”თავისუფალი დემოკრატები”: თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მოკლეს

”თავისუფალ დემოკრატების” ბრიფინგი

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ომის ვეტერანის, 57 წლის სერგო თეთრაძის გარდაცვალების მიზეზად მკვლელობას ასახელებს. 28 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საკუთარ სახლში დააკავეს, დაკავებიდან რამდენიმე დღეში კი ის გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებით, გულის შეტევა სახელდება, თუმცა, მისივე მტკიცებით, გარდაცვლილს სხეულზე ეტყობოდა დაზიანებების შენიღბვის მცდელობა. ის თავდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მოუწოდებს საქმე დაუყოვნებლივ გამოიძიონ. ერთადერთი წყარო, რომელსაც თავისუფალი დემოკრატები სერგო თეთრაძის გარდაცვალების მიზეზზე საუბრისას ეყრდნობიან, თავად გარდაცვლილის მეზობლები არიან. ამ დროისათვის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილი არ არის.
დღეს საქართველოში საქმე გვაქვს ”შპიონომანიასთან”. სერგო თეთრაძე, სწორედ ჯაშუშობის ბრალდებით, 17 სექტემბერს საკუთარ სახლში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს...

იმ განცხადების პირველი სიტყვები, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან შეკრებილ ჟურნალისტებს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თანაპარტიელებთან ერთად გააცნო, ასე ჟღერს: ”დღეს ჩვენ შევიკრიბეთ თავდაცვის სამინისტროსთან ჩვენი მოქალაქის, 57 წლის ომის ვეტერანის, სერგო თეთრაძის მკვლელობის გამო”.

სიტყვა ”მკვლელობა” ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ზუსტად ოთხწუთიანი ბრიფინგის მსვლელობისას არაერთხელ გაიმეორა. ალასანიას ინფორმაციით, სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მისივე თქმით, სერგო თეთრაძე 2007 წლამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, 2007 წლიდან კი უმუშევარი იყო:

”დღეს საქართველოში საქმე გვაქვს ”შპიონომანიასთან”. სერგო თეთრაძე, სწორედ ჯაშუშობის ბრალდებით, 17 სექტემბერს საკუთარ სახლში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს. ჩხრეკა ჩატარდა დამსწრეების გარეშე. 24 სექტემბერს ოჯახს დაუკავშირდნენ გლდანის ციხიდან და უთხრეს, რომ სერგო თეთრაძის გვამი წაესვენებინათ სახლში. სერგო თეთრაძის გვამს აშკარად ეტყობოდა დაზიანებების შენიღბვის მცდელობა. ჩვენ საქმე გვაქვს პატიმრის მკვლელობასთან.”

ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისაკენ მოუწოდა. თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მან თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიასა და დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მეგი ქარდავას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა.
როდესაც სახლში მოასვენეს, აღმოჩნდა, რომ მას სახეზე გაკეთებული ჰქონდა მაკიაჟი, რომელიც ფარავდა ცუდი მოპყრობის კვალს...

რაც შეეხება იმას, თუ საიდან მოიპოვეს თავისუფალმა დემოკრატებმა ინფორმაცია სერგო თეთრაძის სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით, თეა წულუკიანი, ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სერგო თეთრაძის გარდაცვალების შესახებ მან 24 სექტემბერს, გამთენიისას, გარდაცვლილის მეზობლებისაგან შეიტყო. ე.წ. იტალიურ ეზოში მცხოვრები მეზობლები საუბრობენ იმაზეც, თუ რა ნივთმტკიცებები ამოიღეს სერგო თეთრაძის სახლიდან, ამის შესახებ მათ გარდაცვლილის მეუღლემ უამბოო, ამბობს თეა წულუკიანი. მეზობლების თქმითვე, სახლიდან წაიღეს ოჯახის კუთვნილი გეოგრაფიული რუკები და ელექტრონული მეხსიერების ჩიპი, რომელიც, სერგო თეთრაძის მეუღლის მტკიცებით, მისთვის უცხო იყო. გარდაცვლილის მეზობლებისაგან შეიტყო თეა წულუკიანმა ისიც, თუ რა დაზიანებები ეტყობოდა ცხედარს. ერთადერთი წყარო, რომელსაც თავისუფალი დემოკრატები სერგო თეთრაძის გარდაცვალების მიზეზზე საუბრისას ეყრდნობიან, თავად გარდაცვლილის მეზობლები არიან.

”როდესაც სახლში მოასვენეს, აღმოჩნდა, რომ მას სახეზე გაკეთებული ჰქონდა მაკიაჟი, რომელიც ფარავდა ცუდი მოპყრობის კვალს. ის იყო გაკვეთილი და ორგანოები, როგორც ჩანს, წაღებული იყო ექსპერტიზაზე. გამოძიებას სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით ატარებს კალმახელიძის უწყება და გამომძიებელი ელოდება ექსპერტიზის დასკვნას იმის შესახებ, თუ რის გამო გარდაიცვალა ეს ადამიანი გლდანის მერვე საპყრობილეში. მაგრამ, ამავე დროს, გამომძიებელი აკეთებს განცხადებებს, რომ არ არის გამორიცხული, რომ სერგო თეთრაძე გარდაიცვალა ინფარქტით”, - ამბობს თეა წულუკიანი.
თეა წულუკიანი

როგორც თეა წულუკიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, გარდაცვლილის ახლობლები სერგო თეთრაძის გარდაცვალების შესახებ უცხო ადამიანებთან საუბარს გაურბიან. მისივე თქმით, სერგო თეთრაძის მეუღლე შოკირებულია და არ სურს საკუთარი ტრაგედიის შესახებ ხმამაღლა საუბარი, რადგან ეშინია, ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, მის 15 წლის ვაჟს საფრთხე არ დაემუქროს. თუმცა, როგორც თეა წულუკიანი ისევ და ისევ გარდაცვლილის მეზობლებზე დაყრდნობით აცხადებს, დახურულ სასამართლო სხდომაზე მიყვანილი სერგო თეთრაძე მეუღლემ შორიდან დაინახა და, როგორც მოგვიანებით მეზობლებს უთხრა, ის ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ მისი ცნობა გაუჭირდა. მათივე თქმით, დაკავებულს სახაზინო ადვოკატი იცავდა და ოჯახს არ მიეცა საშუალება, რომ მისთვის კერძო ადვოკატი დაექირავებინა.

რადიო თავისუფლებამ სერგო თეთრაძის ახლობლებთან გასაუბრება სცადა, მაგრამ მათ სერგო თეთრაძის სახლთან მისული ჟურნალისტების დანახვაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ და საუბარი ვერ მოხერხდა.

ასევე ვერ მოხერხდა კომენტარის მოძიება თავდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან. აღნიშნული უწყებების პრესსამსახურის თანამშრომლები მიუწვდომელნი აღმოჩნდნენ.