ექსპერტები: ხალხმა და სახალხო კრების ლიდერებმა ერთამენთს ვერ გაუგეს

პარლამენტის წინ გამართული სახალხო კრების მონაწილეები

წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა დაახლოებით ათასკაციანი ჯგუფი დღეს ისევ შეიკრიბა პარლამენტის წინ. შეკრებილთა ნაწილი პარლამენტის შენობასთან დარჩა, ნაწილი კი ფეხით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ გაემართა იმისათვის, რომ პირდაპირი ეთერი მოეთხოვა. გუშინდელი შეკრების შემდეგ ექსპერტები აცხადებენ, რომ კრების ლიდერებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაუცრუეს იმედი.

ეს უფრო ყრუ-მუნჯთა დიალოგს ჰგავდა. გუშინდელ აქციაზე რაღაც სტრუქტურებს ქმნიდნენ, ხალხი ელოდა აქტიურ მოქმედებას და ამის გამო აგრესიული პროტესტიც კი იყო ლიდერების მისამართით ...
დღევანდელ ქართულ გაზეთებში მთავარი სტატიები წარმომადგენლობითი სახალხო კრების კრიტიკას ეძღვნება. კრების შედეგებზე საუბრისას პოლიტიკური მიმომხილველები და ექსპერტები ასევე თანხმდებიან, რომ საზოგადოების მოლოდინი და კრების ორგანიზატორთა გეგმა განსხვავებული აღმოჩნდა.

ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ხალხში საპროტესტო მუხტი მართლაც არსებობს, მოლოდინი ამჯერადაც გადაჭარბებული იყო და ამ მოლოდინს ლიდერებმაც შეუწყვეს ხელი:

”პირველ რიგში, ოპოზიციას, საზოგადოებრივ მოძრაობებს სჭირდებათ, რომ ხალხთან მეტი იმუშაონ, რომ საზოგადოებას უკეთ აუხსნან, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ, რომ უკეთესი მოლოდინები გაჩნდეს. ის, რომ დღეს შევიკრიბოთ და ხვალ ხელისუფლება სახლში უნდა წავიდეს, ეს მოლოდინები უნდა დასრულდეს, ამ არადემოკრატიულ რეჟიმთან ბრძოლის მეთოდების შეცვლაა საჭირო. ის, რაც მოხდა 2003 წელს, ვარდების რევოლუცია, იმ სახით ვერ გამეორდება და ვერ მოიტანს შედეგებს.”

საპროტესტო მსვლელობა პარლამენტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ.
საპროტესტო მუხტის გამოხატვის მრავალნაცად ფორმას, ანუ ქუჩის აქციებს, მოძველებულ და უკვე გაცვეთილ მეთოდად მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. მისი განმარტებით, ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას და მათ ლიდერებს ახალი ფორმების მოძიება მოუწევთ იმისათვის, რომ დასახული მიზნის განხორციელება შეძლონ:

”ეს უფრო ყრუ-მუნჯთა დიალოგს ჰგავდა. გუშინდელ აქციაზე რაღაც სტრუქტურებს ქმნიდნენ, ხალხი ელოდა აქტიურ მოქმედებას და ამის გამო აგრესიული პროტესტიც კი იყო ლიდერების მისამართით.”

მოდი, ასე ვთქვათ: ხალხს უნდა რევოლუცია, შევარდნა პარლამენტში, მართლა უნდა ეს ხალხს და ვინაიდან ერთხელ, ორჯენ, სამჯერ ეს არ მოხდა, ამიტომ არის სრული უნდობლობა ოპოზიციის მიმართ ...
სოსო ცინცაძისვე შეფასებით, გუშინ კრების ორგანიზატორების მცდელობა, კრების მიმდინარეობის დროსვე შეექმნათ ალტერნატიული პარლამენტის და აღმასრულებელი ორგანოს მსგავსი სტრუქტურები, უპერსპექტივო იყო, რადგან მათ ლეგიტიმურობის მოსაპოვებლად სხვა მასშტაბი და სხვა საფუძვლები სჭირდებათ, რომელსაც მიტინგის ფორმის შეკრება მოკლებულია:

”გუშინდელი დღე - ეს იყო საპროტესტო ელექტორატისთვის კიდევ ერთი მარცხით დამთავრებული დღე, ვინაიდან ოპოზიციამ და მისმა ლიდერებმა, ფორმალურმა თუ სისტემურმა, გუშინ ძალიან ბევრი რამ დაკარგეს ელექტორატის თვალში”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

გლობალურ კონტექსტში განიხილავს წარმომადგენლობითი სახალხო კრების გუშინდელ წარუმატებლობას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. სწორედ წარუმატებლობად აფასებს ის გუშინდელ კრებას. მისი შეფასებით, დღეს არა მარტო ოპოზიცია, მთლიანად საქართველოა ჩიხში შესული, რადგან საზოგადოებას, ერთი მხრივ, ხელისუფლება არასტაბილურობის განცდას უნერგავს, მეორე მხრივ კი, საზოგადოება ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიციას არ ენდობა:

”პრობლემაა ის, რომ არის აბსულუტური უნდობლობა ოპოზიციის მიმართ. ხალხის დიდი ნაწილი არის რადიკალურად განწყობილი. მოდი, ასე ვთქვათ: ხალხს უნდა რევოლუცია, შევარდნა პარლამენტში, მართლა უნდა ეს ხალხს და ვინაიდან ერთხელ, ორჯენ, სამჯერ ეს არ მოხდა, ამიტომ არის სრული უნდობლობა ოპოზიციის მიმართ, ანუ ჩვენ ვზივართ დენთის კასრზე.”

საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წარმომადგენლობითი სახალხო კრების ლიდერები სამომავლო გეგმებზე მუშაობას აგრძელებენ.