"ეპა" კვლავ ელის ზურაბ ქურციკიძის გათავისუფლებას

ზურაბ ქურციკიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებისა და გავრცელებული მასალების ფონზე, ევროპული ფოტოსააგენტო ”ეპა” კვლავ რჩება პოზიციაზე, რომ სააგენტოს ფოტოგრაფის ზურაბ ქურციკიძის დაკავება გაუგებრობაა და იმედს იტოვებს, რომ მას გაათავისუფლებენ. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ქურციკიძე ევროპული პრესის ფოტოსააგენტოს ფოტოგრაფია.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდეგი მასალა გაავრცელა: რუკები და ნახაზები, რომლებიც საკმაოდ მკრთალად ჩანდა ტელეეკრანებზე, ასევე ფარული ვიდეოჩანაწერები, სადაც არც ერთი ფოტო რეპორტიორი არ ჩანს, და გედენიძის აღიარებითი ჩვენება. გავრცელდა ასევე სატელეფონო ფარული ჩანაწერი, სადაც ფოტორეპორტიორების ხმები ისმის. ჩანაწერში საუბარია ფრანკფურტიდან ფულის გადარიცხვაზე.

ჩანაწერის დასაწყისში ზურაბ ქურციკიძე ირაკლი გედენიძეს მიმართავს:

- შეგიძლია, რომ ერთ მისამართზე გადააგზავნო შენი საბანკო რეკვიზიტები, ფრანკფურტიდან რომ გამოგიგზავნონ პირდაპირ ფული?

შემდეგ კი მიმართავს გიორგი აბდალაძეს:

- მისამართს გამოგიგზავნი და მაგაზე გააგზავნე შენი რეკვიზიტები. ფრანკფურტიდან უნდა გამოგიგზავნონ ფული, ძველი.

ეპას მენეჯმენტი გაოგნებულია და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ფოტოგრაფის, ზურაბ ქურციკიძის, დაპატიმრების და დაკითხვის ფაქტის გამო. პირადად მე, როგორც ეპას აღმასრულებელმა რედაქტორმა, მინდა დავძინო, რომ ზურაბ ქურციკიძე ყოველთვის მუშაობდა ჟურნალისტური ეთიკისადმი მკაცრი პატივისცემით...
როგორც მოისმინეთ, ორივე შემთხვევაში ნახსენებია ფრანკფურტი.
სწორედ ფრანკფურტში მდებარეობს ეუროპული პრესის ფოტოსააგენტოს მთავარი ოფისი. სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია როგორც ქურციკიძისა და გედენიძის, ასევე აბდალაძის ფოტოები. თავად ევროპული პრესის ფოტოსააგენტო არის ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოში ოთხასამდე პროფესიონალი ფოტოგრაფი ჰყავს და რომელიც დაარსებულია 1985 წელს ევროპის წამყვანი ქვეყნების სხვადასხვა სააგენტოების გაერთიანებით. ეპას ხშირად მოიხსენიებენ როგორც სანდო და პროფესიულ ფოტოსააგენტოს, რომელიც მთელ მსოფლიოს ამარაგებს ფოტომასალით. ორგანიზაციის ვებგვერდზე წაიკითხავთ:

”დამფუძნებლების ხედვა ჩამოყალიბდა დამოუკიდებლად შექმნილ მაღალი ხარისხის ფოტოებზე მოთხოვნილების საფუძველზე. ეპა თავდაპირველად შეიქმნა ევროპული მედიაბაზრის მოსამარაგებლად. ”

თუმცა დღეს უკვე ეპა მსოფლიოს ამარაგებს ფოტოებით.
გიორგი აბდალაძისა და ირაკლი გედენიძისგან განსხვავებით, რომელთა ფოტოებიც ასევე არის ეპას ვებგვერდზე, ზურაბ ქურციკიძე ეპას თანამშრომელია. როგორც მოისმინეთ, სწორედ ქურციკიძე სთხოვს დანარჩენ ორ ფოტოგრაფს საბანკო ანგარიშებს, რათა მათ ფული გადაურიცხონ ფრანკფურტიდან. აქვე უნდა დავძინოთ, რომ სააგენტოს ვებგვერდზე ზურაბ ქურციკიძის გადაღებული ფოტოებიდან ბოლო რამდენიმე ფოტო 26 მაისის ღამის ამსახველი კადრებია. ფოტოებზე ჩანან ნაცემი ადამიანები, რომლებსაც პოლიციელები დამატებით ურტყამენ. კიდევ რამდენიმე კადრს, რომლებზეც 26 მაისის აქციაა ასახული, აქვს მინაწერი - ” სტრინგერი” და ავტორი არ არის დასახელებული. ამ ფოტოებზე, ქურციკიძის ფოტოებთან შედარებით, უფრო გამოკვეთილად ჩანან თავგატეხილი ადამიანები, რომლებიც, სპეცრაზმელების ფონზე, ხელებშეკრულნი გულდაღმა წვანან მიწაზე.

