ფილოსოფია–თეოლოგია და ძველი ქართველები

გამოვიდა “ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი”. ეს უზარმაზარი ორტომეული მეცნიერთა ჯგუფის რამდენიმეწლიანი შრომის შედეგია.

“ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი” სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა და პრეზენტაციამაც უხმაუროდ ჩაიარა. სიმართლე ითქვას, არც არავინ ელოდა, რომ ხმაური მოჰყვებოდა ამ გამოცემას, თუმცა A2 ფორმატის 600 გვერდზე მეტი მოცულობის წვრილი შრიფტით აკრეფილი ორტომეული ფილოლოგიურ-საენათმეცნიერო წრეებში მთლად შეუმჩნეველიც არ დარჩენილა. წიგნი უკვე გადაეცა ბიბლიოთეკებს და მან, ალბათ, უკვე მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ქართველოლოგიურ ცენტრშიც ჩააღწია, მანამდე კი მეც შევეცდები შეძლებისამებრ გამოვეხმაურო ამ უნიკალურ ლექსიკონს.

ეს წიგნი დამანა მელიქიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა და მას მრავალწლიანი შრომა უძღოდა წინ. სამეცნიერო ჯგუფში შედიოდნენ მაია რაფავა, ანა ხარანაული, ნანა ჩიკვატია, ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯურელი, ბექა თოფურია და სხვები. წიგნი მოიცავს ქართული თარგმანის ე.წ. ოქროს ხანაში შესრულებულ, ჩვენამდე მოღწეულ ყველა ტექსტს, საიდან ამოკრებილი ტერმინებიც ქართული აზროვნების კულტურის დიდ, ხანგრძლივ ისტორიაზე მეტყველებს. წიგნის წინასიტყვაობაში ერთი ძალიან საყურადღებო აბზაცია, რომელმაც სწორედ ძველი ქართველი მთარგმნელების თუ კომენტატორების მინაწერები და წინათქმები შეიძლება გაგახსენოთ, სადაც ნათელ რიტორიკასთან გულახდილობაცაა შერწყმული:

“ლექსიკონის შემდგენლებმა კარგად იციან წიგნის ნაკლოვანებათა შესახებ, რაც კიდევ უფრო მკვეთრად და შეუბრალებლად დაბეჭდვის შემდეგ გამოჩნდება. მაგრამ ყველას, ვინც ამ წიგნს ხელში აიღებს, ძველი ქართველი მოღვაწეების მსგავსად შევთხოვთ, დიდსულოვნად მოგვიტეონ ცთომილებანი, მიგვითითონ ისინი, შეავსონ და შემდგომში თავად გახდნენ ამ ლექსიკონის თანაავტორები”.

წიგნი ძალზე ზუსტად, დეტალურად და, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, დოკუმენტირებულად ასახავს იმ გზას, რომელიც ბიზანტიური თუ კლასიკური ტექსტების ქართველმა მთარგმნელებმა გაიარეს. დამანა მელიქიშვილმა ჩვენთან საუბარში მოკლედ მიმოიხილა ეს გზა:

“აი ეს ყველა სირთულე თარგმნის პროცესში ჩნდებოდა. და ეს, რა თქმა უნდა, გადასალახავი იყო. დაწყებული ადრეული საუკუნეებიდან, როდესაც ეგზეგეტიკური ლიტერატურა შემოვიდა ძალიან მიმოქცევაში, საქართველოში კი განსაკუთრებით ათონელების შემდეგ, შავ მთაზე, უკვე საჭირო გახდა ტერმინოლოგიის დაზუსტება. თუ პირველი მთარგმნელები სპონტანურად თარგმნიდნენ და იმ წუთას ეძებდნენ შესატყვისს – ვთქვათ, ასე იქცეოდა სევერიანე გაბალოვნელი, როდესაც თარგმნიდა ბასილი დიდის “ექვსთა დღეთას” განმარტებას, ანდა როდესაც რომელიმე სხვა ავტორის, წმინდა მამის ტექსტს თარგმნიდნენ. ანუ პირდაპირ გადმოჰქონდათ, ტრანსლიტერაციას ახდენდნენ ბერძნული ტერმინისას.”

სანიმუშოდ, თუნდაც ძვ. ბერძნული “სტოიხეიონი” (პირველელემენტი, სტიქია) გამოდგება, რომელსაც ქართულში საკმაოდ ბევრი შესატყვისი დაუგროვდა. მაგალითად, საწყის ეტაპზე ეს ტერმინი პირდაპირ სტუქოდ გადმოჰქონდათ. შემდეგ იყო - სტიქისიც. ანუ ეს არსებითად არცაა თარგმანი, არამედ პირდაპირი გადმოტანა, თუმცა უკვე სინურ მრავალთავის ერთ-ერთ საკითხავში მის ნაცვლად გვხვდება ტერმინი “წესი”, ანუ რიგი, გარკვეული რიგი ელემენტებისა. შემდეგ ტერმინი ითარგმნა როგორც “აგებულება”, თუ არ ვცდები, გიორგი მთაწმინდელი თარგმნიდა ასე, შემდეგ, როგორც “ასო”, “კავშირნი” და სხვ.

