თბილისი გაწბილებულია ჟენევის დისკუსიების მე-14 რაუნდით

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევის დისკუსიებზე გიგა ბოკერია

16 დეკემბერს პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა საერთაშორისო დისკუსიების მე-14 რაუნდი, რომელზე განსახილველ უმთავრეს საკითხად ასახელებდნენ ძალის გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების საკითხს. რუსეთის „არაკონსტრუქციულმა“ და „ცინიკურმა“ განცხადებებმა საქართველოს დელეგაცია „იმედგაცრუებული და შეშფოთებული“ დატოვა. გაწბილება უკავშირდება საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა „არასაკმარისად მტკიცე“ პოზიციებსაც.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ნოემბერს, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, ახალი სამშვიდობო ინიციატივა გაახმაურა და გამოაცხადა საქართველოს მზადყოფნა, ცალმხრივად იკისროს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, თბილისი მსგავსი ნაბიჯის გადადგმას მოითხოვდა რუსეთის ფედერაციისგან, როგორც კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე მხარისგან. საქართველოს დელეგაციამ ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-14 რაუნდზეც დააყენა, მაგრამ, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, 16 დეკემბერს რუსეთის ქმედებები არაკონსტრუქციულობის ყველანაირ ჩარჩოებს გასცდა და, იმედგაცრუების გარდა, შეშფოთების შეგრძნებაც გააჩინა:

„ჩვენ ვისმენთ ცინიკურ განცხადებებს, რომ, თურმე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი საერთოდ არ არსებობს. ამით შეიძლება იმსჯელოს ცინიზმის ხარისხზე თქვენმა მსმენელმა თუ ნებისმიერმა დამკვირვებელმა. ჩვენ ვთვლით, რომ როდესაც ასეთი განცხადებები გვესმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს შეშფოთების საგანია ყველასათვის და რეაქცია ამაზე უნდა იყოს უფრო მყარი და მკაფიო“, გვითხრა ბოკერიამ ჟენევიდან სატელეფონო ინტერვიუში.

უფრო მყარი და მკაფიო პოზიციის გამოვლენას, მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია 16 დეკემბერს ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებისგან მოელოდა, მაგრამ მე-14 რაუნდზე ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლების პოზიციები არასაკმარისად მტკიცე იყო, რამაც, როგორც ბოკერია აღნიშნავს, საქართველოს დელეგაციის გაწბილება გამოიწვია:

„პოზიცია, რომელსაც თანათავმჯდომარეები აფიქსირებენ, უნდა იყოს ბევრად უფრო მკაფიო და მყარი. ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი იმედგაცრუება ამასთან დაკავშირებით. გვაქვს მყარი პოზიცია, რომ დაინტერესებული ვართ ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებით, მაგრამ, ბუნებრივია, მარტო გაგრძელება არ არის საქმე. უნდა იყოს არსებითი დისკუსია იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ რაუნდებში თანათავმჯდომარეები უფრო მკაფიო და მყარ პოზიციას დაიკავებენ. ეს აუცილებელია, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ. ასეთ შედეგებს წარსულში ჰქონდა ადგილი და ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რაუნდისას ეს არ ყოფილა და ეს არის პრობლემა.“

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევის დისკუსიებზე წუხილით აღნიშნავს, რომ რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენელთა მხრიდან მე-14 რაუნდზე იგნორირება მოხდა ისეთი საკითხებისაც, როგორიც არის, მაგალითად, ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევა, ან რუსი მაიორის მთავარი როლი საქართველოში განხორციელებული ტერორისტული აფეთქებების სერიაში. თუმცა, ბოკერია იმედს არ კარგავს, რომ საერთაშორისო მასშტაბის ამ ფაქტებზე რუსეთის ფედერაციას ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს რეაგირება.

16 დეკემბერს, მთელი დღის დისკუსიის შედეგად, მხარეები მხოლოდ ერთ რამეზე შეთანხმდნენ: მორიგი, მე-15 რაუნდი 2011 წლის 3-4 მარტს გაიმართება.