ჯაშუშობის ოფიციალური ბრალდება წაუყენეს სამ ფოტორეპორტიორს, რომლებიც ხუთშაბათს გამთენიისას დააკავეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ფოტორეპორტიორებს – გიორგი აბდალაძეს, ზურაბ ქურციკიძეს და ირაკლი გედენიძეს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე – ჯაშუშობის მუხლით. კიდევ ერთი ფოტორეპორტიორი, ნათია გედენიძე, რომელიც ჯაშუშობაში ეჭვმიტანის საფუძველზე იყო დაკავებული, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, სახლში იმყოფება. მას, სააგენტოს ცნობით, „მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო“ ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. რაც შეეხება ფოტორეპორტიორებს, რომლებსაც ოფიციალური ბრალდება წაუყენეს, ისინი, ადვოკატების განცხადებით, ბრალდებას უარყოფენ. გია აბდალაძის ადვოკატ მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, აბდალაძე შიმშილობას განაგრძობს და გუშინდელთან შედარებით უფრო დასუსტებულია.