დაჩეხილი

სიტყვა „დაჩეხილი“ ჩემს ცნობიერებაში გარდაქმნისა და საჯაროოების ეპოქაში შემოვიდა, როდესაც, მამაჩემის მიერ სასეირნოდ წაყვანილი, მის რამდენიმე მეგობართან ერთად ვაკის პარკში აღმოვჩნდი. უფროსების დისკუსიას ეტყობოდა, რომ სადავო საკითხზე მსჯელობდნენ. მალევე დავინახე დავის საგანიც - მეომართა უზარმაზარი ქანდაკებები, რომლებიც პარკში აღემართათ. ღრუბლიანი ამინდი იდგა და მხარგაჩეხილი და კეფაახდილი გიგანტების სკულპტურები სკოლის მოწაფეზე ძალიან უცნაურ, ლამის ავისმომასწავებელ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.

ამის მერე იყო 89 წლის 9 აპრილი და ფრაზა: „ნიჩბით დაჩეხილი 19 ქალი“. და, რასაკვირველია, შეურაცხყოფის, სიბრაზისა და სიბრალულის ძლიერი განცდები, რომელსაც ეს ფრაზა იწვევდა თითოეულ ადამიანში. სწორედ იმ არაჩვეულებრივად ირაციონალურ ეპოქაში ასეთ აზრსაც კი მოვკარი ყური, ვაკის პარკში დაჩეხილი ფიგურების დადგმით 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტა იწინასწარმეტყველესო. არ ვიცი, რამდენად მოვახერხე ამ აზრის დაკავშირება განთქმული რომანის შესავალ აფორიზმთან, რომანისა, რომელსაც დაახლოებით იმავე პერიოდში ვკითხულობდი და აფორიზმისა, რომელიც გვეუბნებოდა: „ცხოვრება იმაზე მეტად ბაძავს ხელოვნებას, ვიდრე ხელოვნება - ცხოვრებას“. თითქოს იმ ლეგენდარული პორტრეტის მსგავსად, ვაკის პარკის ქანდაკებებიც რაღაც უცებ გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ პარკთან ახლოს ვცხოვრობდი, ვერაფრით ვიხსენებ, ზუსტად როდის აიღეს დაჩეხილი მეომრების სკულპტურები და როდის გადააბარეს უცნობი ჯარისკაცის საფლავის საპატიო ყარაული ისევ და ისევ მტვრიან მომწვანო ვეფხვებს.

თუმცა, იყო მცირე კომპენსაციაც - დაჩეხილი ქალის სკულპტურის გამოჩენა მელიქიშვილის გამზირზე. ქანდაკება აგრძელებდა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც მამაკაცების ძეგლების უმრავლესობა საქართველოში კონკრეტულ ინდივიდს გამოსახავს, ხოლო ქალებისა - ზოგად იდეას: მუზა, ქართლის დედა, ალგეთის მგლების დედა... მერე ისიც გაქრა მაგრამ მახსოვს მცირე მითქმა-მოთქმაც, რომელიც ამ ქანდაკების დადგმას უკავშირდებოდა. თუ არ მეშლება, რაიმე კონკრეტული არგუმენტი არც მის საწინააღმდეგოდ თქმულა, და არც სასარგებლოდ. დიალექტიკური ემოციურობა ჭარბობდა: უარყოფითი ემოცია რაღაც ახლის მიმართ და თავად ამ უარყოფითი ემოციის უარმყოფელი ემოცია; „ეს რა უბედურებაა!“ და „იყოს, რა გინდა?“. სხვა თემაა, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ყველა ჩვენგანმა დებატების ხელოვნებაში სამთვიანი კურსი უნდა გაიაროს.

ამის შემდეგ გავა რამდენიმე წელი და ბათუმის დაგრძელებულ ბულვარზე მოსეირნე ქართველი მიხვდება, რომ რაღაც შეიცვალა. საქმე ეხება „ალი და ნინოს“ ქანდაკებას. აქ, ჯერ ერთი, გაირკვა, რომ თურმე ნასვრეტები ყოველთვის იმისთვის არ არის, რომ იქიდან სისხლი მოდიოდეს, არამედ ხანდახან იმისთვისაც, რომ სხვა ადამიანს შეუერთდე სიყვარულში. მეორეც, ისიც გაირკვა, რომ ეს ნასვრეტები ყოველთვის ხმლისა და ნიჩბის ნაკვალევი კი არაა, არამედ ხანდახან შეიძლება პრიალა მაღალტექნოლოგიური ეფექტიც იყოს. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქანდაკებასაც ჰქონდა ნეგატიურად შეფერილი შლეიფი - დაკავშირებული უგემოვნო მეორეხარისხოვან რომანთან, რომელმაც მას სახელწოდება უსახსოვრა - მისი მესიჯი ახალი, უცხო, სასიამოვნო და იმედიანი იყო ჩვენთვის: All you need is love, pa papapa pa!
"ამაოებას არ ამოება"

ვიღაცას შეიძლება ეგონა, რომ ამ ქანდაკებით „დაჩეხვის“ პარადიგმა ჩაანაცვლა რაღაც სხვამ, უფრო მსუბუქმა და თანამედროვემ. ამიტომ ბედის ირონიაა, ან კიდევ რამე უფრო სიმბოლური, რომ სწორედ „ალი და ნინოს“ ავტორმა გააკეთა გორის ქანდაკების მაკეტი, რომელიც სტალინის ძეგლის ადგილას უნდა დაიდგას და რომელიც ასე აშკარად უბრუნდება და აგრძელებს დაჩეხვის ლამის უკვე მეოთხედსაუკუნოვან ისტორიას. ეს მაკეტი გვაჩვენებს, რომ საკუთარი თავისა და ქვეყნის მთავარი მეტაფორა ჩვენთვის ისევ „დაჩეხილად ყოფნაა“. ჩვენი ხელოვნებაც დარწმუნებულია, რომ - ბუმბერაზ კლასიკოსს თუ დავესესხებით - როგორც ბუნებასთან მიტანილი სარკე, ერთგულად ირეკლავს მას.

ჰოდა, რა იქნებოდა, ხელოვნებას რომ ეცადა რაიმე ახლის გაკეთება? იქნებ თავად ცხოვრებასაც ამ სიახლისთვის მიებაძა?

P. S.: შენიშვნა სკულპტურული ჯგუფის სახელწოდების შესახებ: სიტყვებით თამაში ზოგადად არა ტრაგიკული, არამედ კომიკური ხელოვნების მახასიათებელია. ამიტომ ვინც ამ ქანდაკებას „ამაოებას არ ამოება“ დაარქვა, მას - რაც უნდა სამწუხარო იყოს ყველა ჩვენგანისთვის, მისივე ჩათვლით - ესთეტიკური მგრძნობელობის სფეროში სერიოზული პრობლემები აქვს.