ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გამოტანილი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას მოითხოვენ. შესაბამისი სარჩელით ბიზნესმენის ადვოკატებმა სასამართლოს 21 ოქტომბერს მიმართეს. ბიზნესმენი ასევე ითხოვს სარჩელის განხილვამდე სასამართლომ შეაჩეროს ადმინისტრაციული აქტების მოქმედება. ივანიშვილის გარდა, საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობის გარკვევა უწევს მის მოსკოველ თანამშრომელს ვალერი ლევინსაც, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკითხვის შემდეგ, საქართველოს დატოვება აუკრძალა. რას ედავებიან ივანიშვილის მოსკოველ თანამშრომელს და რას ცვლის სარჩელის განხილვამდე მოქალაქეობის აღდგენა?
სადავო ადმინისტრაციული აქტების შეჩერება ნიშნავს იმას, რომ დავის წარმოების პერიოდში მოსარჩელე მხარე ისარგებლებს საქართველოს მოქალაქის უფლებამოსილებით...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პროცედურების დარღვევაში ადანაშაულებს. ლევან ჩხეიძის თქმით, რეესტრმა წარმოების დაწყება და მიმდინარეობა არ შეატყობინა დაინტერესებულ მხარეს, რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა. ადვოკატი პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ ადმინისტრაციული აქტების ბათილად გამოცხადებას სთხოვს, რომელთა საფუძველზეც ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ასევე ითხოვს საკითხის საბოლოო გარკვევამდე ადმინისტრაციული აქტების შეჩერებას:

„სადავო ადმინისტრაციული აქტების შეჩერება, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ დავის წარმოების პერიოდში მოსარჩელე მხარე ჩვეულებრივად ისარგებლებს საქართველოს მოქალაქის უფლებამოსილებით.“

შესაბამისად, ივანიშვილს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ექნება უფლება შექმნას პოლიტიკური ორგანიზაცია და დააფინანსოს პარტნიორი პოლიტიკური პარტიები. იძლევა თუ არა საქართველოს კანონმდებლობა ყოველივე ამის უფლებას? ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, თინათინ ხიდაშელს, მიმართა.

თინათინ ხიდაშელი


„ამ მომენტისათვის - არა! როდესაც სასამართლო პროცედურები იწყება, არსებობს ეგრეთ წოდებული შუალედური მდგომარეობა, როცა შენი სტატუსი გაურკვეველია, ანუ არც რეპრესიული მანქანა შეიძლება ამუშავდეს შენ წინააღმდეგ, იმიტომ რომ არ არის საკითხი გადაწყვეტილი, მაგრამ ვეღარც შენი უფლებებით სარგებლობ ბოლომდე, იმიტომ რომ მუდმივად სადავო იქნება და კითხვის ნიშნის ქვეშ იდგება“, - უთხრა თინათინ ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას.

თინათინ ხიდაშელის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური პარტნიორები მოქალაქეობის დაკარგვა-აღდგენას სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევენ, თუმცა მოქალაქეობისა და პასპორტის თემას ეხმიანება ბიზნესმენის მომღერალი შვილი ბერა ივანიშვილი, რომლის მორიგი ახალი სიმღერა ინტერნეტით გავრცელდა.

ბიძინა ივანიშვილის გარდა, საქართველოს მართლმსაჯულებასთან ურთიერთობის გარკვევა უწევს ასევე ბიზნესმენის მოსკოველ თანამშრომელს ვალერი ლევინსაც, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებისა და დაკითხვის შემდეგ, საქართველოს დატოვება აუკრძალა. ადვოკატ შალვა თადუმაძის თქმით, ლევინმა მოსკოვიდან თბილისში ჩამოიტანა ივანიშვილის პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან, ანუ ის საბუთები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდება. რაც შეეხება დაკავებასა და დაკითხვას, შალვა თადუმაძის თქმით, პოლიციამ საეჭვოდ მიიჩნია მინერალები, რომლებიც რუსეთში გამომავალ ჟურნალს - „ქვების ენერგიას“ - მოჰყვება.
გამოძიება აცხადებს, რომ სანამ ექსპერტიზა არ დამთავრდება, ბატონ ლევინს ეკრძალება საქართველოს დატოვება...

„თან ჰქონდა ბატონი ბიძინას ორი პიჯაკი და რამდენიმე ეგზემპლარი ჟურნალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის 14 წლის გოგოსათვის ჩამოჰქონდა. ამ ჟურნალებს თან აქვს თავისი დანამატი, ეგრეთ წოდებული კრისტალები, მინერალური ქვები, რომლებსაც საკოლექციოდ იყენებენ ხოლმე. ეს ქვები ჩამოართვეს იმ მოტივით, რომ რადიაქტიურ ნივთიერებებს ხომ არ შეიცავს და, შესაბამისად, ამის გამო მოხდა მისი გაჩერება აეროპორტში. დღეის მდგომარეობით, გამოძიება აცხადებს, რომ სანამ ექსპერტიზა არ დამთავრდება, ბატონ ლევინს ეკრძალება საქართველოს დატოვება“, - უთხრა შალვა თადუმაძემ რადიო თავისუფლებას.

შალვა თადუმაძის თქმით, საეჭვო ქვები ექსპერტიზას 24 ოქტომბერს გადაეგზავნა, პასუხი კი დაახლოებით ათ დღეში იქნება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სარჩელს, სასამართლოს სარჩელის წარმოებაში მისაღებად ხუთი დღე აქვს.