ჯიოევას გამარჯვება ბიბილოვმა არ აღიარა და სასამართლოს მიმართა

ალა ჯიოევა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები დღეს დილით გამოაქვეყნა. 85 საარჩევნო უბნიდან 74 უბანი უკვე დათვლილია. ალა ჯიოევა თავის კონკურენტს დაახლოებით 5 ათასი ხმით უსწრებს.

კომისიის თავმჯდომარის ბელა პლიევას მიერ წინასწარი მონაცემების გამოცხადებამდე ადგილობრივი ტელევიზიით თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის აცამაზ ბიჩინოვის განცხადება გავრცელდა. მან კომისიას წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისგან თავის შეკავება ურჩია, რადგან სასამართლოში დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის მიერ შეტანილია საჩივარი, სადაც საუბარია ჯიოევას შტაბის წარმომადგენლების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვაზე, საარჩევნო უბნებში უკანონო აგიტაციასა და სხვა დარღვევებზე. მოსამართლის განცხადებით, სასამართლო ამ საჩივარს დაუყოვნებლივ განიხილავს და კანონის ფარგლებში გამოიტანს გადაწყვეტილებას. ამ მითითების მიუხედავად, კომისიამ წინასწარი შედეგები მაინც გამოაცხადა, ბელა პლიევამ კი აღნიშნა, რომ კომისიაში დარღვევების შესახებ განცხადებები არ შესულა და ამის შესახებ მოსამართლისგან ტელევიზიით შეიტყო.

ანატოლი ბიბილოვი

ვითარება ცხინვალში გუშინ საღამოს დაიძაბა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მთავრობის სახლთან და საარჩევნო კომისიასთან შეიარაღებული პირები და მძიმე ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. მათ ცენტრალურ მოედანს ბლოკირება გაუკეთეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი კანდიდატი საკუთარი მომხრეების გამოყვანას და ქალაქში არეულობის მოწყობას გეგმავდა. გუშინ საღამოს ცხინვალელები ქუჩაში არ გამოჩენილან. კანდიდატების შტაბებმა კი მათ ხელთ არსებული მონაცემების გამოქვეყნება დაიწყეს. ორივე მათგანი საკუთარ გამარჯვებაზე იუწყებოდა, კომისია კი წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას აჭიანურებდა. საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ ჯიოევა დიდი უპირატესობით იგებდა არჩევნებს.

ბიბილოვის შტაბში მისულმა ოსმა და რუსმა ჟურნალისტებმაც ნახეს, რომ იგი გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყო, რადგან უბნებიდან მისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია მისდიოდა. ბიბილოვს წუხელ არაფერი უთქვამს სარჩელსა და სერიოზულ დარღვევებზე. მაგრამ კრემლის ფავორიტი დამარცხებას ბოლომდე არ ურიგდება. წუხელ ჯიოევას შტაბის წარმომადგენელმა ელინა მარზოევამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ხელთ აქვთ ყველა საარჩევნო უბნის ოქმი და მათთვის გამარჯვების წართმევა შეუძლებელი იქნება.

ალა ჯიოევამ რუსეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა და სთხოვა, არ დაუშვან დესტაბილიზაცია სამხრეთ ოსეთში. ჯიოევამ ბიბილოვს მამაცობისა და საკუთარი დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდა, ბიბილოვი კი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არაზუსტს უწოდებს და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება. ის ამბობს, რომ მას სხვა შედეგები აქვს, კომისიის წევრებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ. ბიბილოვი მზადაა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს, თუნდაც ის მისთვის სასარგებლო არ აღმოჩნდეს.

ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში სასამართლო არ არსებობს და ბიჩენოვის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კრემლიდან და კოკოითის კაბინეტიდან იქნება ნაკარნახევი. მაყაევის აზრით, სამხრეთ ოსეთში ახალი დიქტატორის დასმა უნდათ, მაგრამ ეს დიქტატორიც, კრემლიც და კოკოითიც უკვე დამარცხებულია.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნები საქართველოს ხელისუფლებამაც შეაფასა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ის, რაც ოკუპირებულ რეგიონში ჩატარდა, არჩევნები არ არის.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბიბილოვის სარჩელს დააკმაყოფილებს და ჯიოევას არჩევნებიდან მოხსნის? ამ შემთხვევაში, თვითაღიარებული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნების შედეგები გაუქმებულად გამოცხადდება და ახალი არჩევნები დაინიშნება, რომელშიც ჯიოევა და ბიბილოვი მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.