ბაქოში ანტიისლამური შეხედულებებით ცნობილ მწერალს დაესხნენ თავს

რაფიკ თაღი

აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ცნობილ მწერალ და პუბლიცისტ რაფიკ თაღიზე თავდასხმის ფაქტის ირგვლივ. თავდასხმა მოხდა 19 ნოემბერს ბაქოში. მწერალი კვლავ საავადმყოფოშია მოთავსებული. ჯერჯერობით თავდასხმის გარემოებები ცნობილი არ არის, თუმცა ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს ფაქტი, შესაძლოა, მწერლის საქმიანობას და მის ანტიისლამურ და ანტინაციონალისტურ შეხედულებებს უკავშირდებოდეს.

ექიმების ინფორმაციით, რაფიკ თაღის კისრისა და ზურგის არეში ექვსი ჭრილობა აქვს დანით მიყენებული. ის 19 ნოემბერს, გვიან საღამოს, შინ ბრუნდებოდა, როცა თავს დაესხნენ და დაჭრეს. თაღის ოთხი საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია. მას ორი ნეკნი აქვს გატეხილი, დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები. თუმცა, ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ის გადაარჩინა წიგნმა, რომელიც ხელში ეჭირა და თავდასხმისას მკერდზე მიიჭირა. დანამ წიგნი გაჭრა, თუმცა გულამდე ვერ მიაღწია. ორშაბათს ის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.
რაფიკ თაღი ერთ-ერთი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალია. ის ძირითადად მოთხრობებს და ლექსებს წერს. ცნობილი გახდა გასული საუკუნის 1990-იან წლებში...

თავდასხმის ფაქტის ირგვლივ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით დეტალები და გარემოებები ცნობილი არ არის, თუმცა ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ თავდასხმა, შესაძლოა, თაღის საქმიანობას უკავშირდებოდეს. მწერალი და პუბლიცისტი დიდი ხანია ცნობილია კრიტიკული დამოკიდებულებით ისლამისა და ნაციონალისტური შოვინიზმის მიმართ.

„რაფიკ თაღი ერთ-ერთი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალია. ის ძირითადად მოთხრობებს და ლექსებს წერს. ცნობილი გახდა გასული საუკუნის 1990-იან წლებში, როცა აზერბაიჯანში პირველად გამოიცა მისი ლექსები. მაშინ მოსკოვში მუშაობდა, სასწრაფო დახმარებაში. ის პროფესიით ექიმია და დღესაც სასწრაფო დახმარების სამსახურში მუშაობს. თუმცა მის მოთხრობებს უკვე მაშინ მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ ბეჭდავდნენ აზერბაიჯანში“, - ამბობს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტი როვშან გამბაროვი და განაგრძობს: „ის ყოველთვის ეხებოდა ისეთ თემებს, რომლებსაც საზოგადოების ნაწილი მწვავედ აღიქვამდა. ძირითადად წერდა ნაციონალურ თემებზე - აკრიტიკებდა თავის ხალხს, თავის ისტორიას. ასევე აკრიტიკებდა ისლამს და ისლამურ ღირებულებებს.“

განსაკუთრებით დიდი რეზონანსი და სკანდალი მოჰყვა რაფიკ თაღის მიერ 2006 წელს დაწერილ სტატიას, სახელწოდებით „ევროპა და ჩვენ“. თავად თაღი და იმ გამოცემის მთავარი რედაქტორი, რომელშიც წერილი დაიბეჭდა, რელიგიური შუღლის გაღვივების ბრალდებით გაასამართლეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა პრეზიდენტის შეწყალებით ორივე მალევე გაათავისუფლეს. ამავე წერილის გამო ირანელმა სასულიერო პირმა, დიდმა აიათოლა ფაზელ ლანკარანიმ, თაღის მოსაკლავად ფატვა გამოაცხადა.
ჩემი ვერსიით, თავდასხმა ჩემს სტატიებს უკავშირდება. აიათოლებს ფატვა აქვთ გაცემული ჩემს მოკვლაზე. მით უფრო, რომ რელიგიის შესახებ წერას ვაგრძელებდი...

