ერლომ ახვლედიანის “კოღო ქალაქში”

დღეს წლევანდელი “საბას” კიდევ ერთ ლაურეატზე ვისაუბრებთ - ერლომ ახვლედიანის წიგნზე “კოღო ქალაქში”, ნაწარმოებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე იწერებოდა.

“ვანო და ნიკოს” შემდეგ რომ ერლომ ახვლედიანი დიდხანს მუშაობდა ამ წიგნზე, ბევრმა იცოდა. ცხადი იყო, რომ ეს წიგნი ავტორის უმნიშვნელოვანესი ნაშრომი უნდა ყოფილიყო და, აი, ეს “შეჯამება” წიგნადაც გამოვიდა, რომელმაც მაინც ვერ ამოწურა, ვერ მოიცვა ავტორი, არამედ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი უკმარისობის გრძნობა გააჩინა. ერლომ ახვლედიანის მეგობარმა და წიგნის წინასიტყვაობის ავტორმა, ზურაბ კიკნაძემ, ამაზე ასეთი რამ გვითხრა:

რაც ერლომს ვიცნობ, მას მუდამ უტრიალებს ერთი თემა თავში. მას ჰყავდა პერსონაჟი გიგოტ გოგიტელი, რომელიც არ იყო დაბადებული და მასზე იყო მონათხრობი, მაგრამ რადგანაც არ დაიბადა, ამიტომ ვერაფერს ვერ ამბობდა ავტორი...

“მე ის მენანება, რომ მარტო ეს კოღო გამოდგა მთელი სინთეზი მისი შემოქმედებისა. “ვანო და ნიკოც” შესანიშნავი ნაწარმოებია, ის იგავები უცნაური რაღაცაა, ისიც და ეს წიგნიც, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო ეს გვაქვს ხელთ მისი შემოქმედებიდან და მისი პიროვნება გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი ნაწარმოები. უფრო მეტია მასში. ჩვენ ვატყობთ, როდესაც ვკითხულობთ ამ წიგნს, უფრო მეტი საშუალებებია მასში დაცული, შენახული, ვიდრე გამომზეურებული. ყოველი შემოქმედის თვისებაა ეს და შეიძლება ტრაგიზმიც იყოს. ანუ იგი ბოლომდე არაა რეალიზებული.”

რეალიზების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ერლომ ახვლედიანის ადგილის განსაზღვრა ქართული სიტყვიერების ისტორიაში. ადგილის განსაზღვრაში არ ვგულისხმობ რაღაც ერთი კონკრეტული ადგილის მიჩენას და იქვე გამოკეტვას - მწერალი რაც უფრო მოუხელთებელი დარჩება, მით უკეთესია. უბრალოდ, კარგი იქნება, თუკი ხანდახან მაინც შევაფასებთ ხოლმე ასეთი უცნაური მწერლის შემოქმედებას. ვისაუბრებთ წინამორბედებზე, მემკვიდრეებზე, ჟანრის პრობლემაზე. მაგალითად, ზურაბ კიკნაძის აზრით:

