დღევანდელ გადაცემაში სამ წიგნზე ვისაუბრებთ - ნიკოლო მაკიაველის “მთავარზე”, ვაცლავ ჰაველის ბოლოდროინდელ ჩანაწერებსა და რევაზ ლომინაძის კვლევაზე “რუსული მართვა-გამგებლობა საქართველოში”.
სამივე ეს წიგნი ძალიან კარგად ესადაგება საქართველოში დღეს არსებულ პრობლემებს. ძალაუფლების გადანაწილების ან მისი დათმობის თემა დღეს ერთ-ერთი უმთავრესია ჩვენში და წიგნებიც სწორედ ამ თვალსაზრისით იქნება საინტერესო. მაგალითად, მაკიაველის წიგნი იმაზეა, თუ როგორ შეინარჩუნოს მმართველმა ძალაუფლება ყველა შესაძლო ხერხით. ვაცლავ ჰაველის “გთხოვთ, მოკლედ” იმის შესახებაა, თუ როგორ არ გახდე დიქტატორი და როგორ შეელიო ძალაუფლებას უმტკივნეულოდ. ჩვენი მიმოხილვის ბოლო წიგნი კი ქართული მმართველობის გაუქმებისა და რუსულის ბატონობის პირველ, საწყის ეტაპზე მოგვითხრობს.
ბაჩანა ბრეგვაძის მიერ თარგმნილი ნიკოლო მაკიაველის “მთავარი” პირველად 1984 წელს გამოსცა მთარგმნელობითმა კოლეგიამ, წელს კი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” “სამხედრო ბიბლიოთეკის” სერიით გამოუშვა. ესაა პოლიტიკური ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოები, წიგნი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ძალიან ბევრი რამ და ბევრი ვინმე შეცვალა, თუმცა თავად მწერლის, ნიკოლო მაკიაველის სიცოცხლეში იგი არასდროს გამოცემულა. მწერალი და ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი მიიჩნევს, რომ “მთავარი” ყველა მეტ-ნაკლებად რეალიზებული ევროპელი პოლიტიკოსის სამაგიდო წიგნი იყო საუკუნეების განმავლობაში:
“ბევრი მკვლევარი შენიშნავს, რომ ნიკოლო მაკიაველის ამ წიგნს უჩვეულო ბედი დაჰყვა. ის არ წაიკითხა და, შესაბამისად, შეუმჩნეველი დარჩა მას, ვისთვისაც დაიწერა ეს ტექსტი. ვგულისხმობ ლორენცო მედიჩის, ლორენცო დიდის შვილიშვილს, ფლორენციის ახალგაზრდა მთავარს. თუმცა არ მეგულება მეტ-ნაკლებად რეალიზებული ევროპელი პოლიტიკოსი, მით უფრო, სახელმწიფო მმართველი, რომელსაც მომდევნო ექვსი საუკუნის განმავლობაში ეს წიგნი, ეს ტექსტი არ წაეკითხოს.”
ესაა აკადემიური გამოცემა, რომელსაც ბაჩანა ბრეგვაძის ვრცელი - 75 გვერდიანი - წინასიტყვაობა უძღვის, თავად ტექსტი კი დაწვრილებითაა კომენტირებული, სადაც, ისტორიული ფონის გარდა, ის სააზროვნო გარემოც ჩანს, რაშიც იქმნებოდა ეს ტექსტი:
“მაკიაველი იზიარებს პლატონის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს ინტერესებს პიროვნების ინტერესებთან მიმართებაში სრული უპირატესობა აქვს, თუმცა მაკიაველი უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ სახელმწიფოს ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანი, ზნეობა, ტრადიცია. ერთი სიტყვით, მაკიაველისთვის ადამიანი საშუალებაა და არა მიზანი. ერთგან ის ასეთ რჩევასაც აძლევს მთავარს: “დიდი საქმეა ხალხს ეშინოდეს შენი, მაგრამ არ სძულდეო. ხოლო რომ არ სძულდე, ამისათვის სისასტიკე ერთბაში და ერთჯერადი უნდა იყოსო”.”
სრულიად საპირისპირო ღირებულებებზეა დამყარებული ვაცლავ ჰაველის ბოლო წიგნი, “გთხოვთ, მოკლედ”, რომლის არსიც ჯიმშერ რეხვიაშვილმა მოკლედ ასე დაგვიხასიათა:
“უხეშად რომ ვთქვათ, ჰაველის ეს წიგნიც და მთელი მოღვაწეობაც იმის შესახებაა, თუ როგორ არ გახდე დიქტატორი და როგორ შეელიო ხელისუფლებას უმტკივნეულოდ. ჰაველი ვერ შეცვალა ძალაუფლებამ. ძალაუფლებამ ვერ შეცვალა მისი შინაგანი სამყარო, ფასეულობები. ოპონენტები მას ხშირად საყვედურობდნენ ე.წ. არაპოლიტიკური პოლიტიკის გამო, მაგრამ ვერც კრიტიკამ, ვერც ქილიკმა, ვერც დაცინვამ და ვერც ძალაუფლებამ ჰაველს ვერ ათქმევინა უარი საკუთარ კრედოზე. ჰაველი ამ წიგნშიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ საკითხებზე მაღლა დგას ზნეობის კანონი.”
ძალიან ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის მმართველის ერთპიროვნულ ლიდერად, დიქტატორად, ერის მამად ქცევის პრობლემა უმნიშვნელოვანესი თემაა. ჰაველი ყველანაირად უპირისპირდებოდა ამას, იგი სხვადასხვა დროს ორი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა, ძალაუფლებაზე დამოკიდებული არასდროს ყოფილიყო. თავის ჩანაწერებში იგი ხანდახან ხაზსაც კი უსვამს იმას, რომ პრეზიდენტობა ბევრ რამეში უშლიდა ხელს, რომ თანამდებობის გამო იგი თავისუფლებას კარგავდა.
