კარლო გინძბურგის “ნაკვალევები, მითები, მიკროისტორია”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სულ ცოტა ხნის წინ თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი ისტორიკოსის, კარლო გინზბურგის სტატიების მოზრდილი კრებული გამოსცა - “ნაკვალევები, მითები, მიკროისტორია”.

ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ კარლო გინზბურგს თბილისში ვნახავდი. სიმართლე გითხრათ, ვერც ვნახე, რადგან იმ დღეს, 23 მაისს, როდესაც კარლო გინზბურგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას კითხულობდა, მიკროსაქმეებში ვიყავი გადავარდნილი და ვერანაირად ვერ მოვახერხე ყველაზე დიდი მიკროისტორიკოსის ლექციაზე დასწრება. ამაზე ძალიან დამწყდა გული და კიდევ იმაზე ვიდარდე, მისი ავტოგრაფით დამშვენებული წიგნის გარეშე რომ დავრჩი. ეს დარდი ნაწილობრივ მალე გავიქარვე, ორ-სამ დღეში წავედი ილიაუნის მაღაზიაში და მისი ახლად გამოცემული მოზრდილი კრებული შევიძინე, ქართულად თარგმნილი გინზბურგი, ილიას უნივერსიტეტის ძღვენი სახელოვან მეცნიერს, წიგნი, რომელიც, თავის მხრივ, შვეიცარიული ფინანსური ძღვენით გამოიცა.
კარლო გინზბურგი, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერების ერთ-ერთი ვარსკვლავია, როგორც, მაგალითად, უმბერტო ეკო, არტურ დანტო, ჟაკ ლე გოფი ან ჰაროლდ ბლუმი. ჩვენს ტელევიზიებს უყვართ ხოლმე ასეთი განსაზღვრება _ მეგავარსკვლავი. ჰოდა, გინზბურგიც მეგაა თავისებურ ამბავში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მიკროთემებზე მუშაობდა.

გინზბურგის თბილისში წაკითხულ ლექციას, სახელწოდებით “ისტორია გუგლის ეპოქაში”, ვერც ჩემი გადაცემის სტუმარი, ზაზა შათირიშვილი დაესწრო, მაგრამ ზაზა, ჩემგან განსხვავებით, ბერკლის უნივერსიტეტში შეხვედრია გინზბურგს:
“კარლო გინზბურგი, ალბათ, XX საუკუნის მეორე ნახევრისა და XXI-ის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიკოსია. ის შეიძლება მივაკუთვნოთ იმ ისტორიოგრაფიულ პარადიგმას, რომელსაც მიკროისტორია ეწოდება. მართლაც, რაღაც გარდატეხა მოხდა XX საუკუნის მეორე ნახევარში, უფრო სწორად კი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ისტორიოგრაფიაში (ცხადია, სხვაგანაც). და რაში მდგომარეობდა ეს გარდატეხა? იმაში, რომ მსხვილი მოვლენებიდან აქცენტი გადავიდა მეორეხარისხოვან მოვლენებზე, ანუ, თუ მანამდე ისტორია იყო მაკროისტორია და აინტერესებდა მსხვილი ფიგურები, მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები და ა.შ., XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ემფაზა გადადის წვრილ მოვლენებზე, მეორეხარისხოვან ფიგურებზე და კარლო გინზბურგი ამ ტენდენციის ერთ-ერთი შესანიშნავი გამოხატულებაა.”

მიკროისტორიას ეძღვნება ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტატია, “მიკროისტორია: ერთი-ორი რამ, რაც მის შესახებ ვიცი”, რომელიც კრებულშია შესული და სადაც ავტორი იმ ცნების გენეალოგიას იკვლევს, რომელთან ურთიერთობაშიც ათწლეულები გაატარა. ნიცშე, ფერნან ბროდელი, რაიმონ კენო, იტალო კალვინო და სხვ. _ ეს არიან ავტორები, ვინც ამ ცნების _ მიკროისტორიის _ შინაარსის დაზუსტებაში მიიღო მონაწილეობა. კიდევ იყვნენ ამერიკელი და მექსიკელი ისტორიკოსებიც, ასევე თავად გინზბურგი და მისი თანამებრძოლი ისტორიკოსები, რომლებმაც მიკროისტორია მუდმივ ბრუნვაში შემოიტანეს.

კარლო გინზბურგი 1939 წელს დაიბადა, 1961 წელს დაასრულა პიზის უნივერსიტეტი, 1966-ში კი პირველი მნიშვნელოვანი წიგნი გამოაქვეყნა – “ბარაქიანები. გამოკვლევები კუდიანობისა და აგრარული კულტის შესახებ XVI-XVII საუკუნეებში”, შემდეგ _ “ყველი და მატლები. XVI საუკუნის მეწისქვილის სამყარო” (1976). არის ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე მოღვაწეობს ბერკლის უნივერსიტეტში.

“კარლო გინზბურგის ბიოგრაფია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ის არის ლეონე გინზბურგისა და ნატალია გინზბურგის შვილი და ორივე ეს ადამიანი ძალინ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო იტალიური კულტურისთვის. ლეონე გინზბურგი, სხვათა შორის, ოდესელი იყო წარმოშობით, შესანიშნავად ფლობდა რუსულ ენას და იტალიურად თარგმნა გოგოლი, ტოლსტოი, დოსტოევსკი და სხვა რუსი მწერლები. იგი ჰოლოკოსტის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა. ნატალია გინზბურგი კი, კარლო გინზბურგის დედა, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო XX საუკუნის იტალიურ ლიტერატურაში.”

