ახალგორში ბინების წართმევა დაიწყეს

საგუშაგო ახალგორთან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ, რომელიც ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი ფართების ჩამორთმევას ეხება, დაბაში ვითარება დაიძაბა. ახალგორში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იქ მცხოვრებ ქართველებს ბინების წართმევას უპირებენ.

როგორც ახალგორელები ამბობენ, წლების წინ, როცა იქ მცხოვრებმა ოსებმა ვლადიკავკაზში წასვლა გადაწყვიტეს სახლები ქართველებს მიჰყიდეს, ახლა კი ამ სახლების უკან დაბრუნებას აპირებენ. ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ 90–იანი წლების კონფლიქტის დროს ზოგიერთმა ქართველმა ოსს ბინა მართლაც წაართვა, მაგრამ აგვისტოს ომის დროს ეს ხალხი დაბიდან წავიდა და სახლები ახლა უპატრონოდაა დარჩენილი... ვლადიკავკაზში წამსვლელების ერთმა ნაწილმა კი სახლები ქართველებს მიჰყიდა, მაგრამ ახლა უკან დაბრუნების პრეტენზია გაუჩნდა. ჟენია გამხიტაშვილმა წლების წინ სახლი მიხეილ ძუკაევისგან შეიძინა, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციაც გაფორმდა, მაგრამ ახლა მიხეილ ძუკაევის ვაჟი, ვასილ ძუკაევი სახლის დაბრუნებას ცდილობს, იგი ბინაში ერთხელ უკვე შეიჭრა. თამარ მეარაყიშვილის თქმით ასეთ მდგომარეობაში არაერთი ქართული ოჯახი აღმოჩნდა.

„დეიდაჩემმა ახალგორში ოროთახიანი კერძო სახლი იყიდა. კარგად მახსოვს, რომ ადგილზე რაც შეიძლებოდა გაფორმებულიყო, ნოტარიულად გაფორმდა პატრონსა და მყიდველს შორის. იმის გამო, რომ ამ ადამიანს ფულის თან წაღების ეშინოდა შეთანხმდნენ, რომ ფულს ვლადიკავკაზში ჩაუტანდნენ და ჩაუტანეს კიდეც. მისი შვილი, რომელიც არის უსინდისო, ასე ვიტყვი, ჩამოვიდა ერთი წელია და პირდაპირ შევიდა და განაცხადა რომ ეს სახლი არის ჩემი, ახლა ოსების დროა და შენ უნდა წახვიდე აქედან. ჯერ მინები ჩალეწა, როცა დათვრებოდა მიდიოდა და ქალს აწიოკებდა და აშინებდა. ბოლოს შეიჭრა და რამდენიმე დღე იცხოვრა, მაგრამ თვითონვე ხვდება, რომ ამას კარგი დასასრული არ ექნება“, – ამბობს თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელმა მაია მჭედლიძემაც სახლი რამდენიმე წლის წინ შეიძინა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ მის საკუთრებაში ახალგორის ოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი შეიჭრა.

„ჩემთან შეუთანხმებლად ჯერ საკეტები გამომიცვალეს ბინაზე. საპასუხოდ მეც ვცვლიდი საკეტს. მერე, როცა საქმის გასარკვევად ჩავედი შელაპარაკება მომივიდა გამგებელთან. მან მითხრა, ჩვენ უნდა შევიდეთ სახლში და შენ აქ არანაირი უფლება არა გაქვსო. საბუთებით, იურიდიულად ბინა ჩემია, მაგრამ ახლა ჯუსოევი ცხოვრობს ჩემს სახლში“, – აცხადებს მაია მჭედლიძე

ახალგორელებმა დასახმარებლად რაიონის პროკურატურას მიმართეს. ერთი პრეცედენტი უკვე არსებობს, როცა პატიოსანი მყიდველი დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ გაამართლა.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია, რომ ახალგორში გაყიდული სახლის უკან წართმევა, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილის, მერაბ ჩიგოევის, ძმამაც სცადა, მაგრამ მან ცხინვალში სასამართლო პროცესი წააგო.

დაბაში ვითარება სულ უფრო იძაბება, როგორც ახალგორელები ამბობენ ვლადიკავკაზიდან ჩამოსულ ადამიანებს სახლების სურვილი კი არა დამატებით ფულის შოვნა აქვთ გადაწყვეტილი, რადგან ქართველების მიერ ერთ დროს მართლა წართმეულ და ამჟამად მიტოვებულ სახლებში არავინ ბრუნდება.

გაყიდული სახლების ყოფილი მეპატრონეები კოკოითის ბრძანებამ გაათამამა ფულის შოვნა გადაწყვიტეს. ამ ბრძანების მიხედვით, ბათილად გამოცხადდა 1991 წლიდან 2008 წლამდე ქართული ადმინისტრაციის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ. რაიონის საცხოვრებელი ფონდი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა.