად მოწამლულია იდეოლოგიური ნაგვით, რომ მის გატანას და დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას ახალი გამომსახველობითი ენის შექმნა დასჭირდება. ამ ენით ლოკალური კონტექსტების, თვითგამოცხადებული და თვითაღიარებული პროვინციალიზმის დანგრევა უნდა მოხდეს. მან უნდა ატკინოს მკითხველსა თუ მნახველს. კულტურა იმდენადაა ცოცხალი, რამდენადაც მწვალებლური და პერვერსიულია ტრადიციონალიზმის პერსპექტივიდან. პერვერსიულობაში არანაირად არაა აუცილებელი, რომ მხოლოდ სექსუალური ფორმები დავინახოთ: პერვერსიულია ყველაფერი, რაც დომინანტ კულტურულ ფორმასა და ხაზს არღვევს, მისგან გადაიხრება, მას დასცინის, ემიჯნება და ახალ სივრცეებს პოულობს. ახალი და ფასეული, მიუჩვეველი თვალისა და ყურისათვის ყოველთვის შემაშინებელ მონსტრად ან გაუგებარ რებუსად გამოიყურება და ის მანამდეა ცოცხალი, სანამ თავის მწვალებლურ-პერვერსიულ ხასიათს არ დაკარგავს. კულტურა მაშინ კვდება და იწყებს ხრწნას, როდესაც ის მავზოლეუმებში დასვენდება და სადღეგრძელოებში მოსახსენიებელი ხდება და „ჩვენი დონისათვის“ საყოველთაოდ ხელმისაწვდომ და სამომხმარებლო პროდუქტად იქცევა.