Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
20 ოქტომბერი გამოირჩეოდა პოლიტიკურ ასპარეზზე ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გავრცელებული განცხადებებით. არასამთავრობო სექტორი ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გმობს, „ლეიბორისტული პარტია“ ბიძინა ივანიშვილს გმობს, რის გამოც პარტიას საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე ტოვებს. პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას მართავს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მას პირდაპირ ეთერში პრესკონფერენციის გამართვას სთავაზობს.

ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტა ეს არის ღია აგრესია და ტერორი ...
სანამ აწ უკვე ყოფილი ლეიბორისტი ნესტან კირთაძე პარტიიდან წასვლის მიზეზის შესახებ გვეტყოდა და სანამ „ლეიბორისტული პარტია“ პოლიტიკურ ასპარეზზე სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩენილ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებდა, ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ბიზნესმენისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო, ერთგვერდიანი განცხადება გამოაქვეყნა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა აქვს გამოცხადებული, მათი ქმედებები აბსოლუტურად საპირისპიროზე მეტყველებს, –აღნიშნავს რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში გოგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკენების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია: „ეს იყო უხეში გაფრთხილება, რომ ისეთმა არავინ გაბედოს პოლიტიკაში ჩართვა, ვინც ხელისუფლებას არ აწყობს. მთელი მსოფლიო გვიყურებს და ცოტა ღირსეულად მოვიქცეთ და არ უნდა ჩავარდეს პანიკაში ხელისუფლება იმის გამო, რომ დიდი რესურსის მქონე ადამიანი ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში“, – მიაჩნია გოგი ხუციშვილს.

ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატის, ეკა ბესელიას განცხადებით, სარჩელი, პრეზიდენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში 21 ოქტომბერს შევა.

„ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტა ეს არის ღია აგრესია და ტერორი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური ოპონენტის მისამართით ახორციელებს“, – ამბობს ნესტან კირთაძე, რომელმაც 20 ოქტომბერს, ექვსწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, „ლეიბორისრული პარტია“ სწორედ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული უთანხმოების გამო დატოვა. როგორც ის რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში აღნიშნავს, მისთვის მიუღებელია ის აქცენტები, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაფიქსირდა. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ რა აქცენტებზე საუბრობს ნესტან კირთაძე, გთავაზობთ ამონარიდს „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ გავრცელებული განცხადებიდან:
როდესაც საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის „სოროსი-2“, ჩემთვის მიუღებელია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს პარტიის ლიდერი უწოდებს ფულის მონებს...

„...ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დავალებით, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა ვაშინგტონის მიერ დაფინანსებულ ახალ „სოროსი-2“-თან – ივანიშვილთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს კოლონიურ მდგომარეობას და იმას, რომ ამერიკა არ აპირებს ქართველ ხალხს მიეცეს თავისუფალი არჩევნების უფლება“...

როგორც ნესტან კირთაძე რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, მისთვის წარმოუდგენელია იმ იარლიყებზე საუბარი, რომელსაც „ლეიბორისტული პარტია“ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და, საერთოდ, დასავლეთს ანიჭებს: „ჩვენ ყველგან უნდა ვეძებოთ ჩვენი მოკავშირეები და მეგობრები და ისინი, ვინც უკვე გვყავს, რა თქმა უნდა, არ უნდა დავკარგოთ. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის „სოროსი-2“, ჩემთვის მიუღებელია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს პარტიის ლიდერი უწოდებს ფულის მონებს. მე დავტოვე „ლეიბორისტული პარტია“ იმიტომ, რომ მე არავის არ მინდა დისკომფორტი შევუქმნა, ჩემი განსხვავებული პრინციპული მოსაზრებების გამო. რაც შეეხება მომავალ პოლიტიკურ გეგმებს, ამის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – აღნიშნავს ნესტან კირთაძე.
რასაკვირველია, ერთი შეხედვით, ეს ისე შეიძლება ჩანდეს, რომ ხელისუფლებამ ბანკს პრობლემები შეუქმნა და კლიენტმა შეიძლება თავისი ინიციატივით მოინდომოს წასვლა...

გარდა მოქალაქეობის ჩამორთმევისა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა კიდევ ერთ დაბრკოლებაზე საუბრობს, რომელიც ხელისუფლებამ ბიზნესმენს შეუქმნა. უფრო კონკრეტულად კი, „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ბანკი „ქართუდან“ საწარმო-დაწესებულებების ნაწილს საკუთარი ანგარიშები სხვა ბანკებში გადააქვთ. მისი ინფორმაციით, საწარმოების ხელმძღვანელებს ამის გაკეთება იძულებით უწევთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნოდარ ჯავახიშვილი ირწმუნება, რომ ბანკს შესწევს ძალა, არათუ არ შეუწყვიტოს კლიენტებს საბანკო ანგარიშსწორება, არამედ კიდევ უფრო მაღალ დონეზე გააგრძელოს მომსახურება: „რასაკვირველია, ერთი შეხედვით, ეს ისე შეიძლება ჩანდეს, რომ ხელისუფლებამ ბანკს პრობლემები შეუქმნა და კლიენტმა შეიძლება თავისი ინიციატივით მოინდომოს წასვლა და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, როცა ხედავენ, რომ ხელისუფლება პირდაპირ არის დაპირისპირებული ბანკთან, მაგრამ, გარდა ამისა, გვაქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მათ ამას აძალებენ და ავალდებულებენ“, – ხაზს უსვამს ნოდარ ჯავახიშვილი.

საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა და „ქართუ ჯგუფში“ შექმნილი პრობლემები, ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული საკითხები უნდა განხილულიყო 20 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. შეხვედრა, რომელსაც შშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, ნიდერლანდების, ევროკავშირის, ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის, გაეროს, შვეიცარიის, საფრანგეთის, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დაახლოებით, საათნახევარს გაგრძელდა. თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ რეზიდენციის ჭიშკარი ისე დაიკეტა, რომ ჟურნალისტებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან ვერანაირი კომენტარი ვერ მოისმინეს.

კიდევ ერთი განცხადება, რომელიც 20 ოქტომბერს გავრცელდა, ამჯერად, უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის, რომელიც მზადაა უზრუნველყოს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერი, იმ შემთხვევაში, თუ შეკითხვის დასმის საშუალება მედიის ყველა წარმომადგენელს მიეცემა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 21 ოქტომბერს, დღის ბოლოს მიიღებენ.
XS
SM
MD
LG