“აი ამ ლექსიკონში ეს მიზანი გვქონდა სწორედ. ცნებების ამსახველი ტერმინების განვითარების გზა. დაწყებული IV-V საუკუნეების, მაგ. გაბალოვნელის თარგმანიდან და სხვა უძველესი თარგმანებიდან, შემდეგ თანდათან ათონელების თარგმანში, ანუ ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებთან, მერე უკვე შავ მთაზე. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გიორგი ათონელმა გადადგა, როდესაც გიორგი დაყუდებულმა, მისმა მოძღვარმა, ის ათონის მთიდან გამოიწვია შავ მთაზე, რათა მას ჰქონოდა მუშაობის საშუალება, რადგან წინამძღვრობა ძალიან უშლიდა ხელს და რისთვისაც იყო მოვლინებული ღვთისაგან, იმ საქმისთვის ვეღარ იცლიდა...”

ეს წიგნი ზუსტად აღწერს ახალი მსოფლმხედველობისა და, შესაბამისად, ახალი ენის, ახალი სააზროვნო საშუალებების ჩამოყალიბების პროცესს:

“ჯერ უცნობი, სრულიად ახალი მსოფლმხედველობა შემოვიდა, წარმოიდგინეთ, და მისი შესატყვისი ცნებები უნდა ჩამოყალიბებულიყო და ტერმინოლოგიური ღირებულება მისცემოდა მას. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ? რა თქმა უნდა, უნდა შეექმნათ ეს ცნებები, მაგრამ რის მიხედვით უნდა შეექმნათ? როგორც პეტრიწი ამბობს, რა თქმა უნდა, ისევ ელინთა მიბაძვით, ანუ ისევ “მივბაძოთ ელინთა ენადღეობასა, რომელსაცა შინა ყოველსავე თვისი სახელი ჰქვიან, შესაბამი თვისისა არსებისაი.” ანუ ის, რაც არსებაში დევს, ის ნათელია, ანუ გამჭვირვალეა ბერძნული ტერმინი და პეტრიწი მოუწოდებდა მიებაძათ იმ ენისთვის. მისი მიზანი სწორედ ეს იყო.”

ქართული ელინოფილური სკოლის ამოსავალიც სწორედ ეს გახლავთ, თანაც ამ წიგნში ერთმანეთისგან არაა გამიჯნული ფილოსოფიური და თეოლოგიური ტერმინები, რადგან ამ პერიოდში ცნებების ეს ორი რიგი ძალიან გადაჯაჭვული იყო და ჯერ ბიზანტიურ ხანაში ხდებოდა ძველბერძნული ფილოსოფიური ცნებების ქრისტიანიზაცია და შემდეგ, რა თქმა უნდა, თარგმანშიც გადმოდიოდა ეს ახალი მნიშვნელობები. ლექსიკონში უზარმაზარი მასალაა გათვალისწინებული: სევერიანე გაბალოვნელის, იოანე ტარიჭისძის, არსენ იყალთოელის, ეფრემ მცირის, ათონელების, იოანე პეტრიწის, თეოფილე ხუცესმონაზონის, იოანე ჭიმჭიმელისა და მრავალი ანონიმი ავტორის მიერ შესრულებული თარგმანები.
კიდევ ერთი ციტატა წინასიტყვაობიდან:

“XI-XII საუკუნის მოღვაწენი დიდ შემოქმედებითს ძალასა და სითამამეს იჩენდნენ, რათა გამოევლინებინათ ქართული სიტყვაწარმოების შესაძლებლობანი, ფართო გასაქანი მიეცათ მათთვის და მხოლოდ და მხოლოდ ქართული მასალით, ქართული ძირებითა და აფიქსებით და არა მექანიკური სესხების გზით შეექმნათ საკუთარი მეცნიერული ტერმინოლოგია და, ამგვარად, ქართული ენა თავისი გამომსახველობითი ძალით გაეტოლებინათ ”გონიერთა ხედვათა მომმარჯვი” ბერძნული ენისათვის, რომლის ”ენამზეობა” და ”ენადღეობა” მისაბაძი იყო არა მარტო ქართველი მთარგმნელებისათვის, არამედ რომაელებისათვისაც, რასაც ჰორაციუსის ”პოეტური ხელოვნებისათვის” ტრაქტატის სიტყვებიც მოწმობს”.

სამწუხაროდ, გარკვეულ მიზეზთა გამო წიგნი მაღაზიების ქსელში ვერ გავა, თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, იგი ყველა მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრშია დაგზავნილი და ბიბლიოთეკებშიც შეიძლება მოიკითხონ მსურველებმა. წიგნის ავტორებს მომზადებული აქვთ მესამე ტომიც, სადაც მთლიანად ინდექსები და საძიებლებია შესული. სხვათა შორის, მესამე ტომში, როგორც ქალბატონმა დამანა მელიქიშვილმა გვითხრა, ცნებები ქრონოლოგიურად დალაგდება და მკითხველი უშუალოდ დაინახავს ამა თუ იმ ფილოსოფიური თუ საღვთისმეტყველო ცნების განვითარებას.