მდინარე ვოლგაზე თბომავლის ჩაძირვას ასამდე ადამიანი ემხვერპლა

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში, კვირას მდინარე ვოლგაზე კატასტროფა განიცადა თბომავალმა „ბოლგარიამ“. მასზე მყოფი 208 ადამიანიდან თითქმის ნახევარი დაიღუპა.

თბომავალი „ბოლგარია“, ჩეხოსლოვაკიაში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ აგებული გემი, გათვალისწინებული იყო მხოლოდ 60-მდე მგზავრისთვის. რამ გამოიწვია კონკრეტულად ავარია, ჯერჯერობით არაა დადგენილი. რაც ცნობილია, ისაა, რომ გემზე იყო 180 მგზავრი, სულ - 208 ადამიანი, მათ შორის - 25 რეგისტრაციის გარეშე პირი. და გემს, რომელიც ქალაქ ბოლგარსა და თათრეთის დედაქალაქ ყაზანს შორის მოძრაობდა, წლების განმავლობაში არ ჩასტარებია ინსპექცია. მაშველებმა დაადასტურეს, რომ 43 დაღუპული მგზავრის გვამს მიაგნეს. მათი ამოყვანა მყვინთავებმა მოახერხეს. ისინი ძირითადად გემის ქვედა ნაწილში იმყოფებოდნენ. გადარჩა 79 ადამიანი. 90 დაკარგულად ითვლება, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ისინი დაიხოცნენ. მათ შორის 50 ბავშვია. ავარიის ადგილას მდინარის სიღრმე 20 მეტრია. ამ არეალში ვოლგა განსაკუთრებით განიერია, მანძილი ორ ნაპირს შორის 20 კილომეტრს აღწევს. გემი ჩაიძირა ნაპირიდან დაახლოებით სამ კილომეტრში. იყო ცუდი ამინდი, ქარი და ძლიერი წვიმა, რამაც განსაკუთრებით გააძნელა სამაშველო სამუშაოები. იტყობინებიან ასევე, რომ იქ მდინარე მკვეთრად უხვევს, რაც წარმოშობს სწრაფ დინებას.
რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და განკარგულება გასცა, „ჩატარდეს ტოტალური ინსპექცია ყველა სატრანსპორტო საშუალებისა, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ“. მედვედევის აზრით, ცუდი ამინდის მიუხედავად, ეს არ მოხდებოდა, დაცული რომ ყოფილიყო ტექნიკური უსაფრთხოების წესები და ტექნოლოგიური ზედამხედველობის ნორმები:

„საჭიროა სრულად იქნეს გამოკვლეული, რატომ მოხდა ეს, რატომ გამოიყენა გემთმფლობელმა ასეთ ტექნიკურ მდგომარეობაში მყოფი გემი.“

თათრეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მგზავრების სრული სია. მათი უმეტესობა ყაზანიდან არის. გადარჩენილი მგზავრები საშინელ ამბებს ჰყვებიან - როგორ ცდილობდნენ ფანჯრებიდან გადაძრომას გემბანზე ასაღწევად, როცა გემმა ჩაძირვა დაიწყო. ზოგიერთს ხელში ბავშვი ჰყავდა აყვანილი, მაგრამ მოვარდნილმა წყალმა გამოსტაცა.
ერთმა გადარჩენილმა „როიტერს“ უთხრა, რომ კატასტროფის მომენტში არაერთმა გემმა ჩაიარა, მაგრამ არ გააჩერა, რომ „ ბოლგარიის“ მგზავრებს დახმარებოდა:

„ორმა გემმა ჩაგვიარა და არ გააჩერა. ჩვენ ხელს ვუქნევდით, არ გააჩერეს. სატვირთო გემმა, თეთრ-ლურჯმა „ვოლგანეფტმაც“ ჩაგვიარა, ასევე არ გააჩერა. მერე ბარჟამ, მხოლოდ ამან გვიშველა. სხვებს არ გაუჩერებიათ.“

გავრცელდა ინფორაცია, რომ გადარჩენილებს დახმარება გაუწია „ბოლგარიის“ მსგავსად ვოლგაზე მოძრავმა გემმა „არაბელამ“. თვითონ „ბოლგარიაზე“, გადარჩენილების თქმით, თითქმის არ იყო სამაშველო რგოლები.
ავარიის მიზეზებს გამოიკვლევს საგანგებო სამთავრობო კომისია, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ვლადიმირ მარკინი. მისი თქმით, გემი, სანამ რეისში გავიდოდა, აშკარად მარჯვნივ იყო გადახრილი:

„უკვე დადგენილია, რომ გემი რეისში გასვლისას მარჯვნივ იყო გადახრილი. შეიძლება ეს ტექნიკური პრობლემა გახდა ავარიის მიზეზი. მაგრამ გამოძიება მუშაობს სხვა შესაძლებელი ვერსიების დადგენაზეც.“

გემთმფლობელმა განაცხადა, რომ ავარია ქარმა და ძლიერმა ღელვამ გამოიწვია. ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინიმტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა მომხდარის გამო შოკი და მწუხარება გამოხატა.