“დასრულებულ ლიტერატურულ ნაწარმოებს ჩვენ ვერ ვიპოვით აქ. აქ შეიძლება იყოს რაღაც ფრაგმენტები კალმასობიდან, ხალხური გადმოცემებიდან, ანეკდოტებიდან. აი, ამაზეა აგებული ყველაფერი. ეს არ არის ლიტერატურული წარმოშობის მოვლენა. ეს არის მისი ყოველდღიური ცხოვრება, იმიტომ, რომ იგი ასე უყურებს სამყაროს. ყოველი ნაწარმოები, XX საუკუნეში ან XXI-ში შექმნილი, საიდანღაც მომდინარეობს, რაღაც ფესვები აქვს, რა ჟანრის და რა მიმართულებისაც უნდა იყოს. მაგრამ მე არ მინახავს ერლომ ახვლედიანის სხვა ნაშრომებზე რაიმე კრიტიკული ნაწერი, სადაც შეეცდებოდნენ გაერკვიათ მისი ადგილი ქართულ ლიტერატურაში. არადა, ადგილი არსებობს. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ წიგნზე “კოღო ქალაქში”, მშვენიერ წიგნზე, რომელიც “სიესტამ” გამოსცა და რომელიც იწერებოდა 60-იანი წლებიდან მოყოლებული, თუ უფრო ადრე არა. რაც ერლომს ვიცნობ, მას მუდამ უტრიალებს ერთი თემა თავში. მას ჰყავდა პერსონაჟი გიგოტ გოგიტელი, რომელიც არ იყო დაბადებული და მასზე იყო მონათხრობი, მაგრამ რადგანაც არ დაიბადა, ამიტომ ვერაფერს ვერ ამბობდა ავტორი. აქაც, ამ წიგნშიც, ცარიელი ფურცლის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. კალმის, რომელიც არ წერს, წერტილის, რომელიც გარბის...”

წერის შესახებ ერლომ ახვლედიანი ბევრს წერს, ხშირად ახსენებს სუფთა ფურცელს, დადის ბაზარში, სადაც სასვენ ნიშნებს, სიტყვებს, აბზაცებს, წინადადებებს ყიდულობს. თუკი სხვა მწერლები ყველაფერს თავის სახელს არქმევენ, ერლომ ახვლედიანი თავისი გულმავიწყობით ამაყობს და ამბობს, რომ ავიწყდება ყველაფერი, გარდა იმისა, რომ არსებობს. მაგრამ ხანდახან ისიც ავიწყდება, რომ არსებობს და მაშინ ყველაფერი დანარჩენი აგონდება: “მოკლედ, როცა არა ვარ, ყველაფერი მაგონდება, ხოლო როცა ვარ, არაფერი მახსოვს”. აქედან მომდინარეობს მისი ონტოლოგიური ჩხირკედელაობაც:

ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. მეგობრობის ფენომენი საერთოდ რა არის, მისგან გავიგე, შეიძლება ითქვას. სულ მუდამ უფრო მეტი უნდოდა დაენახა ჩემში, ვიდრე ვარ...

“აი, მაგალითად. მისი აზროვნების ნიმუში: “სად ვეძებო ის, რაც არ არის, რომ არ მქონდეს ის, რაც არის, რომ არ იყოს ის, რაც არის...” ანუ ეს სინამდვილე რომ არსებობს, ეს არის მისთვის ყველაზე ძნელი ამოსახსნელი და ყველაზე დიდი საოცრება. საოცრებაა ჯანმრთელობა, რადგან იგი არსებობს და ერლომს სუყველაფერზე შეუძლია ეს თქვას და შემდეგ განაზოგადოს, რომ რაც არსებობს, ის არის საოცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა და ეს, როგორც წესი, მიფუჩეჩებულია ხოლმე, ანუ არსებობის ონტოლოგია, და იგი ამას უჩხირკედელავებს.”

