”დაიკავე საქართველო”: მსოფლიო საპროტესტი კამპანიის ქართული გამოძახილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში წამოწყებული საპროტესტო კამპანია, სახელწოდებით ”დაიკავე უოლ სტრიტი”, რომელიც შემდეგ სხვადასხვაგვარი ლოზუნგებით მთელ მსოფლიოს მოედო, 11 ნოემბერს თბილისშიც გაგრძელდა. რუსთაველის ძეგლთან ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატების მიერ გამართული აქციის მთავარი გზავნილი იყო ”დაიკავე საქართველო”. ”სოციალ-დემოკრატებს” არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება ”ჩვენ 99% ვართ” შეუერთდა. მათ ერთობლივად მოუწოდეს ხალხს პროტესტი გამოხატონ იმ ერთი პროცენტის წინააღმდეგ, ვის ხელშიც მთელი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლებაა მოქცეული.

ამ ფონზე მიმდინარეობდა რუსთაველის ძეგლთან ”სოციალ-დემოკრატიული” პარტიის მიერ ორგანიზებულია აქცია ”დაიკავე საქართველო” - მათივე თქმით, ნაწილი იმ მსოფლიო მოძრაობისა, რომელიც სოციალური, ფინანსური უთანასწორობისა და კორპორაციების სიხარბის მიმართ პროტესტს გამოთქვამს. ჯერ ნიუ-იორკში, უოლ სტრიტზე, და შემდეგ მსოფლიოს 80 ქვეყანაში გამართული გამოსვლებისგან განსხვავებით, თბილისში გამართულ აქციაზე 50 ადამიანიც ვერ შეგროვდა. თუმცა აქციის ორგანიზატორები ხალხს სწორედ მეტი აქტიურობისა და პოლიტიკაში ჩართვისკენ, მასში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდნენ:

”მსოფლიო რესურსების, მსოფლიო კაპიტალის უდიდესი ნაწილი ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული და გლობალური მოძრაობაც, ”99% ერთის წინააღმდეგ”, რომელიც დღეს მიდის მსოფლიოში ამის წინააღმდეგაა მიმართული. ეს უთანასწორო, უსამართლო მსოფლიოა და ჩვენ ვუერთდებით მის გამოსასწორებლად დაწყებულ ბრძოლას. საქართველოში ანალოგიური ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. ადამიანების უდიდეს ნაწილს პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, ისინი გამოთიშულები არიან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას. შესაბამისად, რაც უნდა ბევრი დემოკრატული ინსტიტუტი არსებობდეს ქვეყანაში, თავად დემოკრატია რეალურად არ არსებობს. და მეორე - ქონების დიდი ნაწილი, კაპიტალის დიდი ნაწილი დღეს საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც ასევე მცირე ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული. ეს რომ შეიცვალოს, ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკა მათი საქმეა და არა სპეციალურად პოლიტიკისთვის დაბადებული განსაკუთრებული ადამიანების”, - ამბობს ახალგაზრდა ”სოციალ-დემოკრატი” გელა ბანძელაძე.

ლოზუნგებზე ვკითხულობთ:

”აჩრდილი დადის”, ”დაიკავე ყველა ქუჩა”, ”სხვა მსოფლიო - სხვა საქართველო”, ”ჩვენ 99% ვართ”, ”დაიკავე საქართველო“. აქციის ზოგიერთ მონაწილეს ნიღაბი უკეთია, ზოგს სახე შეღებილი აქვს. მათგან ერთ-ერთს, მათე გაბიცინაშვილს, ვეკითხებით, რას გამოხატავს ამ ფორმით:

”ეს არის ანონიმური სახე იმ ადამიანისა, ვინც თავის დროზე ”დაიკავე უოლ სტრიტის” მოძრაობა წამოიწყო. ჩვენც გამოვხატავთ საერთო აზრს, რომ მოსახლეობა საერთოდ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული და მოვითხოვთ ჩვენი უფლების დაცვას - მივიღოთ მონაწილეობა და, რაც მთავარია, გადაწყვეტილება პოლიტიკის შექმნაში სხვადასხვა სფეროში და არ წყვეტდნენ ყველაფერს ერთეულები, ვის ხელშიცაა მთელი ძალაუფლება.”

კიდევ ერთი ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი, ბექა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ პროტესტს სოციალური უსამართლობის, ანტიდემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ უნდა გამოხატავდეს მთელი საზოგადოება - ამიტომაც არჩიეს მათ მთავარ ლოზუნგად არა დაიკავე ერთი რომელიმე ქუჩა, არამედ, მთელი საქართველო.

ნიუ-იორკში სექტემბერში დაწყებული საპროტესტო აქციები, რომლებიც მოგვიანებით მთელ მსოფლიოს მოედო, კაპიტალიზმის, უსამართლობის, უთანასწორობის, სიღარიბის და სხვა სოციალური პრობლემების წინააღმდეგაა მიმართული. საქართველოში ამ კამპანიაში ”სოციალ-დემოკრატების” გარდა ჯერჯერობით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს, ლოზუნგით ”ჩვენ 99% ვართ”. მათი წარმომადგენლები, დევნილების, პედაგოგების, უმუშევრების, გარემოვაჭრეების, აქციონერების სახით, 11 ნოემბერს რუსთაველის ძეგლთან გამართულ აქციას შეუერთდნენ.