მთავრობის ახალი ინიციატივა – პენსიების ზრდა და სადაზღვევო პაკეტი

პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების შეხვედრა ბათუმში

მიმდინარე კვირაში საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი სოციალური ინიციატივა გამოაცხადა: მომავალი წლის სექტემბრიდან 67 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის პენსია 140 ლარი გახდება, ხოლო 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს ყველა პენსიონერი მიიღებს. ეს ინიციატივა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას დაუკავშირდა და მასში უკვე აისახა პენსიების გაზრდისთვის საჭირო ხარჯები.
საზოგადოებას ვთავაზობთ შემოვიტანოთ სადაზღვევო პაკეტი, რომელიც გათვლილი იქნება ყველა პენსიონერზე...

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ითქვა, რომ ის პენსიების ზრდას ითვალისწინებს, თუმცა არავის დაუკონკრეტებია რა მოცულობის ზრდა განხორციელდებოდა. მთავრობამ უფრო მეტი სიცხადე საფინანსო გეგმის პროექტში მიმდინარე კვირაში შეიტანა. 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტთან პრემიერ–მინისტრის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პენსიების 140 ლარამდე გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

2012 წლის სექტემბრიდან პენსია გაიზრდება 10 ლარით, ამას დაემატება 15-ლარიანი სადაზღვევო პაკეტი, რომელსაც მიიღებს ყველა პენსიონერი, ხოლო 67 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის გათვალისწინებულია პენსიის კიდევ 15 ლარით გაზრდა და ის 140 ლარს მიაღწევს.

მთავრობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პენსიებზე სადაზღვევო პაკეტის დამატების მიზეზები განმარტა:

„ჩემ გარშემო ადამიანებს - რამდენიმე ჩემს ნათესავს, ახლობელს, მეგობარს - პატარა რაღაც რომ წამოსტკივდებოდათ, დაზღვევა რომ არ იყო, 17-20-30 ათას ლარზე ადიოდა საავადმყოფოს ხარჯები. შეიძლება არსებობს ისეთი ოჯახები, რომლებსაც ამის გაძლება შეუძლიათ, მაგრამ უმეტესობას მაინც არ შეუძლია. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, ვთხოვე დედაჩემს, მოდი, დაეზღვიე მაინც-თქო, მაგრამ ვერ დაეზღვია..."

ნიკა გილაური


"ეს არა მარტო საქართველოში, ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს. აი, ამ ასაკის ადამიანებისთვის ძალიან რთულია საერთოდ დაზღვევის პოვნა. ამიტომაც საზოგადოებას ვთავაზობთ შემოვიტანოთ სადაზღვევო პაკეტი, რომელიც გათვლილი იქნება ყველა პენსიონერზე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისივე განმარტებით, პენსიების ზრდისა და სადაზღვევო პაკეტისთვის უკვე მოძიებულია თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში. ამ ინიციატივის განხირციელებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 70 მილიონი ლარი დაიხარჯება. პენსიონრებისთვის განკუთვნილი დაზღვევის დეტალებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური განმარტავს:

„ულიმიტო გადაუდებელი ოპერაციები, 20-პროცენტიანი თანადაფინანსებით, ნებისმიერი გეგმიური ოპერაცია 15 000 ლარის ფარგლებში, ასევე 20-პროცენტიანი თანადაფინანსებით, და ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე 20-პროცენტიანი თანადაფინანსებით - ეს ოპერაციები და პროცედურები საზოგადოებას საკმაოდ დიდი თანხა უჯდება; ასევე გათვალისწინებულია უფასო კონსულტაცია ექიმთან და წამლების თანადაფინანსება. დღესდღეობით, ჩვენი პენსიონერების ხარჯის ყველაზე დიდი ნაწილი წამლებზე მოდის. ამიტომ, დაზღვევის ფარგლებში, ლიმიტი 200 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფო მათი ღირებულების 50 პროცენტს დაფარავს. დაბოლოს, ამ სადაზღვევო პაკეტში ასევე შევა შარდისა და სისხლის უფასო ანალიზები. ეს არის ძირითადი, საბაზისო პაკეტი, რომელიც პენსიონერებს 2012 წლის 1 სექტემბრიდან დაურიგდება.“
ეს ყველაფერი ერთ პაკეტშია მოქცეული და ამით მთავრობა, ალბათ, ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს...