წერის თავისებურებებიც ალბათ აქედან მომდინარეობს. იგი თხრობისას ბევრ რამეში არაა დარწმუნებული, არ იცის ოთახში 5 ადამიანია თუ 6 და ამაზე შემდეგ რამდენიმე გვერდის მანძილზე შეუძლია ისაუბროს. ენა, რა თქმა უნდა, სტერილურია, ძალიან ხშირია გამეორებები, ნათქვამთან დაბრუნება, თუმცა შიგადადაშიგ ძალიან საინტერესო ენობრივ გამოგონებებსაც ვხვდებით. ყველაზე მეტად მთხრობელს საგნები იზიდავს, წიგნში ძალიან ბევრი უფუნქციო ნივთია ჩამოთვლილი, რომელიც ამკობს მთხრობელის თუ პერსონაჟების ოთახებს. მართალია, ეს ნივთები ხანდახან ოცნებობენ, მაგრამ ისინი მაინც მკვდარ ნივთებად რჩებიან, თუმცა მკვდარ ნივთებს შორის ცოცხალი არსებებიც გამოერევიან, მაგალითად, მწერები. ასეთი ცოცხალი არსებაა ამ რომანის მთავარი გმირიც, კოღო, რომელიც კოლხეთის დაბლობიდანაა წარმოშობით და, როგორც ყველა ჭეშმარიტ კოლხს, მასაც ლურჯი თვალები აქვს. წიგნის მოკლე რეზიუმეს თავად წიგნშივე ვხვდებით: “ხუთწუთიანი ქვიშის საათი გადავაბრუნე და დაიწყო ამბავი ლურჯთვალა კოღოსი, დაკარგული ჯიმშერის, მეცხრეკლასელი ლიასი, გრაფომანი მწერლისა, ლიას ძმა გიასი, მანანასი, ნიავის, მალარიის, ცისა და მიწის, ჩიხის, გისოსიანი სარკმლისა და ყველა იმათი, ვინც არის ამ ამბავში და ვინც არ არის...”.

ზემოთ ითქვა, რომ “კოღო” 60-იანი წლებიდან მოყოლებული იწერებოდა და დროის კვალი საკმაოდ ჩანს ნაწარმოებში: ქუჩები, ტროლეიბუსები, კინოთეატრები, ოთახები... მკითხველს, ვისაც ნანახი აქვს, აუცილებლად გაახსენდება ერლომ ახვლედიანისვე სცენარით გადაღებული ოთარ იოსელიანის ერთ-ერთი პირველი ფილმი - “აპრილი”. ზურაბ კიკნაძემაც სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა ჩემთან საუბრისას, როდესაც ერლომ ახვლედიანთან გაცნობის ამბავზე ჩამოვარდა სიტყვა:

ზურაბ კიკნაძე

“ბევრი მეგობრის გაცნობის მომენტი არ მახსოვს. ვამბობთ ხოლმე, რომ როდესაც ძალიან დიდი მეგობრობაა, გაცნობა რაღაც უხსოვარ დროშია. მაგრამ ერლომის გაცნობა კარგად მახსოვს. ძალიან კარგად მახსოვს ის სიტყვები, რაც მითხრა. რა ადგილას ვიდექით. ვარაზის ხევისა და მელიქიშვილის კუთხეში, მარცხენა მხარეს, უნივერსიტეტის გადასწვრივ. სახელზე ვკითხე. სახელზე მითხრა, რატომ დაარქვეს ერლომი. დიდი სათვალე ეკეთა, +13, ამაზეც იყო ლაპარაკი. მერე დავმეგობრდით, სახლში დავდიოდი ხოლმე. პატარა აბაჟური იდგა, ცისფერი თუ მომწვანო... დავაკაკუნებდი, გამოვიდოდა... ცალკე ოთახი ჰქონდა. ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. მეგობრობის ფენომენი საერთოდ რა არის, მისგან გავიგე, შეიძლება ითქვას. სულ მუდამ უფრო მეტი უნდოდა დაენახა ჩემში, ვიდრე ვარ. ეს გამხნევების მომენტი ჰქონდა და სულ რაღაცა უკვირდა - როგორ, რანაირად ხდება ეს?”

წიგნში ერთი უცნაური ეპიზოდია, სადაც მთხრობელი სიგარეტის მოწევაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოწევისას, როდესაც კვამლს ვუშვებთ, აშკარად ჩანს, რომ ვსუნთქავთ, და დასძენს: “სხვაგვარად შეიძლება არც დაგიჯერონ, ცოცხალი ხარ თუ არა”. ვინ იცის, იქნებ მწერლობაც ასეთი კვამლის გამოშვებაა?

Your browser doesn’t support HTML5

ერლომ ახვლედიანის “კოღო ქალაქში”