ზაზა თვარაძის "მხიარული ლანდები"

სულ ცოტა ხნის წინ ზაზა თვარაძის პოემა "მხიარული ლანდები" გამოვიდა. ეს არის დაახლოებით 100 გვერდიანი ნაწარმოები, რომელზეც ზაზა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მუშაობდა.

ზაზა თვარაძე უკვე მეოთხე წელია, რაც აღარ არის და, ამის მიუხედავად, უკვე მეოთხე წელია ქვეყნდება მისი უცნობი ტექსტები. 2008-ში "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" დაბეჭდა 2 ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი, სადაც ზაზას აქამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები შევიდა - მოთხრობების კრებული "თავგადასავალი" და "მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი". წელს კი ზაზას უკანასკნელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი უმთავრესი ნაწარმოები, მისი პოეტური Opus Magnum-ი გამოვიდა პირველად, "მხიარული ლანდები", რომელზეც იგი წლების მანძილზე მუშაობდა.
ზაზა თვარაძის პირველი მოთხრობები 90-იანი წლების დასაწყიში დაიბეჭდა. 1999-ში კრებულიც გამოვიდა, "მოხეტიალე", შემდეგ ლექსების ორი წიგნი იყო, 2003-ში და 2005-ში, "ტან-ცზი სიცივეში" და "Tyrannosaurus Rex" და მისი ყველაზე ვრცელი ტექსტი, "სიტყვები", რომელიც ადრე ჟურნალ "ცისკარში" იყო დაბეჭდილი და დიდი ხნის შემდეგ წიგნადაც გამოიცა. ბოლო წლებში ზაზა მთლიანად ლექსზე იყო გადართული. 2 პოეტური წიგნი უკვე ვახსენეთ. გარდა ამისა, იყო აუარება პუბლიკაცია პერიოდულ გამოცემებში და, რაც მთავარია, ე.წ. უჯრაში შენახული ან დაუმთავრებელი ლექსები. მათ შორის, პირველ რიგში, სწორედ "მხიარული ლანდები" უნდა ვახსენოთ, 100 გვერდიანი, უზარმაზარი პოემა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მალე ბევრ რამეს შეცვლის თანამედროვე ქართულ ლექსში. ამ თვალსაზრისით, ზაზა თვარაძის ეს დაუმთავრებელი წიგნი სხვა, მსოფლიო ლიტერატურიდან კარგად ნაცნობი, დაუმთავრებელი ტექსტების რიგში შეიძლება დავაყენოთ, ტექსტებისა, რომლებიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ იწყებდნენ ახალ ცხოვრებას.

ლიტერატურათმცოდნე ზაზა კვერცხიშვილის აზრით, სწორედ ამიტომ ეს პოემა ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის:

"ჯერ ერთი, ალბათ თავიდან ის უნდა ითქვას, რომ ეს პოემა ზაზას დაუსრულებელი დარჩა და თვითონ რომ დაესრულებინა, არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ზაზა ლექსების კრებულზე როცა მუშაობდა, მაშინაც სულ ბოლო წამამდე, ლამის სტამბაში გაგზავნამდე შეჰქონდა შესწორებები. ცვლიდა ლექსების თანმიმდევრობას, ტექსტს... მით უმეტეს აქ, ამ პოემაში, რომელზეც მან ძალიან დიდი ხანი იმუშავა, დასრულებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეს არის დაუსრულებელი პოემა და ასეთი სახით უნდა მივიღოთ. რომ დაესრულებინა, რა იქნებოდა, ამაზე მარტო მკითხაობა შეიძლება."
მკითხაობა იმაზეც შეიძლება, საერთოდ დაასრულებდა თუ არა ზაზა ამ პოემას. ამაზე თავად პოემის ფორმა, თემა და ხასიათიც მეტყველებს. საქმე ისაა, რომ მთელს პოემას რეფრენად გასდევს წერტილის დასმის მოწოდება. აქ არაერთხელ გაიგონებთ: "დასვი წერტილი, დასვი წერტილი"... და ეს გაუთავებელი, ზღვრამდე მისული მოწოდება კრავს სწორედ ნაწარმოებს:

