უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი”

გამომცემლობა “დიოგენემ” უმბერტო ეკოს პირველი და ყველაზე ცნობილი რომანი გამოსცა ქართულ ენაზე.

რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ გამომცემლობა “დიოგენემ” უმბერტო ეკოს ყველაზე ცნობილი რომანი - “ვარდის სახელი” - დაბეჭდა. 900-მდე გვერდიანი მაღალპოლიგრაფიული წიგნი ნამდვილად მოვლენად უნდა იქცეს ბოლო წლების ქართულ საგამომცემლო ისტორიაში - სახელოვანი ავტორი, ცნობილი წიგნი, კარგი ქართული თარგმანი და სასიამოვნო გამოცემა, წესით, ამის გარანტი უნდა იყოს.

თარგმანი მართლაც კარგია. ხათუნა ცხადაძეს აქამდეც კარგ მთარგმნელად ვიცნობდი. სანიმუშოდ თუნდაც მის ბოლო ნამუშევარს გაგახსენებთ, ნიკოლა ამანიტისა და ლუიზა ბრანკაჩოს “გასეირნებას”, რომელიც შარშან დავბეჭდე “ლიტერატურა – ცხელ შოკოლადში”, თუმცა ამ თარგმანმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აქ იმდენი ენობრივი თუ აზრობრივი სირთულეა დაძლეული და მოსალოდნელი ინტერტექსტუალური ხლართები იმდენად ზუსტად და მოქნილადაა გადმოტანილი, რომ წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ამ და სხვა მიზეზების გამო, “ვარდის სახელი” იმ იშვიათ ქართულ პროზაულ თარგმანთა რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ, რომლებიც დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას და მხოლოდ “ეროვნული ბიბლიოთეკის” კატალოგს კი არ ავსებენ, არამედ სიამოვნებას ანიჭებენ მკითხველს და ზრდიან კიდეც ასეთ ჰედონისტ მკითხველს.

საქართველოში “ვარდის სახელი” ბევრმა 90-იანი წლების დასაწყისში წავიკითხეთ რუსულ ენაზე და ამ წიგნიდან მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებზე ცალკე სტატიის დაწერაც შეიძლება. პირველად რუსულად წაიკითხა წიგნი იტალიურიდან მთარგმნელმაც, ხათუნა ცხადაძემ:

„პირველად ეკო რუსულად წავიკითხე 90-იან წლებში. შემდეგ შემთხვევით - სხვათა შორის, რუსთაველზე - ვიყიდე იტალიური გამოცემა, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო ერთ-ერთი პირველი - 1983 წლის - გამოცემა, ამის შესახებ შემდეგ თვითონ მითხრა ეკომ. ეს შემთხვევით მოხდა და დღემდე არ ვიცი, ვინ იყო ის გამყიდველი, რატომ ყიდდა, საიდან მოიტანა ეს წიგნი. მაშინ უკვე იტალიურადაც წავიკითხე რომანი.“

იმავე პერიოდში - შესაძლოა უფრო ადრეც, 80-იანების ბოლოს - ჩვენს კინოთეატრებში გამოვიდა ჟან-ჟაკ ანოს მიერ გადაღებული ეკრანიზაციაც, სადაც შონ კონერი თამაშობდა მთავარ როლს და რომელიც ძალიან პოპულარული იყო საქართველოში. ფილმი ლამის ყველა სოფელში აჩვენეს. მახსოვს, ჩემმა დამ “ვარდის სახელი” ზაფხულის არდადეგებზე ამბროლაურში ნახა.

ამ დროს ცოტა ვინმე თუ იცნობდა (მათ შორის, ცხადია, არც მე) წიგნის ავტორს, სემიოტიკოსს, ლიტერატურათმცოდნეს, მედიევისტს. ეკო სხვადასხვა დროს ეთიკისა და რწმენის საკითხებზეც წერდა. სწორედ ერთ-ერთ კარდინალთან დებატების თარგმანი იქცა ეკოს პირველ ქართულ წიგნად:

“ჩემი ეკოსთან დაკავშირება მერაბ ღაღანიძის წყალობით მოხდა, იმიტომ რომ მერაბმა შემიკვეთა ეკოსა და კარდინალ მარტინის ცნობილი დებატების თარგმნა, რომელიც ცალკე წიგნადაც გამოვიდა და ამით მოხდა ჩემი პირველი შეხება ეკოსთან. მოგვიანებით თამარ ლებანიძე, რომელმაც შეიძინა საავტორო უფლებები ეკოს “ვარდის სახელზე”, დამიკავშირდა და შემომთავაზა ეს პროექტი. თარგმნა 2005 წელს დავიწყე და ამდენი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი. დავამთავრე შარშან ივლისის თვეში, დანარჩენი დრო კი რედაქტირებამ წაიღო.”

ეს რომანი 1980 წელს გამოვიდა იტალიაში და ერთ-ორ წლიწადში უკვე ათამდე ენაზე იყო თარგმნილი. 80-იან წლებში იგი გარკვეული ინტელექტუალური მოძრაობის (რომელიც პრინციპში უფრო უძრაობა იყო) სიმბოლოდ იქცა და წლების მანძილზე ეკოს ყაიდის, ინტერტექსტუალობითა და ლიტერატურული თამაშებით გატაცებული მწერლები სხვა ქვეყნებშიც გაჩნდნენ: აშშ-ში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რუსეთში, საქართველოში.

