ბლოკნოტი

ბლოკნოტებისადმი უცნაური დამოკიდებულება მაქვს. ამას უფრო სისუსტე ჰქვია, ვიდრე სხვა რამე. კარგად გაკეთებული ბლოკნოტი ესთეტიკურ სიამოვნებას მგვრის. როცა ასეთი ნივთი ჩამივარდება ხოლმე ხელში, კარგად დავათვალიერებ, მოვეფერები და იმის მაგივრად რომ ვიხმარო, უჯრაში ვინახავ. წერას კი ისევ ძველ ბლოკნოტში ვაგრძელებ, რადგან მგონია, რომ ახალი ბლოკნოტის დონის შესაფერისი ტექსტები არა მაქვს. აქედან გამომდინარე, სახლში დროდადრო მიგროვდება ხოლმე კარგი, უხმარი ბლოკნოტები. ამით კარგად სარგებლობს ჩემი ქალიშვილი, რომელიც საოცარი სისწრაფით ანადგურებს ჩემს ნალოლიავებ ბლოკნოტებს. რა თქმა უნდა, ასე ჯობია: ბლოკნოტი, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, ყოველგვარ ხიბლს კარგავს, თუ მასში არ არის ხელით გაკეთებული ჩანაწერები.

ამიტომაც არის, რომ გული მიჩუყდება, როცა ჩვენებურ მწერლებს ხელში ბლოკნოტს დავუნახავ ხოლმე. ისე, მართალი გითხრათ, ბევრისთვის არ შემიმჩნევია. ახლა კოტე ყუბანეიშვილისა და დათო ტურაშვილის მეტს ვერ ვიხსენებ. განსაკუთრებით, კოტეს ბლოკნოტები მომწონს. თვითონაც მოსწონს; არანაკლებ, ვიდრე თავისივე ლექსები. ქუჩაში, ან სადმე სხვაგან, ნაცნობებთან შეხვედრისას ყოველთვის მზად არის ჯიბიდან დააძროს ბლოკნოტი და ფურცელზე გადატანილი წინა ღამის ემოციები გაუზიაროს.

მგონი, ცოტა გამიგრძელდა სენტიმენტები და სათქმელს ვერ მივადექი. თავისთავად ბლოკნოტის იდეა მომწონს: პატარა, კომპაქტური ნივთი, სუთა ფურცლებით, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია მოიმარჯვო და შენ თვალწინ მომხდარი მოვლენა, ან შენს გონებაში გაელვებული ნებისმიერი სისულელე დააფიქსირო. რა იცი, მოგვიანებით რაში გამოგადგება, რად გარდაიქმნება ეს ჩანაწერი?! სულ თუ არაფერი, რაღაც დროის შემდეგ, ალბათ რამდენ მოვლენას და ემოციას გააცოცხლებს მისი, თუნდაც უბრალოდ გადაფურცვლა.

დღეს ტრადიციულ ბლოკნოტებს თითქოს რამდენიმე ალტერნატივა გამოუჩნდა ელექტრონული “სათამაშოების” სახით: ორგანაიზერები, სმარტფონები, მინიატურული ნეტბუკები, აიპადები... თუმცა, როგორც ასეთ შემთხვევებში იტყვიან ხოლმე, ნამდვილ ბლოკნოტს სულ სხვა სითბო ჰქონდა. და მგონი ისევ მოვწყდი სათქმელს.

სხვებისა არ იყოს, მეც, მართალია, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ვინიშნავ ხოლმე რაღაცეებს. თუმცა, მათგან განსხვავებით, ვინც თავის ჩანაწერებს დროდადრო სიცოცხლეს შთაბერავს, მე მათ თითქმის საერთოდ არ ვუბრუნდები ხოლმე. ჰოდა, ამის გამო, სულ რომ არ დაიკარგოს, გადავწყვიტე მათი ამ ბლოგზე გამოქვეყნება პირველყოფილი სახით. ბოლოს და ბოლოს იქნებ ვინმეს მაინც გამოადგეს რამეში.

აი მაგალითად, გაგაცნობთ ჩანაწერს, რომელიც სულ უკანასკნელია, ანუ ყველაზე ახალია ჩემს ბლოკნოტში. ის დაახლოებით ორი თვის წინ არის გაკეთებული. საერთოდ, ჩანაწერებს თარიღს არ ვუსვამ. უბრალოდ, ის ღონისძიება, რომლის გამოც ეს ჩანაწერი გავაკეთე, შუა ზაფხულში იმართება ხოლმე. იმედია მიხვდებით, რომ აქ ტელეეთერზეა ლაპარაკი: მიუხედავად იმისა, რომ დამემატა ორი თუ სამი ქართული სპორტული არხი, ამ ზამთარს სნუკერი დამაკლდა, გაზაფხულზე - ფორმულა 1, ზაფხულში კი - და ტურ დე ფრანსი; სამაგიეროდ შევიძინე ბევრი ახალი ქართულენოვანი დიქტორი. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში სპორტული არხების მესვეურები მხოლოდ იმ შეჯიბრებების რეპორტაჟებით იფარგლებიან, რომლებშიც ბურთი ფიგურირებს.

ამავე ბლოკნოტის პირველი ჩანაწერი საკმაოდ ძველია. როგორც ჩანს, ის მაშინ გამიკეთებია, როცა ვნახე სიუჟეტი პარლამენტის შენობაში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით. კლასიკური ქართული სიუჟეტი იყო - პარლამენტის წევრებს, ანუ კანონმდებლებს ეკითხებოდნენ, დაიცავდნენ თუ არა ისინი წესს. ეს კითხვა რომ თავისთავად აბსურდულია, თავი დავანებოთ, მაგრამ ჟურნალისტებს რომ არც პარლამენტის წევრები უდებენ ტოლს, ამას ჩემი ჩანაწერიც ამტკიცებს: პარლამენტარი კითხვას, კანონმორჩილია თუ არა, პასუხობს, რომ ის ქართველია.

ასე ერთობლივად, სრულიად გაუაზრებელი ქმედებებით მყარდება ბრიყვული მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში უფრო მნიშვნელოვანია იყო ქართველი, ვიდრე წესებისადმი მორჩილება.

რადგან წესებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, კიდევ ერთ ჩანაწერს გაგაცნობთ, რომელიც უკვე მე მეხება: როცა ქუჩაზე გადასვლისას კინაღამ ავტომობილს ჩავუვარდი ბორბლებში, მივხვდი, რომ არა მარტო მძღოლებს უნდა აეკრძალოთ მობილურ ტელეფონზე საუბარი მანქანის მართვისას, არამედ ფეხით მოსიარულეებსაც ქუჩაზე გადასვლის დროს.

ეტყობა მაგრად შემეშინდა. ანდა, შეიძლება ჩანაწერის გაკეთებისას ჩემს ემოციებზე იმანაც იმოქმედა, რომ მაინცდამაინც არ მიყვარს ტელეფონები. ბლოკნოტები მირჩევნია.