ედგარ პოს “ყორანი”

გამომცემლობა “ინტელექტმა” ერთ წიგნში ედგარ პოს ყველაზე ცნობილი ლექსის - “ყორანის” - 21 ქართულ თარგმანს მოუყარა თავი.

1845 წლის იანვრიდან მოყოლებული, როდესაც ედგარ პოს “ყორანი” პირველად გამოქვეყნდა ამერიკაში, ეს ლექსი არაერთხელ ითარგმნა. იგი იმდენად მიმზიდველი იყო, რომ ზოგიერთმა მთარგმნელმა მისი რამდენიმე ვერსიაც შექმნა მშობლიურ ენაზე. აღარავის უკვირს, რომ თითოეულ ამ ენაზე - ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, სკანდინავიურ და სხვა ენებზე - ეს ლექსი გამუდმებით ყველა ეპოქაში ახლიდან ითარგმნება ხოლმე. მარტო ის რად ღირს, რომ “ყორანი” ფრანგულად შარლ ბოდლერმაც თარგმნა და სტეფან მალარმემაც. საქართველოში ვაჟა-ფშაველა იყო პირველი, ვინც სრულად თარგმნა იგი. ეცადა გალაკტიონიც - მის მიერ გადმოქართულებული პირველი სტრიქონები მის ხელნაწერებში აღმოჩნდა.
ვიფიქრე, ნეტა ქართულად თუ გვაქვს და რამდენი თარგმანი შეიძლება მოგროვდეს-მეთქი. ეს იყო 20 წლის წინ და ამის შემდეგ შევუდექი მათ შეგროვებას და ჩემს ხელთ, ბევრი თავგადასავლის შემდეგ, მოხვდა 21 თარგმანი...

“ყორანის” ქართულად თარგმნის ისტორია, რომელიც 1906 წელს დაიწყო ვაჟა-ფშაველათი, დღესაც გრძელდება. ბოლო საუკუნეების მანძილზე, ვგონებ, არც ერთ უცხოურ ტექსტს არ ღირსებია ისეთი ყურადღება, როგორიც “ყორანს”, რის გამოც ეს ფენომენი ცალკე კვლევის საგანი მგონია. ის 21 თარგმანი, რომელიც 100 წლის მანძილზე გროვდებოდა, სულ ცოტა ხნის წინ წიგნადაც გამოიცა. გივი ბოჯგუას მიერ შედგენილ და კარგად კომენტირებულ კრებულში “ყორანის” ყველა ხელმისაწვდომი თარგმანია შესული. ბატონმა გივი ბოჯგუამ ჩემთან საუბრისას გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი:

“დაიწყო იმით, რომ ჩემმა მეგობარმა, ჟურნალისტმა მიხეილ კოპალეიშვილმა მათხოვა ედგარ პოს ოთხტომეული რუსულ ენაზე და დამაინტერესა როგორ იყო თარგმნილი “ყორანი” - და არამარტო “ყორანი”. კარგი თარგმანები იყო და ქართველმა მთარგმნელებმაც ისარგებლეს, სხვათა შორის, ამ რუსული თარგმანებით, მათ შორის - ვაჟა ფშაველამ. და როცა წავიკითხე, გამიკვირდა: თექვსმეტი თარგმანი აღმოჩნდა, თექვსმეტი დაბეჭდილი თარგმანი. და ვიფიქრე, ნეტა ქართულად თუ გვაქვს და რამდენი თარგმანი შეიძლება მოგროვდეს-მეთქი. ეს იყო 20 წლის წინ და ამის შემდეგ შევუდექი მათ შეგროვებას და ჩემს ხელთ, ბევრი თავგადასავლის შემდეგ, მოხვდა 21 თარგმანი.”

ეს 21 მთარგმნელი, ვაჟას გარდა, არიან: სანდრო შანშიაშვილი, გრიგოლ მეგრელიშვილი, კონსტანტინე ჭიჭინაძე, ფილიპე ბერიძე, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ნიშნიანიძე, სტეფანე მხარგრძელი, ჯემალ ინჯია, პორფირე იაშვილი, სილოვან ნარიმანიძე, ვაჟა შიუკაშვილი, ვანო ყვავილაშვილი, კონსტანტინე ზ. გამსახურდია, გია ბენიძე, ზვიად მუსელიანი, ბათუ დანელია, კოტე ჯანდიერი, კოტე ყუბანეიშვილი, ლელა ებრალიძე, ბაგრატ ბადიდი.
ამ 21 თარგმანიდან რამდენიმე ნამდვილად კარგი თარგმანია. მე პირადად დავბეჭდე კიდევაც წერილი იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი პირველი ყველაზე კარგი თარგმანი იყო ფილიპე ბერიძის...

ქართველი მთარგმნელები ხშირად დედნად რუსულ თარგმანს ეყრდნობოდნენ. ვაჟამ, მაგალითად, ლეონიდ ობოლენსკის 1879 წელს შესრულებული თარგმანი გამოიყენა, სანდრო შანშიაშვილს სამსონ ფირცხალავას თხოვნით შეუსრულებია თარგმანი ბალმონტის რუსული თარგმანიდან. ბალმონტიდან გამოდის გრიგოლ მეგრელიშვილიც. ინგლისური ენიდან შესრულებული პირველი თარგმანი კონსტანტინე ჭიჭინაძეს ეკუთვნის, თუმცა მასაც ერეკლე ტატიშვილის პწკარედული თარგმანი გამოუყენებია სახელმძღვანელოდ.