მთავრობის ახალი ინიციატივით კმაყოფილებას გამოთქვამენ პენსიონრები და პენსიების კიდევ უფრო მეტად გაზრდას მოითხოვენ. მათგან განსხვავებით, 2012 წლის სექტემბრიდან პენსიების გაზრდისა და მასზე სადაზღვევო პაკეტის დამატების გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარად აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გაზეთ „ბიზნეს რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ზვიად შვანგირაძემ განაცხადა, რომ ახალი ინიციატივა პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება:

„ეს ყველაფერი ერთ პაკეტშია მოქცეული და ამით მთავრობა, ალბათ, ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. მთავრობა აპირებს სადაზღვევოს კუთხითაც სიტუაციის გაუმჯობესებას, რომ ოპონენტებს არ ჰქონდეთ ამ საკითხთან კონკრეტული შენიშვნები. პენსიაც, თუნდაც 67 წლის ადამიანებისათვის, მიუახლოვდება 100 დოლარს. სადღაც 800-900 მილიონამდე, თითქმის მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეს მთლიანი მომსახურება, რასაც სახელმწიფო პენსიებით მომსახურების კუთხით გასცემს. მილიარდი ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტის 1/7 ნაწილი, ეს არის დაახლოებით 15% და როდესაც ამხელა ტვირთი მოდის პენსიებზე, ეს, რა თქმა უნდა, ძვირი უჯდება სახელმწიფოს.“

ზვიად შვანგირაძე იმ რისკზე მიუთითებს, რომელიც თან ახლავს სახელმწიფოს მიერ დამატებითი სოციალური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებას. ასეთი ვალდებულებების მოცულობამ გარკვეულწილად განაპირობა ის კრიზისი, რომელიც ევროპის ქვეყნებში შეიმჩნევა. ზვიად შვანგირაძე საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს. სხვაგვარად ფიქრობს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი. მისი აზრით, საქართველოს საპენსიო სისტემა ნაკლები რისკების შემცველია:
ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით ერთი და იმავე შიდა პროდუქტის პროცენტს სოციალურ ხარჯებზე ბოლო წლების განმავლობაში. ეს არ უქმნის ჩვენს ეკონომიკას და ბიუჯეტს კატასტროფულ მდგომარეობას...

„ჩვენ გვაქვს ყველაზე მდგრადი და ნაკლებრისკიანი სისტემა. რომ შევხედოთ ევროპის ეკონომიკურ მდგომარეობას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი ამ კრიზისის არის მათი სოციალური ვალდებულებები. მე კი ძალიან მიხარია, რომ ჩვენ მსგავსი სოციალური მდგომარეობა არ შევქმენით და ძალიან ჯანმრთელი მდგომარეობა გვაქვს ფინანსურად. ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით ერთი და იმავე შიდა პროდუქტის პროცენტს სოციალურ ხარჯებზე ბოლო წლების განმავლობაში. ეს არ უქმნის ჩვენს ეკონომიკას და ბიუჯეტს კატასტროფულ მდგომარეობას. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს არანაირი საპენსიო რეფორმა არ ესაჭიროება.“

თუმცა სისტემა ნაკლებრისკიანია, მაგრამ საქართველოში პენსიის მოცულობა ერთ-ერთი დაბალი რჩება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის.

ამჟამად საქართველოში 670 000 პენსიონერია და მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვიდედი იხარჯება. წლების მანძილზე პენსიების მატება ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად მიმდინარეობს. ამჯერად 2012 წლის 300 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტიდან პენსიების მატებისთვის 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2013 წელს კი პენსიების მატებას, სავარაუდოდ, 200 მილიონი ლარი მოხმარდება. მთავრობის ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის დასასრულისთვის პენსია 100 ამერიკული დოლარი გახდეს.