სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პასპორტიზაცია დაიწყო

ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი პასპორტების გაცემა დაიწყო. პასპორტიზაციის დაწყების შესახებ კოკოითის მთავრობამ გადაწყვეტილება გუშინდელ სხდომაზე მიიღო. საპასპორტო კომისია ახალგორში უკვე ჩავიდა და აბიტურიენტებს საპასპორტო სურათები გადაუღო. დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტს, პირველ რიგში, სკოლადამთავრებულებს და აბიტურიენტებს მისცემენ, რათა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას პრობლემები არ შეექმნათ. ახალგორის მცხოვრებ თამარ მეარაყიშვილის ცნობით, დაბის მოსახლეობისთვის ახალი პასპორტების გაცემა ივნისიდან დაიწყება და ეს პროცესი ერთ თვეს გასტანს. ახალგორელებისთვის უცნობია, კოკოითის მთავრობა მოსთხოვს თუ არა მათ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ჩაბარებას. მეარაყიშვილის თქმით, დაბაში მცხოვრებლები პროცესის დაწყებას უემოციოდ შეხვდნენ.
კოკოითის ხელისუფლებამ პასპორტიზაციის დაწყების თარიღი გასული წლის სექტემბრიდან დღემდე არაერთხელ შეცვალა. დე ფაქტო რესპუბლიკაში შესაბამისი ტექნიკა არ არსებობდა, პრობლემებმა მოგვიანებით, დოკუმენტაციის შედგენისას იჩინა თავი. როგორც ცნობილია, ნოემბერში დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, ამიტომ ხელისუფლება პასპორტიზაციის დასრულებას შემოდგომამდე გეგმავს. ახალგორის ქართული მოსახლეობისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პირადობის მოწმობები შეუნარჩუნდეთ.

გავრცელებული ხმებით, კოკოითის მთავრობა თვალს დახუჭავს იმაზე, რომ დაბის მცხოვრებლებს ქართული მოწმობებიც ჰქონდეთ. ამ დოკუმენტის გარეშე ახალგორელთა გადაადგილება თბილისის მიმართულებით წარმოუდგენელია. ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ყოჩიშვილი ამბობს, რომ საგუშაგოებზე დაბაში მცხოვრებლებს პრობლემები ჯერ არ ექმნებათ, მაგრამ, მისი ვარაუდით, პასპორტიზაციის შემდეგ ახალგორში შესვლა გართულდება.

ამჟამად წეროვანში მცხოვრებ ახალგორელებს, რომლებსაც დაბაში აქვთ რეგისტრაცია გავლილი, სახლში ჩასვლა უპრობლემოდ შეუძლიათ. ახალგორში დარჩენილები დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტების აღებას აპირებენ, თუმცა ქართული პირადობის მოწმობების შენარჩუნებაზეც ფიქრობენ. მათი აზრით, თუ კოკოითი ამ დათმობაზე არ წავა, დაბა სრულიად ჩაკეტილი და იზოლირებული აღმოჩნდება, რადგან ოსური პასპორტებით იქიდან გასვლა შეუძლებელი იქნება.