ჰაველს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს, თვითირონია მისი განსაკუთრებული თვისებაა. იგი ვითომ გმირს უწოდებს თავის თავს და იქვე დასძენს, სინამდვილეში გამოუსწორებელი მშიშარა ვარო. და ამას ამბობს ყოფილი დისიდენტი, შესანიშნავი დრამატურგი, მწერალი, ესეისტი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა გულწრფელი ყოფილიყო:
“ჰაველი ამბობს, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ტანჯავდა შიში, ეჭვები. ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, დარწმუნდება, რომ ეს არაა ექსტრავაგანტულობის თამაში ან პოზა. ჰაველი ამ ტექსტში უკიდურესად გულწრფელია, ღიად საუბრობს თავის სისუსტეებზე, ავადმყოფობაზე, ფატალურ უიღბლობაზე. მას ყოფით სიტუაციებში საოცრად არ უმართლებს და, როგორც თავად ამბობს, ხშირად მოუტეხია ფეხი, გაუბზარავს ნეკნები და ა.შ. ის ღიად საუბრობს, ფაქტობრივად, თავის ყველა სისუსტეზე. თუმცა ეს ნამდვილად არ არის მომაბეზრებელი, ასეთი გაბმული წუწუნი.”
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჰაველის ეს წიგნი დედნის ენიდან, ჩეხურიდანაა თარგმნილი. თარგმანი სულხან მუხიგულაშვილმა შეასრულა და მის მიერ გადმოქართულებულ ტექსტში, ფაქტების თუ შეფასებების გარდა, ის აბსურდის ელემენტებიც კარგად იკითხება, რომელიც ჰაველის ნაწერს ახასიათებს. ტექსტში ხშირია გამეორებები და, ცხადია, ეს გამეორებები ერთგვარი ხერხია, რადგან შეუძლებელია ავტორს ან რედაქტორს, ან თუნდაც კორექტორს გაჰპარვოდა ეს გამეორებები. ჰაველი ამას თავისი გულმავიწყობით ხსნის, სინამდვილეში კი ეს ტექსტს გარკვეულ ლიტერატურულ ხიბლსაც სძენს. მაგალითად, წიგნში ერთი ყოფითი ფრაზაა, რომელიც არაერთხელ მეორდება და რომელიც სულ ბოლოს ასრულებს კიდეც ტექსტს: “მოსარწყავად, ალბათ, უფრო გრძელი შლანგია საჭირო.”
ჩვენი პოლიტიკურ-ლიტერატურული მიმოხილვის მესამე წიგნია პროფესორ რევაზ ლომინაძის საინტერესო კვლევა – “რუსული მართვა-გამგებლობა საქართველოში”. ეს წიგნიც, პირველი ორივით, ძალაუფლების, მართვის საკითხს ეხება, ოღონდ, პირველი ორისგან განსხვავებით, აქ საუბარია ძალაუფლებაწართმეულ ქვეყანაზე და უცხოელების მიერ ამ ქვეყნის მართვის პრინციპებზე. ეს კვლევა მონოგრაფიის პირველი ტომია და შეეხება საქართველოში რუსების ბატონობის პირველ ათწლეულებს (1801-1841). წიგნი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მასში, უკვე არსებული ლიტერატურის გარდა, ფართოდაა გამოყენებული საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივისა და რუსეთის ფედერაციის საისტორიო არქივის ფონდებში მოძიებული მასალები, რომლის უდიდესი ნაწილიც, როგორც თავად ავტორი ამბობს, “პირველად შემოდის სამეცნიერო ბრუნვაში”.
წიგნი სამ ნაწილადაა დაყოფილი. პირველი უშუალოდ რუსული მმართველობის დამყარებას ეხება საქართველოში, მეორე - 1840 წლის რეფორმამდელ ცვლილებებს მმართველობაში და მესამე – 1840 წლის ადმინისტრაციულ რეფორმას საქართველოში. ავტორი ამოდის დებულებიდან, რომ ცნება “მმართველობის დამყარება” ხასიათდება “გარკვეული ხანგრძლივობით და არა განხორციელების მომენტურობით, ანუ ეს არის პროცესი, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული”. შესაბამისად, იგი უმართებულოდ მიიჩნევს ამ მოვლენის ერთი კონკრეტული თარიღით გამოხატვას და მთელ ამ პირველ, 40 წლიან პერიოდს აღწერს, როგორც რუსული მმარველობის დამყარების თანდათანობით პროცესს. ისტორიული და ფაქტობრივი მასალის გარდა, მკითხველი ბევრ საინტერესო დეტალსაც აღმოაჩენს წიგნში, ბევრია კონკრეტული სახელდებები, მოყვანილია ტექსტები დოკუმენტებიდან. მაგალითად, შესაძლოა ბევრმა თბილისელმა არც იცოდეს, რომ რუსებმა თავიანთი მმართველობის პირველივე წლებიდან ჩვენი ქალაქი ოთხ ნაწილად დაყვეს - მუხრანი, წავკისი, მთა და გარეუბანი (ანუ ავლაბარი). წიგნი ძალზე მშრალი, საქმიანი ენითაა დაწერილი, სადაც ვერ ნახავთ ბელეტრისტულ გადახვევებს, არამედ მხოლოდ ფაქტებს და ამ ფაქტების ანალიზს.