ეუთო სერიოზული არჩევანის წინაშე

ეუთოს ასტანის სამიტის მონაწილეები

ყაზახეთის დედაქალაქში, ასტანაში, გრძელდება ეუთოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერთა ორდღიანი სამიტი, რომელშიც 61 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. დაახლოებით 30 ქვეყანა ასტანის სამიტზე პრეზიდენტის დონეზეა წარმოდგენილი. 1 დეკემბერს, სამიტის პირველ დღეს, არაერთი მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივისა თუ ეუთოს მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაბრუნების კონტექსტში. პარალელურად კვლავაც მიმდინარეობს მუშაობა სამიტის დასკვნით დოკუმენტზე, რომელშიც საქართველო საკუთარი ინტერესების სათანადოდ ასახვას ცდილობს. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებით იმუქრება რუსეთი.

მზად ვართ სამიტის საბოლოო დოკუმენტებში აქტიურად და დეტალურად დავუჭიროთ მხარი ჟენევის მოლაპარაკებებს, მაგრამ შეუძლებელია დავეთანხმოთ იმას, რომ ეს მოლაპარაკებები ”საქართველოს კონფლიქტებს” ეძღვნებ ...
ჯერჯერობით ისევ უცნობია, თუ როგორ აისახება საქართველოს ინტერესები ასტანის სამიტის საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც ეუთოს წევრმა 56-მა სახელმწიფომ უნდა მოაწეროს ხელი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ორგანიზაციის სამომავლო გეგმები ევროატლანტიკური და ევრაზიული უსაფრთხოების განმტკიცების ჭრილში განიხილება და რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის თემას. ამ კონტექსტში ქვეყნის ინტერესების დასაცავად აქტიურ მოლაპარაკებებს ყველა დონეზე განაგრძობს საქართველოს დელეგაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფორმულირებების გარეშე საქართველოს დელეგაცია ”ფინალურ დოკუმენტს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება.”

საქართველოსთვის მოსაწონ ვარიანტზე კი წინასწარვე უარს აცხადებს რუსეთი. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი ხელს არ მოაწერს ასტანის სამიტის საბოლოო დოკუმენტს იმ შემთხვევაში, თუკი მასში ლაპარაკი იქნება ”კონფლიქტზე საქართველოში”.

”მზად ვართ სამიტის საბოლოო დოკუმენტებში აქტიურად და დეტალურად დავუჭიროთ მხარი ჟენევის მოლაპარაკებებს, მაგრამ შეუძლებელია დავეთანხმოთ იმას, რომ ეს მოლაპარაკებები ”საქართველოს კონფლიქტებს” ეძღვნება, როგორც ამას ზოგიერთი ჩვენი დასავლელი კოლეგა გვთავაზობს”, - ამბობს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

რუსეთისა და საქართველოს ურთიერთგამომრიცხავი ინტერესების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ეუთოს ლიდერებს გარკვეული არჩევანის გაკეთება მოუწევთ. თუმცა, თუკი 1 დეკემბერს, სამიტის პირველი დღის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გადავხედავთ, საქართველოს საკუთარი ინტერესების დასაცავად საკმაოდ დიდი შანსი აქვს.

ფაქტია, რომ ოთხშაბათს ასტანაში არაერთი უსიამოვნო აზრის მოსმენა მოუხდა რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს.

ეუთოს ასტანის სამიტის დარბაზი
გამომსვლელთა უმრავლესობამ კვლავაც ღიად და პრინციპულად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას და ჟენევის პროცესის გაგრძელებას. აქტიურ მხარდამჭერთა შორის იყვნენ: შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ნიკ კლეგი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი თუ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი.

გარკვეული და აშკარა იყო ეუთოს წევრი თუ პარტნიორი ქვეყნების უდიდესი ნაწილის მიდგომა საქართველოში ეუთოს მისიის, 2009 წელს რუსეთის ძალისხმევით შეწყვეტილი, საქმიანობის აღდგენისადმი. მაგალითად, ჰილარი კლინტონისგან 1 დეკემბერს ამ საკითხის ასტანის სამიტზევე გადაწყვეტის მოწოდება გაისმა:

”დასანანია, რომ წევრი ქვეყანა მისიის მასპინძლობის სურვილს გამოხატავდა, ხოლო ეუთოს მისიას პასუხის გაცემის უფლება არ მიეცა... ამ მაგიდასთან შეკრებილებმა ორგანიზაციას თავისი საქმის გაკეთების საშუალება უნდა მივცეთ და უნდა აღვადგინოთ ეუთოს მნიშვნელოვანი საქმიანობა საქართველოში.”

სამწუხაროდ, ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთი საქართველოსთან არანაირ დიალოგზე არ დათანხმდა - იქნებოდა ეს ორმხრივი ფორმატი თუ დიალოგი ეუთოს ფარგლებში ...
ჰილარი კლინტონმა, ისევე როგორც ეუთოს პარტნიორი თუ წევრი სახელმწიფოების სხვა ლიდერებმა - მაგალითად, შვედეთის, ლატვიის, ნიდერლანდის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა - მხარი დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 23 ნოემბერს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გახმაურებულ ინიციატივას ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი დეკლარაციის თაობაზე და ეს ნაბიჯი თვალსაჩინო მაგალითად განიხილეს კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარისთვის.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი ხერხებით რომ აპირებს და ოკუპანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ გეგმავს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასტანაშიც გაიმეორა და იქვე რუსეთს დიალოგის აუცილებლობა შეახსენა:

”ეს პირობა დავდეთ, რადგან გვჯერა, რომ მხოლოდ მშვიდობით მივაღწევთ ჩვენს კანონიერ მიზნებს. მე ეს-ეს არის გავუგზავნე ამ პირობის ამსახველი წერილები ეუთოს გენერალურ მდივანს, გაეროსა და ნატოს; ასევე ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს. მე აქ მოვედი იმავე სულისკვეთებით გამსჭვალული - განმეორებით მოვუწოდებ რუსეთის ლიდერებს ჩაერთონ სერიოზულ მოლაპარაკებებში, ჩაერთონ დიალოგში პოლემიკის ნაცვლად. სამწუხაროდ, ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთი საქართველოსთან არანაირ დიალოგზე არ დათანხმდა - იქნებოდა ეს ორმხრივი ფორმატი თუ დიალოგი ეუთოს ფარგლებში.”

საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების პერსპექტივა 1 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას უარყო სერგეი ლავროვმა, ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტ მედვედევს, სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა, საქართველო მან აგრესორ ქვეყნად დაახასიათა:

”მართლაც აბსოლუტურად მშვიდობიანი მეთოდებით უნდა მოხდეს ასეთი საკითხების მოგვარება... სამხედრო ძალის გამოყენება, რასაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში, აბსოლუტურად დაუშვებელია.”

მედვედევის რუსეთი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ეუთოს ასტანის სამიტის პირველ დღეს აშკარა უმცირესობაში აღმოჩნდა, თუმცა ეუთოს წევრი ქვეყნების საბოლოო პოზიცია სამიტის დასკვნითი დოკუმენტის მიღების შემდეგ - 2 დეკემბერს - გაირკვევა.