"პოემაში გამუდმებით მეორდება, "დასვი წერტილი, დასვი წერტილი..." რას უნდა დაესვას წერტილი? წერტილი ესმება ყველაფერს, რაც პოეტს უყვარს. როგორც ქართულ პოეზიას, ისე არაქართულს. ანუ ყველაფერს, რაზეც ეს კაცი გაიზარდა. ყველაფერ ამას წერტილი ესმება. ფაქტობრივად, ეს არის კულტურისთვის წერტილის დასმა. თავისთვის, როგორც პოეტისთვის, როგორც წერის შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის წერტილის დასმა. შემოქმედებისთვის წერტილის დასმა."

წიგნის წინასიწყვაობის ავტორი, შოთა იათაშვილი, მიიჩნევს, რომ "ასეთი ნაწარმოებები მხოლოდ ავტორის სიკვდილმა უნდა გააჩეროს და არა ავტორის ხელმა. ანუ წერტილის დასმის ეს მრავალჯერადი ავტორისეული ცდა, საბოლოო ჯამში, მაინც ლიტერატურული ბედისწერის მიერ დასმულ მრავალწერტილად უნდა დარჩეს..."
შოთასვე მიაჩნია, რომ ეს ფორმულა "დასვი წერტილი", კიდევ უფრო დიდი შინაარსით შეიძლება ავავსოთ. მისი აზრით, ყველა დიდი პოეტი თავის დროს რაღაც პაროლებით მონიშნავდა ხოლმე. მას მოჰყავს ილიას, აკაკის, გალაკტიონის, ლია სტურუას, ბესიკ ხარანაულის, ზვიად რატიანის ემბლემები და ზაზა თვარაძის შემთხვევაში ასეთად "დასვი წერტილი" მიაჩნია. ზაზა კვერცხიშვილი აპოკალიფსურ შეგრძნებებსაც უკავშირებს ამ ფორმულას:

"აპოკალიფსური პოემაა, ფაქტობრივად. დამხობილია ყველა და ყველაფერი, რისი დამხობაც შეიძლება. კერძოდ, დამხობილია კულტურა, არის ამ კულტურის ნამსხვრევები, იგულისხმება ქართული სალექსო კულტურა, მთელი მისი ისტორია. ზაზა თვარაძე აქ თამაშობს აბსოლუტურად ყველაფრით, რუსთაველიდან დაწყებული, გალაკტიონით დამთავრებული. უცნაურია, ზაზას არ უყვარდა პაროდიები, არადა აქ წმინდა წყლის პაროდიებია გაკეთებული. მაგალითად, "მას დაცქვეტილი დარჩა ყურები..." ეს სტრიქონი წმინდა წყლის პაროდიაა. ამ თამაშებს აქვს ვირტუოზული ხასიათი, ვირტუოზულად აკეთებს ყველაფერ ამას. მაგრამ უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იუმორითაა გაკეთებული ყველაფერი, ანუ იგი სულ ხუმრობს, სულ რაღაცის დაცინვაშია, - ამას არც დაცინვის ფორმა აქვს, არც მხიარულება არ ახლავს... მწუხარე განწყობილებაშია ყველაფერი ჩაფლული, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ეს არის თამაში აპოკალიფსის დროს, როცა დაემხო ყველაფერი, რაც შენ გიყვარს, ახალი ნათელი არ ჩანს და რა შეგიძლია? შეგიძლია მარტო ის, რომ ამ თამაშით, ძველი მოტივების ხელახლა გადამღერებით გაერთო."

