დათო ქარდავას “ტუალეტში საკითხავი”

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” დათო ქარდავას უცნაური წიგნი გამოსცა, სახელწოდებით “ტუალეტში საკითხავი”. ეს ვრცელი ნარკვევი მთლიანად ტუალეტისა და მოსაქმების კულტურას ეძღვნება.

ამ გადაცემის დაწყება დაახლოებით იმავე სიტყვებით მიწევს, რა სიტყვებიც 6-7 თვის წინ წავუმძღვარე დათო ქარდავას ამ ტექსტის პირველ პუბლიკაციას. თებერვალში “ტუალეტში საკითხავი” ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” ლიტერატურულ დამატებაში დავბეჭდე და იქ მოვყევი მოკლედ ამ ტექსტის შექმნის ისტორია.
საქმე ისაა, რომ დათო ქარდავამ (იმავე ჯიმშერ რეხვიაშვილმა) ამ ტექსტის შექმნა თავისი მეგობრების თვალწინ დაიწყო ფეისბუკში. ქმნიდა ნაწილ-ნაწილ, "ნოუთებად" აქვეყნებდა და გვთაგავდა ყველას, ვისაც ამ ტექსტის წამკითხველად მიიჩნევდა. სულ 6 ნაწილი დაბეჭდა, უკვე მესამე ნაწილის გამოგზავნისას (დათაგვისას) კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემთან, ჟურნალშიც დავბეჭდავდი ამ ტექსტს და ისიც მიგრძნო გულმა, რომ წიგნადაც მალე გამოიცემოდა “ჩეჩმოლოგიის” ეს სახელმძღვანელო. და აი, გვეღირსა, უკვე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი წიგნი, რომელიც ძალიან საინტერესოდ ეწერება თანამედროვე კვლევებში, ე.წ. ყოველდღიური კულტურების კვლევის კონტექსტში.
წიგნის შესავლის ავტორი დათო პაიჭაძეა, რომელმაც ამ წინასიტყვაობას

წინაბჭე უწოდა. ცოტა ხმამაღალი სათაურია. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა “ჩეჩმის კარი” ან “პირველი ნაბიჯი ფეხსალაგში” დაერქმია, ან რამე ამდაგვარი. ხუმრობა იქით იყოს და გადაცემაში სწორედ დათო მოვიწვიე და, პირველ რიგში, ის ვკითხე, თუ რა ადგილს მიაკუთვნებდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ამ წიგნს:
“ქართულ სიტყვიერებაში ვერანაირ ადგილს ვერ მივაკუთვნებდი, იმიტომ რომ მოვიდა ეს წიგნი და თვითონ დაითრია ადგილი. მისთვის ადგილი გამოყოფილი არ ყოფილა. თუმცა ასეთი ადგილები ალბათ არის სიტყვიერებაში, ლიტერატურაში. ვგულისხმობ ადგილებს, რომლებიც უკავიათ ყოველდღიურობის კულტურისადმი მიძღვნილ წიგნებს. საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის ასეთი წიგნები, ახლა შემოდის. არ არის ქართულ ენაზე, თორემ შემოდის, იყიდება და შეგიძლია ნახო როგორ შეისწავლიან, მაგალითად, კატების ჟლეტის ისტორიას პარიზში ან როგორ შეისწავლიან სამზარეულოს ისტორიებს. ერთი სიამოვნებაა მათი კითხვა და არამარტო ჭამის მოყვარული კაცისთვის, რადგან შენს წინაშე იშლება კულტურის ისტორია ძალიან საინტერესო ჭრილში.”
უნდა ვაღიარო, რომ მეც ძალიან მიყვარს ეს ყოველდღიურობის ისტორიები. მახსოვს, ფილოლოგიის ფაკულტეტზე კლასიკურ ენებს რომ ვსწავლობდი, დიდი ყურადღებით სწორედ ძველი ბერძნებისა და რომაელების ყოველდღიურობას ვეკიდებოდი – ნადიმები, ჩაცმულობა, ავეჯი და ა.შ. მოგვიანებით ორ მოზრდილ ტომს გადავეყარე, 100 წლის წინ დაწერილს – პოლ გიროს ავტორობით.
დათო ქარდავას ამ წიგნში, როგორც გითხარით, ყველაზე ყოველდღიურ რამეებზეა საუბარი, რა უნდა იყოს ამაზე უფრო სადაგი საქმიანობა, თუ არა მოსაქმება, გნებავთ დეფეკაცია? ვიცი ბევრისთვის გამაღიზიანებელი იქნება ამ წიგნის თემატიკა, ნაწილი დაგმობს კიდეც მას, თუმცა აჯობებს, ჯერ წაიკითხონ და მერე დაგმონ. გარწმუნებთ, ამ წიგნის ინტენცია სულ სხვაა და პროვოკაციულობაზე მეტად ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ემსახურება.