“ამ 21 თარგმანიდან რამდენიმე ნამდვილად კარგი თარგმანია. მე პირადად დავბეჭდე კიდევაც წერილი იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი პირველი ყველაზე კარგი თარგმანი იყო ფილიპე ბერიძის, თუმცა კონსტანტინე ჭიჭინაძის თარგმანი უფრო ადრე იყო შესრულებული და ის თარგმანიც საკმაოდ კარგი იყო და სხვებსაც ასე მიაჩნდათ. აგრეთვე კარგი იყო გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი, ვანო ყვავილაშვილიც უსათუოდ უნდა ვთქვა... და ა.შ. რამდენიმე კარგი თარგმანია, მათ შორის, კონსტანტინე ზვიადის ძის თარგმანი. ცხადია, 21-ვე ვერ იქნებოდა საუკეთესო, მისაღები და გულში ჩასახუტებელი, მაგრამ რომლებიც ჩამოვთვალე, გამორჩეულ თარგმანებად მიმაჩნია.”

პირველი თარგმანი 10-მარცვლიანით იყო შესრულებული, შემდეგ იყო 14- და 20-მარცვლიანი საზომებიც - მაგალითად, კონსტანტინე ჭიჭინაძისა და გიორგი ნიშნიანიძის თარგმანები. ზოგს კონსტანტინე ჭიჭინაძის თარგმანი მიაჩნია მეტ-ნაკლებად სრულყოფილად, თუმცა სხვები ფილიპე ბერიძის თარგმანს გამოარჩევენ. ჯერ ერთი, ფილიპე ბერიძე პირველი იყო, ვინც დედნის საზომით – თექვსმეტმარცვლიანით - გადმოიტანა “ყორანი”, თუმცა რეფრენი ინგლისური დატოვა, Nevermore. ეს თარგმანი 1962 წელს გამოქვეყნდა და აქ შენარჩუნებულია ავტორისეული რიტმიც, გარითმვის წესი, რითმების ბადე კი თითქმის მთლიანად ემთხვევა დედნისას.

ზუსტი და სანდოა ვანო ყვავილაშვილისეული თარგმანიც, რომელიც, შემდგენლის აზრით, ყველა ნიუანსს იცავს. ეს თარგმანი პირველად “არილში” დაიბეჭდა 1999 წელს. იმ წელს ედგარ პოს იუბილე იყო და, მახსოვს, “არილში” თემატური ნომრით გამოვეხმაურეთ ამ მოვლენას, სადაც ზემოხსენებულ თარგმანთან ერთად სხვა მასალებიც დაიბეჭდა. უცნაურია, მაგრამ იმავე წელს, “ყორანის” კიდევ სამი სხვა თარგმანი გამოქვეყნდა ქართულ ენაზე.
ედგარ ალან პო

თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე თარგმნიდა “ყორანს” პორფირე იაშვილი. მან სამი განსხვავებული თარგმანი შექმნა, რომელთაგან ბოლო ნამუშევარს ანიჭებდა უპირატესობას.
ზოგიერთი მთარგმნელის სახელი და გვარი ბევრს, შესაძლოა, გაგონილიც არ ჰქონდეს. მათ შორის არიან კლასიკოსებიც და ისეთებიც, ვინც უსამართლოდ დაივიწყეს, თუმცა ზოგიერთი მათგანის ბიოგრაფიის გარკვევა ბევრ საინტერესოს ჰპირდება მკითხველს. პირველ რიგში, საუბარია გრიგოლ მეგრელიშვილზე და გიორგი გამყრელიძეზე, რომელთა შესახებ ცნობები შედარებით უხვად მოგვაწოდა შემდგენელმა.

რა თქმა უნდა, გვხვდება ძალზე სუსტი თარგმანებიც, რომელზე საუბარიც შორს წაგვიყვანდა, ზოგ თარგმანში კი აბსოლუტურად ყველაფერია დარღვეული – სტროფების რაოდენობით დაწყებული, რითმებით და აზრობრივი შეცდომებით დამთავრებული. ერთნი ზედმიწევნით მისდევენ დედანს, სხვები კი ზედმეტად თავისუფალია. მაგ. კოტე ყუბანეიშვილის თარგმანში სტროფის 6 სტრიქონიდან პირველი და მესამე პწკარები თექვსმეტმარცვლიანითაა გადმოღებული, მეორე, მეოთხე და მეხუთე – თხუთმეტმარცვლიანით.

საინტერესოა რეფრენის საკითხიც, რომელიც ვაჟასთან ასე ჟღერს: “აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი”. სხვა თარგმანებში გვხვდება: არასდროს, აღარასდროს, აროდეს, არასოდეს, ვეღარასდროს, არარა, არა. ყველაზე უცნაური ალბათ კონსტანტინე ზ. გამსახურდიას რეფრენია, “აროდესო”. სხვათა შორის, წიგნში შემდეგენელს, ბატონ გივი ბოჯგუას, მთარგმნელის მინაწერიდან ვრცელი ამონარიდიც მოჰყავს, სადაც იგი თავის გადაწყვეტილებას ხსნის.

ამ წიგნის ფურცვლისას თუ ყურადღებით კითხვისას ცხადი ხდება, რომ “ყორანმა” უკვე დაიკავა განსაკუთრებული ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მართალია, რაოდენობა ხარისხს აჭარბებს, მაგრამ ერთი რამე დარწმუნებით შეიძლება ითქვას: “ყორანი” მომავალშიც არაერთხელ ითარგმნება ჩვენს ენაზე.