ქართველები უცხოეთში

დღეს სამ ახალ წიგნზე ვისაუბრებთ, რომლებიც უცხოეთში მცხოვრებ ან იქ დროებით ჩასულ ქართველებზე მოგვითხრობენ.

ამ სამ წიგნს, რომელსაც დღეს ერთ გადაცემაში მოვუყარე თავი, რამდენიმე რამ აერთიანებს. პირველ რიგში, ყველა ამ ტექსტის მოქმედება უცხოეთში ვითარდება, მთავარ გმირებად ქართველები გვევლინებიან და სამივე ეს წიგნი, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ქართული ზღაპარია. ერთს სათაურშიც აქვს გამოტანილი ეს სიტყვა. დათო ტურაშვილმა თავის წიგნს “ამერიკული ზღაპრები” უწოდა, მეორე წიგნი ბესო სოლომანაშვილის “ლონდონი-ზუზუმბოა”, რეალურ ისტორიაზე თუ ისტორიებზე დაფუძნებული ვრცელი მოთხრობა ჰეპი ენდით, მესამე წიგნის ავტორი კი უნბესიტო ნიკს ამოფარებული უცხოეთში მცხოვრები უცნობი ფორუმელია, ვინც თავისი ტექსტი ჯერ პოსტებად დაწერა თბილისის ფორუმზე, შემდეგ კი ეს უცნაური თავგადასავალი წიგნადაც გამოსცა.
ბოლო დროს იშვიათად შევდივარ ხოლმე თბილისის ფორუმზე, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გამომეპარა თემა, სახელად “ამათი პრობლემები მოგვცა”, სადაც 2011 წლის 24 მარტს ყველასთვის უცნობმა ფორუმელმა უნბესიტომ ამბის მოყოლა დაიწყო, ამბისა, რომელსაც შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ჩაუსხდებოდნენ ფორუმის ერთგული მომხმარებლები.

პირველი პრობლემა, რაც გვარდება ამ პრაგმატულ სამყაროში, ფინანსებია, რაც ავტორს სიუჟეტის განვითარების თავისუფლებასა და გეოგრაფიაში არ ზღუდავს...
მან ჯერ პირველი აბზაცი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ გაჰყვა ვიღაც ამერიკელ ფერმერს რანჩოში, რომელიც მხოლოდ გვერდით ყოფნაში უხდიდა მას 5000 დოლარს. მერე მეორე აბზაციც მოაყოლა და მალე მკითხველთა გაღვივებული ინტერესით ფრთაშესხმული იუზერი ეშხში შევიდა. მისმა ფანტაზიამ არნახული მასშტაბები მიიღო, თხრობა კი გასცდა ამერიკის ფარგლებს და აღმოჩნდა, რომ მთელ მსოფლიოს ერთი გამჭრიახი ქართველი ბიჭი ატრიალებდა. წიგნის გამომცემლის, კახა დავითურის სიტყვით, იგი თემის დაახლოებით მე-15 გვერდზევე მიხვდა, რომ ლიტერატურულ ფაქტთან ჰქონდა საქმე:

“იმდენად ცხოველი ინტერესი გამოიწვია ამ ამბავმა, რომ მან თხრობა გააგრძელა და, საბოლოო ჯამში, სადღაც მე-15 გვერდზე ბევრი ჩვენგანი მიხვდა, რომ ეს უკვე იყო ლიტერატურული ფაქტი, ანუ ეს არ იყო უბრალოდ ამბის მოყოლა... შესაძლოა მას გამზადებული ჰქონდა გარკვეული სიუჟეტები თუ დრაფტი, მაგრამ ფაქტია, რომ იგი მართლა ლაივში წერდა ბევრ რაღაცას. ეს ეტყობა კიდეც ნაწერს, სუნთქვა იგრძნობა. მერე სხვების კომენტარებიც ერთვოდა ამას და აშკარა ხდებოდა, რომ ეს კაცი ამას მართლა ცოცხლად წერდა. ითვალისწინებდა მკითხველის დამოკიდებულებებს და ა.შ.”
რა თქმა უნდა, თხრობით ბევრი ტკბებოდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ანალიზიც დაიწყეს, ანუ ამ მოვლენის, ამ ცოცხლად წერის ფაქტის შეფასება. მაგალითად, მომხმარებელმა, სახელად ტენოჩტიტლანმა, პირველი სერიოზული რეცენზია დადო:

“ისე, მართლა კლასიკურად განვითარებული სიუჟეტია, ავანტიურისტი პერსონაჟით. პირველი პრობლემა, რაც გვარდება ამ პრაგმატულ სამყაროში, ფინანსებია, რაც ავტორს სიუჟეტის განვითარების თავისუფლებასა და გეოგრაფიაში არ ზღუდავს. მეორე - იგი კალეიდოსკოპური სისწრაფით ცვლის პერსონაჟებს და სხარტ დახასიათებებს იძლევა, არ მოიწყენ. მესამე - რაღაც გაუგებარ მორალურ პრინციპებზე მინიშნებებს აკეთებს - ანუ გაინტრიგებს. მეოთხე - მსუბუქად გაჰკრავს კბილს ამერიკულ-მექსიკურ-გერმანულ-ჩინურს..... და ა.შ. - ეს გვაკაიფებს. თან, გზადაგზა მკითხველთა, ანუ ჩვენს დაკვეთებსაც უცებ ასრულებს, განსაკუთრებით სექსების მოთხოვნების კუთხით.”

