შოთა ჩანტლაძის 100 ლექსი

გამომცემლობა "ინტელექტმა" თავის უკვე ტრადიციულ სერიაში - "100 ლექსი" - შოთა ჩანტლაძის კრებული გამოსცა.

შოთა ჩანტლაძის (1928-1968) გარდაცვალების შემდეგ არაერთხელ გამოვიდა მისი კრებული, მისმა დაძაბულმა თუ მწარე ირონიით სავსე სტრიქონებმა სხვადასხვა თაობის არაერთი პოეტი შთააგონეს, მაგრამ ამის მიუხედავად შოთა ჩანტლაძე ჯერ კიდევ რჩება მომავლის ავტორად და იგი დღემდე ელის კარგ წამკითხველს.

შოთა ჩანტლაძეც, ბევრი სხვა პოეტივით, ბიოგრაფიებს გადაყოლილი ლიტერატურის მოყვარულთა მსხვერპლად იქცა და მის ლექსებზე უფრო ხშირად, მის ტრაგიკულ ბედზე საუბრობდნენ ხოლმე. შოთა ჩანტლაძე ბრმანაწლავის ოპერაციის გართულებით გარდაიცვალა 40 წლის ასაკში და ამ საშინელმა ამბავმა დიდი ხნით დაჩრდილა მისი ლექსები, ლექსები, რომელთაც სიცოცხლეში არსად ბეჭდავდა და რომელთა გამომზეურება მაინცდამაინც არც მეგობრების წრეში უყვარდა. ამაზე არაერთი მოგონება არსებობს და ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა პოეტი, გიორგი კეკელიძეც სწორედ მათ ახსენებს:

"პარადოქსული არის იმ თვალსაზრისითაც, რომ შოთა ჩანტლაძე მეგობრობდა თავისი თაობის თითქმის ყველა ავტორთან, მაგრამ ამავე დროს, მოხდა ისე, რომ შოტა ჩანტლაძეს თავისი ლექსების კრებული სიცოცხლეში არ გამოუცია. ისევე, როგორც ძალიან იშვიათად იბეჭდებოდა და ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა თავის დროზე (თუკი მის თანამედროვეთა მოგონებებს დავეყრდნობით) მისი ლექსების გამოქვეყნებას იმდროინდელ პერიოდიკაში. მოდით, ვთქვათ პირდაპირ, ძალიან ბევრს საუბრობენ შოთა ჩანტლაძისა და მუხრან მაჭავარიანის დამოკიდებულებაზე. არსებობს აზრი, რომ შოთა ჩანტლაძის ლექსების დაბეჭდვას პირადად უდგებოდა წინ მუხრან მაჭავარიანი, მაგრამ მეორეს მხრივ არის ფაქტები, რომ მუხრან მაჭავარიანი იყო ბოლო ადამიანი, რომელიც მას სასთუმალთან ეჯდა გარდაცვალებამდე და მთელი ამ ავადმყოფობის პერიოდში და მანამდეც, ეხმარებოდა გაჭირვებისას პოეტს. სხვათა შორის, მუხრან მაჭავარიანმა და შოთა ჩანტლაძემ გივი ჭიჭინაძესთან [უნდა იყოს, გივი ძნელაძე - მ.ხ.] ერთად თარგმნეს ფინური ეპოსი 'კალევალა'".

სწორედ მუხრან მაჭავარიანმა გამოსცა მისი პირველი წიგნიც, "წავიდა თოვლი", 1972 წელს, გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ. შემდეგ, 1984 წელს ემზარ კვიტაიშვილის მიერ მომზადებული კრებული გამოვიდა, "თენდება, ღამდება", მოგვიანებით, 90-იან წლებში მისი კრებულები ორჯერ გამოსცა იზა ორჯონიკიძემ, ერთი კრებულიც ბესიკ ხარანაულმა შეადგინა 1995 წელს. მახსოვს ეს წიგნი "არილში" გვქონდა და შემდეგ სადღაც გაქრა, ან ვიღაცამ წაიღო და აღარ დააბრუნა.

შოთა ჩანტლაძეს ძალიან ბევრის თარგმნა უწევდა, რაც უზარმაზარ ენერგიებს მოითხოვდა პოეტისგან. კალევალას გარდა მან თარგმნა ირლანდიური საგები, ტიუტჩევის პოეზია, მის კრებულებში ნიცშეს ზარათუსტრას მისეული თარგმანის ფრაგმენტსაც გადააწყდებით, თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, მაინც შოთა ჩანტლაძის ლექსია, ძალზე გულახდილი, ირონიული, მძაფრი, "უმიზნოდ მოხეტიალე" პოეტის ლექსები, რომელიც თავის დროში, 50-60-იანი წლებისთვის, ალბათ დიდ უცნაურობად აღიქმებოდა. გამომცემლობა "ინტელექტის" მიერ გამოცემულ პოეტის 100 ლექსის წინასიტყვაობაში პოეტი ჯარჯი ფხოველი საკმაოდ ზუსტად ახასიათებს მის ლექსს:

"მის ლექსს ემჩნევა, რომ წერის დროს მაგრად მოკუმული ბაგე ჰქონდა, დაძაბული იყო: კალამს დიდ ფიზიკურ ძალას გადასცემდა თითქოს. ყალყზე შემდგარი და გაზნექილი სიტყვა. ფრუტუნი და განწირული ჭიხვინი, თითქოს მათრახი გადაუჭირაო..."

ჩემთვის კი ყველაზე მთავარი მისი ლექსის ინტონაციური აღმოჩენებია, პოეტური მიგნებები, რომელიც მის პოეზიას განუმეორებელ ელფერს ანიჭებს, მოქნილი აზრები, ძლიერი რიტმის გრძნობა და მოულოდნელი რითმები, მძაფრი სათქმელი, თხრობითობა, საგნობრიობა...