როვშან გამბაროვი იმ სკანდალური წერილის შინაარსს ასე აჯამებს:

„2006 წელს დაწერა სტატია, სათაურით "ევროპა და ჩვენ", სადაც ისლამი რადიკალიზმის გამო გააკრიტიკა. ამ ტექსტში ისლამს ქრისტიანობას ადარებდა და აცხადებდა, რომ ქრისტიანობა ასეთ რადიკალურ მიდგომებს არ შეიცავს. რადიკალური ისლამისტები კი მთელ მსოფლიოში დგამენ ნაბიჯებს - ისლამს არ შეუძლია ყველაფრის ჰუმანურად აღქმაო. ის ისლამისტებს კი არა, საკუთრივ ისლამს აკრიტიკებდა - ისლამის ღირებულებებს. ამავე სტატიაში ასევე აკრიტიკებდა წინასწარმეტყველ მუჰამედს.“

რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაყვანილმა თაღიმ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს მისცა ინტერვიუ, რომელშიც აცხადებს, რომ თავად ის თავდასხმას მისი საქმიანობით მოტივირებულად მიიჩნევს და იხსენებს ერთ-ერთ ბოლო წერილს, რომელშიც ირანის თეოკრატიული სისტემის კრიტიკით გამოვიდა. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან:

„ჩემი ვერსიით, თავდასხმა ჩემს სტატიებს უკავშირდება. აიათოლებს ფატვა აქვთ გაცემული ჩემს მოკვლაზე. მით უფრო, რომ რელიგიის შესახებ წერას ვაგრძელებდი. ჩემი ერთ-ერთი ახალი წერილი - „ირანი და გლობალიზაციის გარდაუვალობა“ - რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულმა სამსახურმა და სხვა გამოცემებმაც გამოაქვეყნეს. ვთვლი, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო. რადიკალი მორწმუნეები, ირანის სადაზვერვი სამსახურის ზოგიერთი წევრი... ეს თავდასხმა არ მომხდარა ძარცვის მიზნით.“

აზერბაიჯანი სეკულარული ქვეყანაა. მისი ავტორიტარული მთავრობა აცხადებს, რომ ისლამისტი ექსტრემისტებისგან ქვეყნის დასაცავად მკაცრი პოლიტიკის გატარებაა აუცილებელი. აზერბაიჯანის საზოგადოებაშიც - განსაკუთრებით დედაქალაქში - გაძლიერებული ისლამი მოდერნიზებული და ევროპასთან დაახლოებული აზერბაიჯანის იმიჯის საწინააღმდეგო სურათად აღიქმება. თუმცა გვხვდება რადიკალური შეხედულებებიც.
ყველა რელიგიური დღესასწაული დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნება. ხალხი უბრუნდება ღირებულებებს, რომლებიც მას საბჭოთა სახელმწიფომ წაართვა...

2010 წლის ბოლოს სკოლებში ისლამური თავსაფრების აკრძალვას საპროტესტო აქციები მოჰყვა. მთავრობამ აქციის ორგანიზატორები და აქტივისტები დააპატიმრა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას ზოგიერთი კრიტიკოსი იმაშიც ადანაშაულებს, რომ ისლამიზმის ბრალდებას ის პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის იარაღად იყენებს. გარდა ამისა, პოლიტიკის ანალიტიკოსების აზრით, რელიგიის სფეროში სიმკაცრის გამოჩენა და შეზღუდვების დაწესება ემსახურება მთავრობის სურვილს შეამციროს მეზობელი ირანის გავლენა აზერბაიჯანის საქმეებზე.

ასეა თუ ისე, როგორც როვშან გამბაროვი ამბობს, ავტორიტარული მთავრობის ზეწოლის ქვეშ რადიკალური შეხედულებები განაგრძობს არსებობას, თუმცა ის არ არის დომინანტური განწყობის და გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის ნაწილი:

„უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საზოგადოებამ დაიწყო ისლამთან დაბრუნება. ყველა რელიგიური დღესასწაული დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნება. ხალხი უბრუნდება ღირებულებებს, რომლებიც მას საბჭოთა სახელმწიფომ წაართვა. სწორედ ამ კონტექსტში დაიწყო გაღვივება პოლიტიკურმა ისლამმაც - პირებმა, რომლებსაც სურთ რელიგიის მეშვეობით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ასეთი რადიკალური განწყობები არსებობს საზოგადოებაში, თუმცა ეს ძალები და პოლიტიკური პარტიები ისეთი ძლიერები არ არიან, რომ საზოგადოებრივ აზრზე ახდენდნენ გავლენას. მაგრამ სუსტებსაც ვერ ვუწოდებთ. არ არსებობს ნიადაგი, რომელზეც ისინი თავისი პოლიტიკის დაფუძნებას შეძლებდნენ, ვინაიდან ისინი სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი კონტროლის ქვეშ არიან.“