ერთი სიტყვით, ეს არის სათავგადასავლო, ავანტიურისტული გაბმული პოსტი, რომელიც “გრაფ მონტე კრისტოსაც” ჰგავს და “კვაჭი კვაჭანტირაძესაც”, ზოგს 1001 ღამე გაახსენდება, სხვებს კი კაზანოვას ჩანაწერები. ფორუმელებმა ილფი და პეტროვის მთავარი გმირიც ახსენეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, მიხაილ ბახტინის ნათელი სულიც კი გამოიხმეს, აქაოდა, სადა ხარ, შე უბედურო, ეს რას ვერ მოესწარი, რომანი ჩვენს თვალწინ იწერებაო.

თუმცა თავად ამბის ავტორს რომანზე და, მით უმეტეს, ავტორის მძიმე ტვირთზე პრეტენზიაც არ ჰქონდა. ამას ამბობდა კახა დავითურიც:

“ყველაზე მეტად მასში ის მომწონს, რომ მას არა აქვს პრეტენზიები მწერლობაზე და, ჩემი აზრით, ის, რომ მას ასეთი საწყისი მდგომარეობა აქვს, ეს მას საშუალებას აძლევს კარგად წეროს. ის ძალიან კარგი თვითირონია, რომელიც მას ახასიათებს და რომელიც ყველაზე მეტად მომწონს მე, გარდა იმისა, რომ კარგად ჰყვება ამბავს, და შენ კარგად მოგეხსენება, რომ ამბის მოყოლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქილევსის ქუსლია კარგი მწერლებისთვისაც კი. ძალიან ხშირად ეს ასეა. ისინი ხშირად კარგად გადმოსცემენ, რასაც გრძნობენ, მაგრამ რა ხდება, იმის გადმოცემა უჭირთ ხოლმე. და უმბესიტოს არა აქვს აშკარად პრეტენზიები, იგი თვითირონიულია, კარგი იუმორით წერს, არის კარგი ქართველი ბიჭი, რომელმაც რაღაცები ნახა, მოიარა, მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი ხანდახან ძალიან ქართულია, ისეთი, 10 000 კაცში რომ გამოარჩევ, ხანდახან კი იგი სრულიად პრაგმატულია. მოკლედ, ის, რომ მას არ ჰქონდა მწერლობის პრეტენზია, ამან გაუწია ძალიან კარგი სამსახური.”

ფორუმზე ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც წერდნენ, რამდენი ხანია მხატვრული ნაწარმოები აღარ წამიკითხავს და აღარც მეგონა, თუ საერთოდ დამაინტერესებდა ოდესმეო. ამ სიტყვების დამპოსტავი რჩევასაც აძლევს იუზერ უნბესიტოს სადღაც ამბის შუაწელში, უკვე კარგია, შეგიძლია აღარც გააგრძელო წერაო.
შედარებით განსხვავებულია დათო ტურაშვილის “ამერიკული ზღაპრები”. თავიდან ლაშა ბუღაძის “ლიტერატურულ ექსპრესში” გეგონება, აქაც რაღაც საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პოეტები და პროზაიკოსები, უცებ გაბმული რომანები. ამგვარ სიტუაციაში მეც აღმოვჩნდი ერთი ორჯერ, ჩემი მეგობარი პოეტი კი იმდენად დაავადდა ასეთი ხეტიალით, რომ დღემდე ამ ლიტერატურული პროგრამების კომაშია ჩავარდნილი და ვერ გამოდის. არ მახსოვს ჯერ რომელიმე მოწვევაზე უარი ეთქვას და არ წასულიყოს.

დათო ტურაშვილი სამოგზაურო ჟანრის ოსტატია. მისი საუკეთესო წიგნები მოგზაურის ჩანაწერებია და ეს მსუბუქი და იოლად საკითხავი წიგნიც ამ რიგს მიეკუთვნება. ესაა აიოვაში გატარებული 100 დღის აღწერა, ქართულ-ამერიკული ზღაპარი, სასაცილო და სევდიანი.

სასაცილო და სევდიანია ბესო სოლომანაშვილის “ლონდონი-ზუზუმბოც”, სადაც იგი ორი ქართველი ემიგრანტის, ბრიტანეთში სამუშაოდ წასული ორი თელაველის ამბავს გვიყვება. ერთი სოფელ მატნიდანაა, მეორე თუშია. ერთი ღერი ინგლისური არ იციან, მათ მიმართ ნათქვამი მხოლოდ ინგლისური გინება ესმით. შრომობენ, ფულს აგროვებენ, ოცნებობენ სამშობლოზე, ქალებზე და, რა თქმა უნდა, ქართულ პურ-მარილზე. ჰოდა, ერთხელაც ახდება ოცნება და ლონდონის გარეუბნის ერთ-ერთ ეზოში ბატკანს დაკლავენ. თანაც, განა უბრალოს?! შესაწირავს, საღვთოს. ლონდონში დაკლავენ. ალბათ ხვდებით, რაც მოჰყვებოდა ამ ბატკნის დაკვლას: მოვარდა პოლიცია, ატყდა ერთი ამბავი, სატანისტებიო, ესაო, ისაო... ეს ნამდვილი ამბავი თუ ანეკდოტი ბევრ თქვენგანს ექნება გაგონილი. ამჯერად კი მოთხრობადაც შეიძლება წაკითხვა.