ანაკლიაში მცხოვრები დევნილები გადასახლების მოლოდინში

საკურორტო ქალაქად წოდებულ ანაკლიაში, ზღვის სანაპიროს სიახლოვეს, საბჭოთა პერიოდში აშენებულ ხის ერთსართულიან კოტეჯებში აფხაზეთიდან დევნილი 20 ოჯახი 18 წელია ცხოვრობს. მათი უმრავლესობა გალის რაიონიდან დევნილია და ამბობენ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

კოტეჯების დიდი ნაწილი ამორტიზებულია. ოთახებში წვიმის წყალი ჩადის, რის გამოც ჭერი ჩამოიშალა და იატაკი დალპა. მოშლილია კარ-ფანჯარაც. სასმელი წყალი, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მეზობელი დასახლებიდან ეზიდებდნენ, კომპაქტურ ჩასახლებას ახლახან, პატრიოტთა ბანაკისთვის გაყვანილი წლის მილიდან მიაწოდეს.
დევნილთა კოტეჯი ანაკლიაში

კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ ანაკლიის საკურორტო ქალაქად გადაქცევის მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო შესაძლოა ისინი გადაასახლონ. დევნილების თქმით, ამის შესახებ მათთვის ოფიციალურად არ განუცხადებიათ, მაგრამ ინფორმაცია მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისგან მიიღეს. დევნილები გადასახლების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა აქვთ შიში, სად და რა პირობებში დაასახლებენ.

რადიო თავისუფლება დევნილებისგან მიღებული ინფორმაციის დასაზუსტებლად, ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეს გოჩა ელერჯიას დაუკავშირდა. მან კომენტარზე უარი განაცხადა სამინისტროს პრესსამსახურის მოთხოვნით.