თბილისში წიგნის მე-13 ფესტივალი მიმდინარეობს

წიგნის ფესტივალი

უკვე მეორე დღეა თბილისში, საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიაში”, წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი და უცხოელი გამომცემლები იღებენ მონაწილეობას. წიგნების დათვალიერების და შეძენის გარდა, ფესტივალზე მისულ ადამიანებს ახალი წიგნების პრეზენტაციები და ამ წიგნების ავტორებთან შეხვედრებიც ელით. 26-დან 29 მაისამდე ლიტერატურის ყველა მოყვარულს წერეთლის # 118-ში შეხვდებით.

ყველა, ვისაც წიგნები ძალიან უყვარს, ამ დღეს განსაკუთრებულად ელის ხოლმე. მხოლოდ იმიტომ არა, რომ გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები წიგნებზე ფასებს აკლებენ, არამედ იმიტომაც, რომ ერთ დიდ დარბაზში უამრავი წიგნია გამოფენილი, რომლის მშვიდად დათვალიერება და არჩევაც ოთხი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. აღარაფერს ვიტყვი იმ სიამოვნებაზე, რასაც ლიტერატურის მოყვარულებს ახალი წიგნის ყიდვა ანიჭებს. მაშ ასე, წიგნის მე-13 ფესტივალი, საგამოფენო დარბაზი ”ექსპო ჯორჯია” ხალხითაა სავსე. ჩვენი მისვლა ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემული ამერიკული მოთხრობების ანთოლოგიის პრეზენტაციას დაემთხვა.

წიგნის ფესტივალი
”ეს იქნება სერია წიგნებისა - სხვადასხვა ქვეყნის მწერლების მოთხრობების ანთოლოგიები. დავიწყეთ ამერიკული მოთხრობებით, რაშიც ძალიან დაგვეხმარა ამერიკის საელჩო, იმიტომ რომ ასეთი წიგნების გამოცემა (საავტორო უფლებები, თარგმნა) ძალიან ძვირი ჯდება.. რომ არ დაეფინანსებინათ, წიგნის ფასი 100 ლარამდე აიწევდა, მაგრამ დრეს 19 ლარი ღირს”...

შარშანდელი წიგნის ფესტივალის შემდეგ, როგორც ბაკურ სულაკაური გვეუბნება, 139 ახალი წიგნი გამოსცეს, 169 კი თავიდან დაბეჭდეს. ერთ წელიწადში სამასი წიგნი არც ისე ურიგო საქმეა. წელს სულაკაურის გამომცემლობას კიდევ ერთი სიახლე აქვს. გამომცემლობის სტენდთან ორი წითელი სავარძელი დგას, რომელიც, როგორც გავიგეთ, მწერლებმა უნდა დაიკავონ და მკითხველებს თავიანთ წიგნებზე ესაუბრონ:

დავიწყეთ აკაკი ბაქრაძის ”ილია ჭავჭავაძით”, გაგრძელდა სტენდალის ”ლეონარდო და ვინჩით”, მერე გამოვიდა რუსუდან ჯავახიშვილის ”მიხეილ ჯავახიშვილი”, გიორგი კაკაბაძის ”ნიკო ფიროსმანი”, გვაქვს ფროიდის, განდის ბიოგრაფიები...
”ამ შეხვედრებს უძღვებიან ან სხვა მწერლები, ან ლიტერატორები, კრიტიკოსები.. იმედია, ამას სხვა გამომცემლობებიც გაიზიარებენ და მაშინ ეს იქნება არა, უბრალოდ, წიგნის ბაზრობა, არამედ ნამდვილი ფესტივალი.”

„დიოგენეს“ სტენდთან გამომცემლობის სიმბოლო - ხე დაუდგამთ. სიახლეები „დიოგენესაც“ ბევრი აქვს.

”წელს სელინჯერის ახალი გამოცემები გვაქვს - მოთხრობების სამი კრებული; ასევე, სულ ფამუკის ახალი თარგმანი.. გვაქვ წიგნებთან დაკავშირებული უამრავი აქსესუარი, დიდი ფასდაკლება”, - ამბობს „დიოგენეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო კუსრაშვილი.

