ჩეჩნეთის „ამოძირკვული“ იატაკქვეშეთის ახალ-ახალი ყლორტები

Your browser doesn’t support HTML5

პოლიციამ ჩეჩნეთის პარლამენტის შენობა დაიკავა

ჩეჩნეთში, რესპუბლიკის პარლამენტის შენობის წინ მომხდარი ტერაქტისა და ორმხრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა და 17-ზე მეტი დაიჭრა. აფეთქებაში, რომელიც 19 ოქტომბერს დილით მოხდა, ოთხი მეამბოხე მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე დიდი ტერაქტია, ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლება კვლავინდებურად აცხადებს, რომ ჩეჩნეთის იატაკქვეშეთი საბოლოოდ ამოძირკვა.

გროზნოს ცენტრში მომხდარი აფეთქება და ორმხრივი სროლა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა. კიდევ ორი საათი დასჭირდა იმის დადგენას, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ორმა თვითმკვლელმა მეამბოხემ თავი აიფეთქა, ორი ჩასაფრებული კი სპეცოპერაციისას მოკლეს. სროლის შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელი და ჩეჩნეთის პარლამენტის ერთი სამეურნეო მუშაკი. სავარაუდოდ, მეამბოხეები ცდილობდნენ იერიში მიეტანათ ჩეჩნეთის პარლამენტის შენობაზე, სადაც თავდასხმის დროს სვერდლოვსკის რეგიონის დელეგაციის წევრებიც იმყოფებოდნენ. ჩეჩენი ანალიტიკოსის ტიმურ მუზაევის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მოიერიშეებს მძევლების აყვანაც ჰქონოდათ ჩაფიქრებული:

„ გროზნოდან მოსული პირველი ინფორმაციებით თუ ვიმსჯელებთ, აქციის ორგანიზატორები მიზნად ისახავდნენ მძევლად აეყვანათ დეპუტატები და პოლიტიკური მოტივებით მოლაპარაკებები დაეწყოთ ან ფედერალურ ცენტრთან, ანდა კადიროვის ხელისუფლებასთან“.

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა დღეს ომახიანად განაცხადა, მეამბოხეთა განადგურება 20 წუთში დასრულდა, ხოლო პარლამენტის შენობაში მყოფი დეპუტატები ჯანმრთელნი და უვნებელნი არიანო. პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილის გაბედულ მოქმედებაზე საუბრობდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რაშიდ ნურგალიევი, რომელიც აფეთქების დროს გროზნოში იმყოფებოდა:

„დღეს, 8:45 საათზე, მეამბოხეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ პარლამენტში, მაგრამ ეს მათ, ისევე როგორც სხვა დროს, ვერ მოახერხეს. მათ გზაზე დახვდნენ შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლები. ამ მცდელობის შედეგად მეამბოხეები განადგურებულნი არიან“.

რუსეთის ფედერალურმა ხელისუფლებამ 1990-იან წლებში ორი ომი აწარმოვა ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ. მიუხედავად კრემლის მტკიცებისა, რომ დაამარცხა ჩეჩენი მეამბოხეები, ხოლო ამბოხებულ რესპუბლიკას რკინის ხელით მართავს რამზან კადიროვი, ჩეჩნეთში ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე შეტაკება და ტერორისტული აფეთქება მოხდა. პოლიტიკის ანალიტიკოსი ჩეჩნეთიდან ტიმურ მუზაევი ფიქრობს, რომ 19 ოქტომბრის თავდასხმა იყო დემონსტრაციული პასუხი კადიროვის განცხადებაზე, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიიდან მეამბოხეები ამოძირკვა:

„საერთო ჯამში, ეს იყო დემონსტრაციული აქცია, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობას აქვს საიმისო ძალა, გავლენა და უნარი, რომ დარტყმა მიაყენოს პრორუსულ ხელისუფლებას ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით - ჩეჩნეთში“.

ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული იატაკქვეშა მოძრაობა ასეთი დარტყმის მიყენებას ახერხებს. მიმდინარე წლის აგვისტოში, ჩეჩნეთის სოფელ ცენტეროიში სავარაუდო მეამბოხეებსა და რამზან კადიროვის უსაფრთხოების ოფიცრებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. ძალადობის ტალღა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებზე, დაღესტანსა და ინგუშეთზეც ვრცელდება და ზოგჯერ რეგიონსაც სცდება. მარტში, მოიერიშე ქალების მიერ მოსკოვის მეტროში განხორციელებული ერთდროული აფეთქების შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა.