კარლო კოლოდის “პინოკიოს თავგადასავალი”

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” კარლო კოლოდის კლასიკური საბავშვო ზღაპრის, “პინოკიოს თავგადასავლის” ახალი, ილუსტრირებული თარგმანი გამოსცა.

თითქმის წელიწადნახევარია, რაც რადიო თავისუფლებაში გადაცემა “ბიბლიოთეკა” მიმყავს და აქამდე საბავშვო წიგნებზე არაფერი მითქვამს. ამას, რა თქმა უნდა, რამდენიმე მიზეზი აქვს, თუმცა უმთავრესი მაინც ის გახლავთ, რომ საბავშვო გამოცემა ისედაც ადვილად იმკვიდრებს ადგილს თანამედროვე ქართულ ბაზარზე. ამაზე ორი წლის წინაც ვწერდი და დღესაც გავიმეორებ, რომ გამომცემლობათა უმრავლესობის ძირითადი საქმე ფერადი საბავშვო წიგნებია და ბოლო დროს ყველაზე მეტად სწორედ საყმაწვილო წიგნის მყიდველი აქტიურობს. ჩემნაირი რეცენზენტის დახმარება ნამდვილად არ სჭირდება ამ გამოცემებს, იგი ისედაც იყიდება, მით უმეტეს, არასდროს დამისახავს მიზნად საბავშო წიგნების რეცენზირება/კრიტიკა, არ მიძებნია მათში ხარვეზები... ერთი სიტყვით, ეს სფერო არ მაინტერესებს.
ჩვენს ბავშვობაში „პინოკიო“, პრინციპში, იმდენად ცნობილი არ იყო, რამდენადაც „ბურატინო“. ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ „ბურატინო“ ადაპტირებული იყო ალექსეი ტოლსტოის მიერ და მისი ეს ადაპტაცია ეფუძნებოდა „პინოკიოს“...

დღევანდელი ჩემი არჩევანი მხოლოდ ერთმა რამემ განაპირობა - უკვე კლასიკად ქცეულმა ტექსტმა, ამ ტექსტის ახალმა თარგმანმა (ნოდარ ლადარიას თარგმანი, მართალია, ისე ლაღად ვერ იკითხება, როგორც ვისურვებდით, მაგრამ თავს მაინც წაგვაკითხებს) და შესანიშნავმა ილუსტრაციებმა, რომელიც ყველასთვის აღმოჩენად იქცევა, ვისთვისაც წიგნის მხატვრობა განსაკუთრებული დარგია. გამომცემელმა თინა მამულაშვილმა ეს ილუსტრაციები სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა და მაშინვე გადაწყვიტა კარლო კოლოდის ეს წიგნი სწორედ მისი თანხლებით გამოეცა:

“პინოკიოს გამოცემა ქართულად ამ ფორმატში, ანუ განსხვავებული სახით, გადავწყვიტეთ დაახლოებით ორი წლის წინ. ამის მიზეზი არაჩვეულებრივი ილუსტრატორი იყო, რომელიც პირადად მე აღმოვაჩინე. თუ არ ვცდები, სწორედ ორი თუ სამი წლის წინ მან მიიღო ანდერსენის პრემია. ამ დროს ბოლონიაში ვიმყოფებოდი, საბავშვო წიგნის ბაზრობაზე, და იქ ვნახე მისი ილუსტრაციები. სრულიად შოკირებული დავრჩი, იმიტომ რომ აქამდე არასოდეს მენახა ასეთი ტიპის საბავშვო ილუსტრაცია, თუმცა, მოგეხსენებათ, ძალიან მრავალფეროვანია საზღვარგარეთ გამოცემული საბავშვო წიგნის ილუსტრაციები, არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვთ მხატვრებს და ილუსტრატორებს, მაგრამ ამ ილუსტრატორის განსაკუთრებულობა ისიც არის, რომ მას თავისებური იუმორი აქვს, არის თვითნასწავლი მხატვარი... ბარემ მის სახელსაც ვიტყვი. ეს არის რობერტო ინოჩენტი.”

სხვათა შორის, ეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები პირველად არა მხატვრის სამშობლოში, იტალიაში, არამედ, აშშ-ში გამოსცეს, 1988 წელს, მანამდე კი ინოჩენტის ძირითადად “კონკიას” ილუსტრაციებით იცნობდნენ. იგი ძალზე დიდ დროს ანდომებს ხატვას, ამიტომ 71 წლის თვითნასწავლ შემოქმედს სულ რამდენიმე წიგნი აქვს დასურათებული. მისი მანერა ძალიან დახვეწილია, იგი კარგად სწავლობს რეალიებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ხატვას, დეტალები წარმოუდგენლად ზუსტია, მისი პორტრეტები უცნაურია და ხანდახან წარსულის მხატვრობის კვალსაც ამოიცნობთ მათში. ხშირად იყენებს კინემატოგრაფიულ ეფექტებს, ფერი კი იმდენად მდიდრული აქვს, ყველაზე პირქუშ მკითხველსაც კი განაცვიფრებს.