ძალზე საინტერესოა თავად კარლო გინზბურგის ინტელექტუალური ბიოგრაფია: “რაც შეეხება თავად კარლო გინზბურგს, როდესაც ის საკუთარ გენეალოგიაზე ლაპარაკობს, უპირველეს ყოვლისა ახსენებს ადორნოს, მარკ ბლოკს, ფროიდს, სოსიურს _ იმ მოაზროვნეებს, რომლებმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინეს. და, რა თქმა უნდა, იგი ორგანულად არის დაკავშირებული ფრანგულ ისტორიოგრაფიულ მიმდინარეობასთან, რომელსაც ანალები ეწოდება. კერძოდ, ბლოკი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და ისიც, სხვათა შორის, ერთ-ერთი მსხვერპლია ჰოლოკოსტის... ანალების მეორე თაობა იყო ჟაკ ლე გოფი, ჟორჟ დიუბი და სხვები. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, მაინც მარკ ბლოკის “სასწაულმოქმედი მეფეები”, გრანდიოზული ნაშრომი, რომელიც, გარკვეული აზრით, არის სწორედ, აი, იმ ახალი ტენდენციის გამოხატულება, ისტორიოგრაფიისა, რომელიც მოიცავდა არა იმდენად მსხვილ ფიგურებსა და მოვლენებს, არამედ სწორედ მეორე პლანის წამოწევას.”

კრებული იხსნება გინზბურგის ქრესტომათიული ტექსტით “ნაკვალევები. სამხილთა პარადიგმის ფესვები”, სადაც იგი საუბრობს XIX საუკუნის ბოლოს ჰუმანიტარულ მეცნიერებაში წარმოქმნილ ეპისტემოლოგიურ მოდელზე, რომელიც ერთმა ნაკლებად ცნობილმა იტალიელმა ხელოვნებათმცოდნემ, ჯოვანი მორელიმ შეიმუშავა და რომელსაც ვინმე რუსი მკვლევარის, ივან ლერმოლიევის სახელით იცნობდა მკითხველი. მორელი წერდა პრობლემაზე, რომელიც ძალიან იყო გავრცელებული მაშინდელ მუზეუმებში. საქმე ისაა, რომ ბევრ ნახატზე არასწორად იყო მითითებული ავტორი, ხშირად ნახატები ხელმოუწერელი იყო, ანდა სულაც ასლი, ამიტომ მორელიმ მოიფიქრა ფერწერულ ტილოთა ატრიბუციის ახალი მეთოდი, რომელიც გულისხმობდა შემდეგს: სურათის ანალიზისას ჩვენ არ უნდა დავეყრდნოთ მის ყველაზე თვალსაჩინო და ამის გამო ყველაზე ადვილად მისაბაძ თავისებურებებს, მაგალითად, პერუჯინოს პერსონაჟების ზეცისკენ მიპყრობილ მზერას, ლეონარდოს ღიმილს და ა.შ., არამედ უნდა გავაანალიზოთ ის დეტალები, რომელსაც ნაკლებად ამჩნევია იმ სკოლის კვალი, რომელსაც მხატვარი ეკუთვნოდა – ყურის ბიბილოები, ფრჩხილები, ხელისა და ფეხის თითების ფორმა და ა.შ.

თუ ცოტათი გავაფართოებდით ამ მეთოდის ფარგლებს, გამოდიოდა, რომ პიროვნება უნდა გვეძებნა იქ, სადაც პიროვნული ძალისხმევა, ერთი შეხედვით, ნაკლებად ძლიერი იყო, ანუ დეტალებში, ნიუანსებში. ამის შემდეგ გინზბურგი საქმეში რთავდა ამ მეთოდის უშუალო მემკვიდრეებსა და თანამოაზრეებს, ფსიქოანალიზსა და შერლოკ ჰოლმსის მეთოდს, რეალურ ვენელ პროფესორს და წიგნის პერსონაჟს, რომლებიც ეფუძნებოდნენ ჰიპოთეზას, რომ ერთი შეხედვით არაარსებითი დეტალები შეიძლება გვეხმარებოდეს დიდი მნიშვნელობის მქონე სიღრმისეული ფენომენების გამოვლინებაში. სწორედ ესაა სამხილთა პარადიგმა.

წიგნს წინ უძღვის გიორგი მაისურაძისა და ზაალ ანდრონიკაშვილის კარგი შესავალი წერილი. თავად ტექსტები ნოდარ ლადარიამ, ხათუნა ცხადაძემ, ზააალ ანდრონიკაშვილმა და ეკა მესხმა თარგმნეს. თარგმანი ხანდახან მოიკოჭლებს, და ეს გასაგებიცაა: არც ისე ადვილია ამგვარი ტექსტების თარგმნის ტრადიციის უქონლობის პირობებში მუშაობა, თუმცა მთარგმნელის ხარვეზები არაფერია იმ კორექტურულ შეცდომებთან შედარებით, რომელიც ბარაქიანად გაიპარა კრებულში და რომლითაც წიგნი ისევეა გადავსებული, როგორც სარდინიული ყველი კაზუ მარცუ ჭიებით (დე მეპატიოს ეს გინზბურგისეული შედარება). ჩანს, ძალიან ჩქარობდნენ გამომცემლები. და კიდევ ერთი შენიშვნა: წიგნს ძალიან ვიწრო მინდვრები, ანუ აშიები აქვს, არადა ვინ იცის, რამდენი რამის მიწერა მოუნდება ქართველ მკითხველს გინზბურგის აშიებზედ, წიგნზე, რომელიც კარგი დეტექტივივით იკითხება.