"ხელახლა გადამღერება" ზუსტად არ ასახავს ზაზა თვარაძის ინტენციას, ჩანაფიქრს, მის ხმამაღალ ფიქრებს სიმწარეზე, წარსულზე და მომავალზე. აქ, მართალია, ძალიან ბევრი რამეა ყირაზე დაყენებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, ეს ტექსტი არაა უბრალო პოსტმოდერნული თამაში, წარსულის გაპამპულება თუ ლიტერატურული ბადმინტონი. ესაა ძალიან მძაფრი ტექსტი, შხამიანი სახეებით, ჭაობით, უთანხმოებით, კონფლიქტებით, ხელის ჩაქნევებით, ხეტიალით, მოჩვენებებით, კვდომით, ხარხარით, ცრემლით, სინანულით სავსე. ასე შეტოპვა მხოლოდ ნამდვილ პოეტურ მარტოობას შეუძლია, სრულ თავისუფლებას, ყველაფრისგან მოწყვეტას, ყველაფერზე უარის თქმას, პირველ რიგში, სიცოცხლეზე უარის თქმას. ეს არის ზაზას ნეგატიური "ვეფხისტყაოსანი", მისი დეკონსტრუქცია, ცხოვრებისთვის და პოეზიისთვის წერტილის დასმა:

"გარდა ამისა, ეს პოემა არის XX საუკუნის ქართული პატრიოტული პოეზიის ტოტალური დაცინვა, განადგურება. ამავე დროს, თავად პოემა შეიძლება ჩაჯდეს პატრიოტული პოეზიის ისეთ ტრადიციაში, როგორიც არის ილიას "ბედნიერი ერი". ოღონდ ილიას "ბედნიერ ერში" რაღაცის შეცვლის შესაძლებლობაზე იყო ლაპარკი და რაღაცის შეცვლის მოთხოვნაზე, აქ კი რაღაცის შეცვლის მოთხოვნა არც ჩნდება, იმიტომ, რომ ამის შეუძლებლობაზეა, ფაქტობრივად, ლაპარაკი. და ეს არა მხოლოდ შინაარსიდან მოდის, არამედ ყველაფრიდან, მხატვრული სახეებიდან, რიტმიდან, ყველაფრიდან ეს მოჟონავს."

პოემა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი სხვა თვალსაზრისითაც. ლექსწყობა, რიტმი, რითმა, სახეები, ცენტონი, დიალოგურობა, პაროდია. ესაა წარსულის პოეზიის ერთგვარი კომენტარი და გადააზრება, რომელსაც ჩვენი მეგობარი ზაზა ხან ჯოჯოხეთური ხარხარით აკეთებდა, ხანაც სევდით და სინანულით:

"რომ მოენდომებინა რომელიმე პოეტს, ვერავინ ამაზე კარგ საკვლევ მასალას ვერ მისცემდა ლიტერატურათმცოდნეებს და პოეტიკის სპეციალისტებს. ანუ რა შეიძლება გაკეთდეს ქართულ ლექსში. ნაკლებად რიტმში, უფრო მეტად რითმაში, ბგერწერაში. რითმაში და ბგერწერაში, ფაქტობრივად, ყველაფერია გაკეთებული, რისი გაკეთებაც შეიძლება. ძალიან დიდი საკვლევი მასალაა, უფრო სწორად, საკვლევი მასალა კი არა, არამედ ძალიან დიდი მასალაა იმის საკვლევად, თუ როგორი შეიძლება იყოს ქართული რითმა, ბგერწერაში რა მოხერხდება. ზაზა აქ ახერხებს თითქმის შეუძლებელს, საოცრად ვირტუოზულადაა გაკეთებული."

ამ შესანიშნავ წიგნზე ალბათ ცალკეც დავწერ, უფრო ვრცლად და უფრო დაწვრილებით, ამ ჯერზე კი, მე მგონი, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მკითხველმა წიგნი აღმოაჩინოს, მიაგნოს საუკუნის დასაწყისის ყველაზე მწარე და ტრაგიკულ ტექსტს, რომელიც 11 საგისგან შედგება და სავსეა ლანდებით და ექოებით.