თინა მამულაშვილმა ჩემთან საუბარში თავისი ბავშვობისდროინდელი შავ-თეთრი გამოცემაც გაიხსენა:
“ჩვენს ბავშვობაში „პინოკიო“, პრინციპში, იმდენად ცნობილი არ იყო, რამდენადაც „ბურატინო“. ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ „ბურატინო“ ადაპტირებული იყო ალექსეი ტოლსტოის მიერ და მისი ეს ადაპტაცია ეფუძნებოდა „პინოკიოს“, მაგრამ რუსმა და საბჭოთა ბავშვებმა უფრო მეტი იცოდნენ ბურატინოს შესახებ, ანუ პატარა ხის კაცუნას შესახებ, რომელიც გაცოცხლდა და ათასგვარი თავგადასავალი გადახდა. და ფილმებიც ბურატინოს შესახებ გადაიღეს და ა.შ. ასე რომ, ძალიან პატარაც აღარ ვიყავი, თინეიჯერი, დაახლოებით 13-14 წლის, როდესაც ხელში ჩამივარდა ცალკე გამოცემული „პინოკიო“. მივხვდი, რომ ერთი და იმავე ნაწარმოების სხვადასხვა ინტერპრეტაცია იყო და, სიმართლე გითხრა, კარგად არც მახსოვს, რა შთაბეჭდილება დატოვა თარგმანმა, ან რა ენიდან იყო ის შესრულებული. მახსოვს, ეს იყო შავ-თეთრი წიგნი, რბილყდიანი, გამოიცა, ალბათ, „ნაკადულის“ მიერ... შეიძლება სადმე ვიპოვო კიდეც სახლში, თუ კარგად მოვძებნი.”

ის წიგნი, რომელსაც თინა გულისხმობს, ალბათ, 1965 წელს გამოცემული, ლეილა ერაძის მიერ იტალიურიდან თარგმნილი წიგნია, რომელიც ხელახლა 1984 წელს გამოიცა. პირველ გამოცემაში რუსი მხატვრის ილუსტრაციები იყო, მეორეში -ქართველის. სულ ბოლოს “პინოკიო” 2008 წელს გამოვიდა ისევ ქართველი მხატვრის ილუსტრაციებით და, ბოლოს, 2011 წელს, ნოდარ ლადარიას მიერ თარგმნილი ეს წიგნი, შესანიშნავი ნახატებით გაფორმებული.
ამჯერად თაგმანის ხარისხზე დიდხანს საუბარს არ ვაპირებ, უარესებიც გვინახავს. უბრალოდ, ერთი-ორ კოჭლ წინადადებას ამოვიწერ, დანარჩენი კი თავად მშობლებმა გაასწორეთ. მაგალითად, მე-5 თავში პინოკიოს ახსენდება, რომ მშიერია და შემდეგ ვკითხულობთ: “კუჭში ერთგვარი წუხილი იგრძნო, რომელიც ძალიან ჰგავდა მადის გაღვიძებას. მადა ბავშვებს ძალიან სწრაფად ეზრდებათ, მართლაც სულ რაღაც რამდენიმე წუთში იქცევა ხოლმე შიმშილად, შიმშილი კი მგლურ შიმშილად გარდაიქმნება, რომელიც ისეთი საგრძნობი და მკვრივია, ლამის, პურის მსგავსად, დანით დაიჭრას.” მომდევნო თავში პინოკიო ისევ მშიერია. ამჯერად გარეთაა გამოსული და ვიღაცის სახლზე რეკავს გაბმულ ზარს. მასპინძელი გადმოიხედავს და ბრაზით დაიძახებს: “რა გნებავთ ამ შუაღამისას?”, რაზეც პინოკიო უპასუხებს: “იქნებ მომანიჭოთ სიამოვნება და ცოტაოდენი პური მიწილადოთ?”.

ბევრ თქვენთაგანს, ალბათ, კარგად ახსოვს ეს წიგნი, მახვილგონივრული, ხანდახან კი სასტიკი, შავი იუმორით გაჯერებული – აქ პინოკიო ჩაქუჩით მიასიკვდილებს ჭრიჭინას, შემდეგ კი თავად ფეხებს დაიწვავს და უფეხოდ დარჩება... რაღაც მომენტში ამ ჭრიჭინას აჩრდილიც გამოჩნდება, ჰამლეტის მამასავით, შემდეგ კი საკმაოდ აქტიურადაც ერთვება მოქმედებაში. ის ეპიზოდიც გეხსომებათ, 4 შავი კურდღელი რომ შემოდის, მხარზე კუბოგადებული... ანდა ის, ყოველი ტყუილისას რომ პინოკიოს ცხვირი ეზრდება და ისიც გეხსომებათ, რომ ძირითადად ტყუილი ორგვარი არსებობს, მოკლეფეხება და გრძელცხვირა, და რომ პინოკიოს ტყუილი სწორედ ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება.

ჟურნალისტმა კარლო ლორენცინიმ, რომელიც კარლო კოლოდის ფსევდონიმით წერდა ხოლმე ფლორენციულ საბავშვო გაზეთში, ამ ნაწარმოების თხზვა 1881 წელს დაიწყო. უფრო სწორად, დაავალეს, რადგან ეს იყო შეკვეთა, რომელიც გაგრძელებებით უნდა დაბეჭდილიყო. „პინოკიოს“ ავტორს თურმე დალევა უყვარდა, ზედმეტ ულუფა ღვინოზე ან გრაპაზე არასდროს ამბობდა უარს, მას აზარტული თამაშებიც იზიდავდა და ნაკლებად ფიქრობდა თავისი ნაწერების ცალკე წიგნად გამოცემაზე. ეს მისია თურმე ფლორენციელ გამომცემელს, ვინმე ფელიჩე პაჯის უკისრია და 1883 წელს წიგნი მკითხველამდეც მისულა, სულ მალე კი საოცრად პოპულარულიც გამხდარა. დღეს ჩვენ ამ წიგნის რამდენიმე თარგმანი გვაქვს. ახალი, ილუსტრირებული გამოცემა კი, იმედია, იმაზე უფრო დიდ კვალს დატოვებს მომავალ თაობებზე, ვიდრე ჩვენზე დატოვა იმ ძველმა, შავ-თეთრმა გამოცემამ.