"თვითონ შემოქმედებას რაც შეეხება, დავიწყებდი კონვენციური ლექსით, რომელიც, ბუნებრივია, მისი ყველაზე ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი თაობის პოეტებს თუ გადავხედავთ, იგი არავის ჩამორჩება, თუ არ აღემატება. მისი თემები ყოველთვის განსხვავებულია მისი თაობის პოეტებისგან, და ეს განსხვავებულობა ყველაზე კარგად ჩანს ურბანულ ვერლიბრებში, რომელსაც ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ე.წ. გაპიარებულ ავტორთა შორის, მისი ლექსები უფრო 90-იან წლებში გამოჩნდა ფართო მკითხველისთვის... მთავარი ნიუანსი შოთა ჩანტლაძის ტექსტებში ჩემი აზრით არის ის, რომ მან შეძლო სრულიად ადამიანურ, სრულიად უბრალო, ტრივიალურ თემებზეც კი შეექმნა ძალიან ძლიერი ლექსები. იგივე "ტრამვაი" კლასიკური ლექსია ამ თვალსაზრისით. ბუნებრივია ეს ტრადიცია რაღაც დოზით არსებობდა ქართულ ტრადიციაში, ცისფერყანწელები შეეცადნენ განსაკუთრებით, ვალერიან გაფრინდაშვილი ცდილობდა ეწერა ამგვარ თემებზე, მაგრამ იქ უკვე იყო ის თანამდევი მანერულობა, რაც ახასიათებდათ სიმბოლისტებს, ხოლო რაც შეეხება შოთა ჩანტლაძეს, მან სრულიად სხვა ყალიბში გადაიყვანა ეს ყველაფერი".

შეუძლებელია არ გავიხსენოთ მისი ხორკლიანი და უზუსტესი სტრიქონები, მისი "სიხარულისა და ჯავრის ჯახანი", უსწორმასწორო სიბრძნეები, ნაზი სევდა, მოკლე დაცინვები და მწარე სიმართლე. ზოგიერთ მის ადრეულ ლექსში ბევრია გალაკტიონური მელოსი, თუმცა ყველაზე ძლიერი, რითმიანიც და ვერლიბრიც, შოთა ჩანტლაძის ის ლექსებია, სადაც იგი ამ მემკვიდრეობით მიღებული პოეტური ემბლებისგან თავისუფლდება და საკუთარ, ძლიერ სახეს გვაჩვენებს. ამ მხრივ პირველ რიგში მისი ე.წ. Ars Poetica-ები უნდა ვახსენოთ, ლექსები "სახელწოდების შეცვლა" და "მანიფესტი", სავსე ლაღი ირონიულობით, მისი შედევრები - "სქოლიო", "ჩემი მაგიდის წიგნი", "სიკვდილის როკვა" და მთელი რიგი უსათაურო ლექსებისა, სადაც კარგად ჩანს პოეტის გაქანება.

"სწორი მაქვს ალღო და სიკვდილის წამი მენიშნა,
ამ თაობიდან მე, პირველი მივალ ფინიშთან..."

დაწერა მან გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე. შოთა ჩანტლაძეს კიდევ ერთი სტრიქონი ეკუთვნის, რომლის ხათრითაც ბევრმა ყველა მისი ლექსი გვერდზე გადადო:

"წავიდა თოვლი და მოვიდა მიწა".

ამ სიტყვებს ხშირად იმეორებენ ქართული პოეზიის ზერელე მოყვარულები, ისევე როგორც პროზის ზერელე მოყვარულები იმეორებენ ხოლმე ნიკო ლორთქიფანიძის რომელიმე ფორმულას. ნუთუ მხოლოდ ამ სიტყვების გამო უნდა გვიყვარდეს შოთა ჩანტლაძე?
ხანდახან რატომღაც ტერენტი გრანელისა და ნიკო სამადაშვილის გვერდითაც აყენებენ ხოლმე შოთა ჩანტლაძეს. გასაგებია, რომ სამივე თავისი დროის დიადი უიღბლოები, მოხეტიალე პოეტები არიან, მაგრამ ასეთ დაჯგუფებას მაინც მეტი ახსნა უნდა მოეძებნოს ხოლმე:

"მე მაინც არ ვემხრობი ჩანტლაძის ტერენტი გრანელიზაციას ან ნიკო სამადაშვილიზაციას, იმიტომ, რომ ის მაინც სხვა ტიპის ფენომენია. ეს ორი ავტორი იმიტომ ვახსენე, რომ რაღაც დოზით ქართულ კრიტიკაში და ესეისტიკაში გაჩნდა რაღაც პარალელები, მხოლოდ პირადი ცხოვრების გამო, იმიტომ, რომ თავის დროზე ეს ავტორი არ იყო შესაბამისად წარმოჩენილი. მე ვფიქრობ, რომ შოთა ჩანტლაძის დრო ნელ-ნელა დადგება..."

სხვათა შორის, შოთა ჩანტლაძის ლექსებში ამაზეც მოიპოვება ირონიული პასუხი:

"ახ, რა კარგია სქოლიო! მაგრამ ვინ მაღირსებს მე მას. მე მექნება სახელი და დიდება! მე მომიძღვნიან დაფნის გვირგვინებს. დაიწერება ტომები იმის შესახებ, თუ როგორ ვწერდი ტომებს. დაიწერება ჩემზე ვრცელი ბიოგრაფია. ახ, რა კარგია სქოლიო! მაგრამ ვინ მაღირსებს მე მას..."