ოპოზიციის მთავარი არგუმენტი - ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა

საპარლამენტო ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. საპარლამენტო ოპოზიციის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენილი ხელმეორედ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტი გაუმჭვირვალე და სოციალურად უთანასწოროა; ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიუხედავად, დაფინანსება უთანაბროა.
გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა დღეს მზარდია და დინამიკური, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2012 წლის სექტემბრიდან გაიზარდოს პენსიები...

ყველაზე დიდი კრიტიკა ბიუჯეტის პროექტმა სოციალური სფეროს დაფინანსების გამო მიიღო. რა არგუმენტებს აგებებს ხელისუფლება ოპოზიციას და როგორია 2012 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები?

2012 წლის ბიუჯეტის მთავრობის მიერ გადამუშავებული პროექტის მიხედვით, შემოსავლები 6.607 მილიარდი ლარით, ხოლო ხარჯები – 6.181 მილიარდი ლარით განისაზღვრა. წლევანდელი წელი, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, 6%-იანი ეკონომიკური ზრდით და 7%-იანი ინფლაციით დასრულდება, მომავალ წელს კი ინფლაციის მაჩვენებელი 6%-ია ნავარაუდევი, ხოლო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - 5%. ანუ 2012 წელს ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1%-ით შემცირდება.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, წელს მთავარი სიახლე საპენსიო პაკეტის წარმოდგენაა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 70 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. ამ გეგმის მიხედვით, პენსიონერების ნაწილს, კერძოდ, 67 წლის ასაკის ზევით მყოფ პენსიონერს, 1 სექტემბრიდან პენსია 100 ლარიდან 25 ლარით გაეზრდებათ; ამასთან, ყველა პენსიონერი მიიღებს 15-ლარიან სადაზღვევო ვაუჩერს. თუმცა პენსიონერები მას ხელზე არ აიღებენ. ჟურნალისტებთან საუბარში ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ აღნიშნა, რომ ასე ამ 15 ლარის მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღალი იქნება.

დიმიტრი გვინდაძე


”გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა დღეს მზარდია და დინამიკური, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2012 წლის სექტემბრიდან გაიზარდოს პენსიები. რეალურად საუბარია 67 წელს ზემოთ ასაკით პენსიონერებზე და პირველი ჯგუფის ინვალიდებზე, რომელთა პენსიებიც გაიზრდება 140 ლარამდე. ამ თანხიდან 15 ლარი მიემატება სამედიცინო დაზღვევაზე, რაც არის ძალიან კარგი პაკეტი და მინდა გითხრათ, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ 15 ლარისა იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ხელზე რომ მიგვეცა ეს თანხა პენსიონერებისათვის. გარდა ამისა, სამედიცინო დაზღვევა გამოიყოფა ყველა ასაკით პენსიონერზე - ქალებზე 60, ხოლო მამაკაცებზე 65 წელს ზემოთ და ბავშვებზე 0-დან 5 წლამდე. ჩემი აზრით, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ 2012 წლის ბიუჯეტის განხილვათან დაკავშირებით 11 ნოემბერს პარლამენტში.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეტენზიები გამოთქვეს იმის გამო, რომ ყველა პენსიონერს არ გაეზრდება პენსია, რაც, მათი თქმით, დისკრიმინაციულია. მათ ასევე ეჭვი გამოთქვეს, რომ ხელისუფლება პენსიებს 1 სექტემბრიდან იმის გამო ზრდის, რომ ეს თარიღი ახლოსაა 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან. ოპოზიციის ამ მოსაზრებას დემაგოგიად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა, მათ შორის პავლე კუბლაშვილიც:
ნუ ეცდებით რაღაცების მიბმას საარჩევნო დინამიკასთან და ამასთან არანაირი არჩევნები კავშირში არ არის...

”ამ ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი იხარჯება სწორედ სოციალურ და საპენსიო უზრუნველყოფაზე და ეს არის მთელი საბიუჯეტო ხარჯის 30% და ამას ყველამ გავუსწოროთ თვალი, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ნუ ეცდებით რაღაცების მიბმას საარჩევნო დინამიკასთან და ამასთან არანაირი არჩევნები კავშირში არ არის.”

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ფისკალური შესაძლებლობითაა განპირობებული და არ უკავშირდება პოლიტიკურ მოტივაციას.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკეს მისი გაუმჭვირვალობის გამოც. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პროგრამული სახით არის წარმოდგენილი, მასში მწირი ინფორმაციაა მოცემული ხარჯების თაობაზე, რაც წინა წლების ბიუჯეტებში გაცილებით უფრო დეტალურად იყო გაწერილი. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, დეპუტატ გურამ ჩახვაძის თქმით, ბიუჯეტი თითქოს პროგრამულია, ანუ ყველა ის თანხა, რაც ბიუჯეტიდან გადის, უნდა იძლეოდეს შედეგს და ეს შედეგი არა მარტო სიტყვიერად, არამედ ციფრობრივად უნდა ფასდებოდეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბიუჯეტში ჩადებული პროგრამების შედეგის გაზომვა შეუძლებელია:
ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც გამსხვილებულია, უფრო ცუდია გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ვიდრე ეს 2011 წელს იყო, ჩვენ არ ვიცით ეს თანხები რა მიმართულებით მიდის...

”მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც გამსხვილებულია, უფრო ცუდია გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ვიდრე ეს 2011 წელს იყო, ჩვენ არ ვიცით ეს თანხები რა მიმართულებით მიდის, რამდენ ავადმყოფს მოემსახურება, შედეგი რა გვექნება... ყველა მიმართულებით ეს პრობლემაა, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, თავდაცვა, თუ სხვა სფეროები, რომლებიც სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია.”

აქვე ვთქვათ, რომ მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, 2011 წელთან შედარებით, 15 მილიონი ლარით ეზრდება. 2011 წლისთვის ამ უწყების დაფინანსება 660 მილიონ ლარს შეადგენდა. დაფინანსება გაეზრდებათ სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს, ასევე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. შემცირდება ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გასაცემი ტრანსფერის რაოდენობა.

პროცედურის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტი, უკვე მესამედ, ფინანსთა მინისტრმა პარლამენტს ნოემბრის ბოლომდე უნდა წარუდგინოს. პარლამენტი მას, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მას ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაუჭერენ მხარს.