ყაზახეთი მასპინძლობს ეევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) სამიტს, რომლის მონაწილეებიც გამოდიან მოწოდებით, გაძლიერდეს ამ ორგანიზაციის როლი მსოფლიოში. ასტანაში დღეს დაწყებული შეხვედრა ბოლო 11 წლის მანძილზე ეუთოს პირველი სამიტია, რომელშიც მონაწილეობენ ამ ორგანიზაციის 56 წევრისა და მისი პარტნიორი 12 ქვეყნის მთავრობათა მეთაურები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გამოთქვა რწმენა, რომ „ორგანიზაციას მეტი ძალა უნდა მიენიჭოს, რათა უფრო ეფექტიანად უპასუხოს კრიზისებს თვით ეუთოში“. კლინტონმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ რუსეთიც აღიარებს ეუთოს ამჟამინდელი შესაძლებლობების გაუმჯობესების საჭიროებას. „ჩვენ ვმუშაობთ, რათა გამოვნახოთ მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის ეუთოს დროულ და მიუკერძოებელ მუშაობას ისეთი საგანგებო ვითარების დროს, როგორიც საქართველოსა და ყირგიზეთში ვიხილეთ“, დასძინა ჰილარი კლინტონმა. მან სამიტის მონაწილეებს მოუწოდა საქართველოში ამ ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის აღდგენისკენ. დღესვე, ეუთოს სამიტის ფარგლებში, ასტანაში გაიმართა კლინტონის და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა. ყაზახეთი წელს გახდა პირველი პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკა, რომელსაც ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობა ერგო.
ყველაზე პოპულარული
1