“ავტორისთვის არა მგონია ეს ყოფილიყო რაღაც გაბედულების საკითხი, თუმცა ასე გამოვიდა, იმიტომ რომ შეეხო თემას, რომელიც ზეპირსიტყვიერებაში სულ ტრიალებს, მაგრამ რატომღაც ტაბუ ედო აქამდე დაწერილ სიტყვაში. არადა, სულ ტყუილად, იმიტომ რომ ადამიანის ცხოველმოქმედება არის მისი ყოფიერების განუყრელი ნაწილი და ის იმსახურებს აღწერას, დაკვირვებას, ფიქრს.“
რატომ გადაწყვიტა დათო ქარდავამ მაინცდამაინც ტუალეტებზე და დეფეკაციაზე წერა?

“როცა შენ წერ ტუალეტებზე და წერ დეფეკაციაზე, შენ არ ეხები მარტო ამ საკითხებს, არამედ გიწევს ფიქრი ზოგადად კულტურაზე. ამ შემთხვევაში ავტორი ფიქრობს ქართულ კულტურაზე და დასაწყისშივე გვეუბნება, რომ ქართულ კულტურაში ნაფიქრია ადამიანური ყოფიერების სხვადასხვა განზომილებაზე, მათ შორის ძალიან ყოფით განზომილებაზე, ვთქვათ, ქართველი როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სიყვარულში ან ძილის დროს, მაგრამ ამაზე კრინტი არსად არ არის დაძრული. არათუ ქართველ ავტორებთან, არამედ საქართველოში მოგზაური უცხოელი ავტორებიც არ ძრავენ ამ საკითხზე კრინტს.”

არადა, მსოფლიო ლიტერატურულ ტრადიციაში მართლაც უმდიდრესი მასალა მოიპოვება ამ თვალსაზრისით, რომელიც წიგნში ძალზე მოქნილად და საინტერესოდაა მიმოხილული. ანტიკური დროიდან და ძველი ჩინეთიდან დაწყებული, შუასაუკუნეების ევროპითა და თანამედროვე საქართველოთი დამთავრებული, თითქმის ყველაფერს შეეხო ავტორი. გადააბიჯა თანამედროვე ხელოვნებაშიც (ქმნილებები განავლისგან) და კვების მრეწველობაშიც კი. “საქმე ისაა, რომ კუნძულ სუმატრაზე ყავის პლანტაციებში ბინადრობს კატა, რომლის განავლისგან საუკუთესო ხარისხის ყავა მიიღება. ცხოველი იკვებება მცენარის ნაყოფით, რომლის გადამუშავებისას ნაყოფს სცილდება რბილი ქსოვილი და განავალში მხოლოდ მარცვლების მკვრივი სუბსტანცია რჩება, სწორედ მათგან მზადდება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა.”

დათო პაიჭაძემ ხსენებული თემატიკის ენობრივ გაფორმებაზეც ისაუბრა:

“ცალკე საკითხია, მაგალითად, ლინგვისტური წიაღსვლები. ლინგვისტური, არა ენათმეცნიერული, არა სამეცნიერო გაგებით, არამედ დაკვირვება ენობრივ მასალაზე, რომელიც ძალიან საგულისხმო ნიშნებს იძლევა. მაგალითად, აი ამ საქმიანობასთან, დეფეკაციასთან, ანუ ექსკრემენტების გამოყოფასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, ირიბად თუ პირდაპირ დაკავშირებული, ქართულში ურთიერთგამომრიცხავ ან ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულ შინაარსებს გვთავაზობს და ეს ყველაფერი, სულ ცოტა, იმსახურებს თავმოყრას და აღწერას. ავტორი ამას ცოტა ზერელედ შეეხო, ის არ არის ლინგვისტი, მაგრამ მასალა ხომ გვიჩვენა!”

წიგნში ფუნაგორიებიცაა მოყვანილი, ლადო ასათიანის, ლექსო ჭინჭარაულის და მრავალ სხვათა მიერ დაწერილი სკატოლოგიური ლექსები. თუმცა ამგვარი გასართობის მცირე პორციების შემდეგ ავტორი სევდიანი სიბრძნით ამთავრებს წიგნს. ეს სიბრძნე ავტორის დევნილ ნათესავს, ერთ ოჩამჩირელ კაცს ეკუთვნის და ამ სიტყვებს მთლიანად მოვიყვან:

“სოფელში კაცი ნაღვლიანია, ჩაფიქრებული, ქალაქში კი ჭკუამხიარული!... ქალაქში ორმო სულ ცარიელია, თითქოს უძიროა. ჰოდა, გგონიათ, რომ სულ ეგრე იქნება, ორმო არასოდეს ამოივსება, და თქვენც სულ იცოცხლებთ, არასოდეს მოკვდებით... არ დაკვირვებიხარ, ქალაქიდან სოფელში ჩამოსული ადამიანი როგორ უცბად მოიწყენს და დასევდიანდება? აქ, სოფელში, პირთამდე გავსებულ ორმოზე გახსენდებათ, რომ მიწა თავისას მოითხოვს და ის, რასაც ყოველდღე ტოვებთ ორმოში, მხოლოდ ვახშის გადასახადია და ადრე თუ გვიან ვალის სრულად დაბრუნება მოგიწევთ!”

რაღა უნდა თქვა ამის მერე, გარდა ერთისა: ყველას გისურვებთ, რაც შეიძლება გვიან ამოვსებულიყოს თქვენი ჩეჩმის ორმო.