უმბერტო ეკო ყოველთვის ფორმაშია. აუარება კვლევის გარდა, იგი საშუალოდ ექვს-შვიდ წელიწადში ერთხელ წერს რომანს. მაგალითად, “ფუკოს ქანქარა” ეკომ 1988 წელს გამოსცა, 1994 წელს მესამე რომანი გამოვიდა, “წინა დღის კუნძული”, 2000-ში - “ბაუდოლინო”, 2004-ში - “დედოფალ ლოანას იდუმალი ალი”, შესაძლოა ეკოს ყველაზე გამჭვირვალე და ავტობიოგრაფიული წიგნი.

ზემოთ უძრაობა ვახსენე და აქვე დავაზუსტებ, თუ რატომ იქცა იგი 70-80-იანი წლების ევროპული ინტელექტუალური ცხოვრების სიმბოლოდ. ამაზე პასუხი თავად წიგნშია, სადაც მთხრობელი, ვისაც იშვიათი ხელნაწერი ჩაუვარდა ხელთ, საინტერესო რამეს ამბობს და ამას აშკარად ცეცხლოვანი 60-იანების კრიტიკული ნოსტალგია ათქმევინებს:

“ვიწერ ხელნაწერს და დღევანდელობის საზრუნავი არ მადარდებს. იმ წლებში, როცა ვალეს ტექსტი აღმოვაჩინე, ბატონობდა აზრი, რომ წერისას აწმყოს პრობლემებზე უნდა იფიქრო, სამყაროს შეცვლა დაისახო მიზნად. ახლა კი, ათი წლის გადასახედიდან, წიგნიერი კაცის - რომელიც თავის უზენაეს ღირსებას უბრუნდება - ნუგეში ისაა, რომ უბრალოდ მწერლობის სიყვარულითაც შეიძლება წერა.”

განსწავლულობა, ცოდნის ძალა, ცნობისწადილი, კვლევა, ძიება - ეს ის ცნებებია, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ეკოსა და მისი მთავარი გმირისთვის, უილიამ ბასკერვილელისთვის, რომელიც, სხვათა შორის, ნაწარმოებში გარეგნულად სემუელ ბეკეტს უფრო ჰგავს, ვიდრე შონ კონერის. თუმცა სამივეს ერთი რამ აერთიანებს - სამივე მოხეტიალე ბრიტანელია, რომელიც ბედისწერამ კონტინენზე ატარა:

“- ჰო, მგონი, ურიგოდ არ გავერთობით”, - ამბობს უილიამ ბასკერვილელი საღვთისმეტყველო დებატების მოლოდინში, რაზეც უბერტინუსი, მხცოვანი ფრანცისკანელი ბერი, ასე პასუხობს: “- ვერასოდეს ვიგებ, თქვენ, ინგლისელები, როდის ლაპარაკობთ სერიოზულად. გასართობი არაფერია ასეთ სერიოზულ საკითხში.”
არადა, ეკომ სწორედ გასართობად აქცია ყველაზე სერიოზული ფილოლოგიური, თეოლოგიური და სხვა საკითხები და საგანცხრომო საკითხავი მოგვცა.

სხვათა შორის, ეკო 70-იან წლებში თბილისშიცაა ნამყოფი. მისი ყურადღებიანი მკითხველი შეამჩნევდა, რომ ეკო რამდენიმეჯერ ახსენებს ჩვენს დედაქალაქს თავის წიგნებში - რომანებშიც და კვლევებშიც. მაგალითად, “ვარდის სახელში” შესავალშივეა ნახსენები ერთი სამუდამოდ დაკარგული ქართული ტექსტი, რომელიც თბილისში იყო გამოცემული 1934 წელს. თბილისს ხათუნა ცხადაძეც შეეხო ჩემთან საუბარში:

“მე ეკოს შევხვდი 2010 წელს, ბოლონიაში. გამომცემლობა “დიოგენესთან” ერთად ვიყავი წიგნის ბაზრობაზე და მაშინ საქართველოში იტალიის ელჩის წყალობით მოვახერხეთ მისი ნახვა. შეხვედრა დაგვინიშნა თავის კაბინეტში, რომელსაც ის, სხვათა შორის, უწოდებს მსოფლიოში პირველ ოვალურ კაბინეტს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდაო. ეს არის გვიანი შუა საუკუნეების შენობა, სადაც ეს დეპარტამენტია განთავსებული, რომელსაც ეკო დღემდე ოფიციალურად ხელმძღვანელობს. ძალიან კარგად შეგვხვდა, თბილისში ნამყოფი ყოფილა 1971 წელს, ახსოვდა რაღაცები, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღით ყოფილა აქ ჩამოსული.”

ქართველ მთარგმნელსაც, ისევე როგორც სხვა ენებზე მთარგმნელებს, ეკომ სპეციალურად მთარგმნელებისთვის შედგენილი დამხმარე ბუკლეტი მისცა, ბუნდოვანი ადგილების ან სხვა დეტალების განსამარტავად:

“ეკოს თითოეულ რომანზე ჰქონია დაახლოებით 70-80-გვერდიანი ბუკლეტები, ანუ კომენტარები სპეციალურად მთარგმნელებისთვის. და ეს განმარტებები მხოლოდ მთარგმნელებისთვისაა. მე სხვა ავტორი არც მეგულება, ვინც ასეთ რაღაცას აკეთებს.”

ეკო რამდენიმე ენას ფლობს და ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ თუ რუსულ თარგმანებს რედაქტირებას თვითონვე უკეთებს ხოლმე, ქართულზე კი იძულებული გახდა ქართველი მთარგმნელისა და რედაქტორების საიმედო ხელში დაეტოვებინა წიგნი. შედეგი თავად შეგიძლიათ ნახოთ და იქნებ თქვენც მოსწყდეთ დღევანდელობის საზრუნავს, რადგან ასეთ წიგნებს მხოლოდ ლიტერატურის სიყვარულის გამო ვკითხულობთ, აწმყოს მძიმე ბორკილებისგან გასათავისუფლებლად.