ფოტოების ნახვა გუშინ ეპას ვებგვერდზე დღის განმავლობაში შეზღუდული იყო. თუმცა არა მარტო ფოტოები საქართველოდან, არამედ ვებსაიტზე არ იძებნებოდა ფოტოების ძირითადი ნაწილი მთელი მსოფლიოდან. ჩვენ დავუკავშირდით სააგენტოს სათავო ოფისს ფრანკფურტში, სადაც ჯერ გვითხრეს, რომ არ იცოდნენ, რა პრობლემები აქვს სისტემას:

”ჩვენი ფოტოარქივი არ მუშაობს ამწუთას, წარმოდგენა არ მაქვს რატომ. ჩვენი აი ტი დეპარტამენტი მუშაობს ამის გამოსწორებაზე.”

მოგვიანებით კი გვითხრეს, რომ ვებსაიტს ჰქონდა სერიოზული ტექნიკური პრობლემები, თუმცა დასძინეს, რომ ამას, სავარაუდოდ, არ ჰქონდა კავშირი ფოტორეპორტიორების საქმესთან:

“მე ვფიქრობ, რომ ეს ტექნიკური პრობლემაა და ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს დაკავშირებული ჟურნალისტების მდგომარეობასთან.”

დღის მეორე ნახევარში ეპას ვებგვერდი აღდგა და მასზე დაბრუნდა ზურაბ ქურციკიძის ფოტოები და სხვა ფოტოები საქართველოდან.
სააგენტოს კვლავ დავუკავშირდით მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სააგენტოში დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა კიდევ ერთხელ გადმოგვიგზავნეს ორი დღის წინ გავრცელებული ოფიციალური განცხადება, რომელიც, მათი თქმით, სააგენტოს ოფიციალური პასუხია თბილისში მიმდინარე მოვლენებზე. ამ განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ:

”ეპას მენეჯმენტი გაოგნებულია და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ფოტოგრაფის, ზურაბ ქურციკიძის, დაპატიმრების და დაკითხვის ფაქტის გამო. პირადად მე, როგორც ეპას აღმასრულებელმა რედაქტორმა, მინდა დავძინო, რომ ზურაბ ქურციკიძე ყოველთვის მუშაობდა ჟურნალისტური ეთიკისადმი მკაცრი პატივისცემით და ყოველთვის იმ ჩარჩოს ფარგლებში მოქმედებდა, რომელიც დაშვებული იყო საქართველოს კანონმდებლობით. ამას გარდა, მინდა დავძინო, რომ ეპაში მისი მუშაობის პერიოდში არც ერთხელ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან თხოვნა, რომ მას ემუშავა ჟურნალისტური ეთიკის ან საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგო თემებზე. იგივე ვრცელდება ყველა სხვა ფოტოგრაფზე, რომელიც მუშაობს ჩვენი სააგენტოსთვის. ამიტომაც ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქართველი ხელისუფალნი გამოასწორებენ ამ გაუგებრობას შემდგომი საათების განმავლობაში და ზურაბ ქურციკიძეს გაათავისუფლებენ. ”

განცხადებას ხელს აწერს ეპას მთავარი რედაქტორი სენგიზ სერენი. დაკავებული ოთხი ფოტორეპორტიორიდან ერთ-ერთი, ირაკლი გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე, დღეს სასამართლო დარბაზში არ ყოფილა, სააგენტოების ცნობით, ის გუშინ ღამით გაათავისუფლეს. უნდა დავამატოთ ასევე, რომ გუშინ გვიან ღამით გედენიძეების წყვილმა წერილობითი აცილება მისცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დანიშნულ ადვოკატებს. დაბოლოს, ირაკლი გედენიძის - პრეზიდენტის ყოფილი პირადი ფოტოგრაფის - აღიარებითი ჩვენების ფონზე, უნდა ითქვას, რომ დანარჩენი ორი ფოტოგრაფის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფნი თავს დამნაშავედ არ თვლიან და ბრალს არ აღიარებენ.