აი, „სიესტასაც“ მივადექით, სადაც ”ვარდისფერი ავტობუსის” პოეტებიდან ერთ-ერთი - ალექსა ჩიღვინაძე - დაგვხვდა. სიახლეებზეც ის მოგვითხრობს:

”ახალი გვაქვს ”გველისმჭამელი” - ვაჟა ფშაველას პოემის კომიქსი. მარკესის, ჰესეს და უნამუნოს წიგნებიც გავიმეორეთ სპეციალურად ფესტივალისთვის. ახალია გია მირზაშვილის პოეზიის კრებულიც... ერლომ ახვლედიანის ”კოღო ქალაქში”...

თუმცა ალექსა ჩიღვინაძე ფიქობს, რომ წიგნის ფესტივალის მასშტაბები უნდა გაიზარდოს და ხალხი მხოლოდ ფასდაკლების გამო არ უნდა მოვიდეს.

გამომცემლობა ”პეგასი” წელს ილუსტრირებული ბიოგრაფიების სერიით იწონებს თავს. აქ ჩვენი გიდი ერთ-ერთი წიგნის - ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიის - ავტორი მიხო მოსულიშვილია:

წიგნის ფესტივალი
”დავიწყეთ აკაკი ბაქრაძის ”ილია ჭავჭავაძით”, გაგრძელდა სტენდალის ”ლეონარდო და ვინჩით”, მერე გამოვიდა რუსუდან ჯავახიშვილის ”მიხეილ ჯავახიშვილი”, გიორგი კაკაბაძის ”ნიკო ფიროსმანი”, გვაქვს ფროიდის, განდის ბიოგრაფიები. სულ ბოლოა ჩემი „ვაჟა-ფშაველა”, რომლის შესახებაც ბავშვობიდან ვაგროვებდი ცნობებს, ფშავშიც შვიდი წელი ვმუშაობდი გეოლოგად და იქაც ვაგროვებდი ჩანაწერებს და ამ ყველაფერმა თავი მოიყარა ამ წიგნში. აქ ვაჟაზე არა მხოლოდ როგორც ფშავის მცხოვრებზეა მოთხრობილი, არამედ როგორც ქალაქელ კაცზეც, რომელიც ბილიარდსაც ითამაშებდა და ჰეგელის ისეთი მცოდნე იყო, რომ გრიგოლ რობაქიძეს გააოგნებდა, ისე იცნობდა ჰეგელს”...

მაღაზია ”ბიბლუსმა” რუსულენოვან წიგნებზე ყველაზე დიდი - 50%-იანი - ფასდაკლება შესთავაზა მყიდველს. ”ბიბლუსის” პიარმენეჯერი მარიამ წამალაშვილი ფესტივალის დარჩენილი ორ დღის გეგმებზეც მოგვითხრობს.


ახლა ვნახოთ, ვინ რა წიგნზე შეაჩერა არჩევანი. ყველაზე მეტად წიგნის ფესტივალზე სწორედ ეს მაინტერესებს ხოლმე - წიგნებით სავსე ჩანთებში ცალი თვალით ჩახედვა:

”მე გორგასალი და ქართული პროზის ერთ-ერთი ტომი ვიყიდე.”

”უმბერტო ეკოს ”ვარდის სახელი” მინდა ვიყიდო, მაგრამ ფული აღარ დამრჩა, ჰესეს ”ტრამალის მგელი ” შევიძინე”...

”ხიმენესის ”პლატერო და მე” ვიყიდე საჩუქრად. მიყვარს ასეთი დღეები, ჩემს სტიქიაში ვარ, როგორც იტყვიან”...

წიგნის ფესტივალი შაბათ-კვირასაც გრძელდება და 29 მაისს იხურება. ამ დღეების განმავლობაში არაერთი საინტერესო წიგნის პრეზენტაცია და მწერლებთან შეხვედრაა დაგეგმილი. სხვა რა შეიძლება აკეთო უფრო სასიამოვნო უქმე დღეებში... განსაკუთრებით, თუ უწიგნოდ ცხოვრება არ შეგიძლია.