საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტის სხდომა

საქართველოს ახალი კონსტიტუცია აქვს. 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონის ახალი რედაქცია დაამტკიცა. 112 დეპუტატი 5-ის წინააღმდეგ - ასეთია კენჭისყრის შედეგი. პარალელურად კონსტიტუციის ახალი მოდელის შესახებ საბოლოო დასკვნაზე მსჯელობდა ვენეციის კომისიაც.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის პირველივე მესიჯი 15 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას შეეხო - დასკვნას, რომელიც, ბაქრაძის თქმით, დადებითია და, მთლიანობაში, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს იწონებს:

”დასკვნა არსებობს, დასკვნა დადებითია და, სხვათა შორის, ბოლო ნაწილში ვენეციის კომისია მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას კარგი თანამშრომლობისთვის”.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, ზოგადად, წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ კომისიას აქვს შენიშვნებიც, მაგალითად, უნდობლობის ვოტუმთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა.

ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციაში სულ 44 ცვლილება შედის და ისინი, ძირითადად, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსის ახლებურ მოდელს ეხება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცვლილებებით პრეზიდენტის ინსტიტუტი, არსებულთან შედარებით, მკვეთრად სუსტდება და ძალაუფლება პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე გადადის.ძლიერდება პარლამენტის როლი მთავრობის დაკომპლექტებაში. როგორი კონსტიტუცია მიიღო ქვეყანამ? - ამის შეფასება ვთხოვეთ საპარლამენტო უმცირესობის წევრს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, ლევან ვეფხვაძეს:

”ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია, რომლითაც საპრეზიდენტო-საპარლამენტო მოდელიდან გადავედით საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელზე, სადაც პრეზიდენტი უფრო მეტად გამოკვეთილი არბიტრია, ვიდრე საშინაო პოლიტიკის განმახორციელებელი, როგორც ეს აქამდე გვქონდა. საერთაშორისო ასპარეზზე ის წარმოადგენს ქვეყანას და ძირითადი წარმმართველი ფუნქცია ქვეყნის შიგნით ეკისრება მთავრობას. თუმცა ბალანსი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის პარლამენტის სასარგებლოდ გადაიწონა, ამას ვერ ვიტყვით პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად უნდა ვაღიაროთ, მთავრობის ფორმირების წყარო პარლამენტია და, ამ მხრივ, მართლაც, გაიზარდა პარლამენტის როლი, პრობლემა სხვა რამეა, კერძოდ, მთავრობაზე გავლენა პარლამენტის მხრიდან პრაქტიკულად იქნება სუსტი და, შესაბამისად, ძალიან რთული იქნება პარლამენტის მხრიდან კონტროლის მექანიზმების რეალურად ამუშავება”.

ძალთა ახლებური ბალანსი კონსტიტუციაში, კერძოდ, პარლამენტის როლის გაზრდა მთავრობის დაკომპლექტებისას სწორედ ის მთავარი პუნქტია, რომელსაც ექსპერტები ბოლო რამდენიმე თვეა აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ ის დასაწყისშივე მკვდრადშობილია. ახალი პროექტით, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება საკმაოდ რთულია. საკითხის დაყენება პარლამენტის ნაკლებ შემადგენლობას შეუძლია, თუმცა, თუ პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ვერ დაამტკიცებს, რისთვისაც უფრო მეტი ხმაა საჭირო, ვიდრე უნდობლობის საკითხის აღძვრისთვის, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტი, უბრალოდ, დაითხოვოს. ექსპერტებს ეს მუხლი უმოქმედო მუხლად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ, დათხოვნის შიშით, პარლამენტი ყოველთვის მოერიდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყებას.

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე შენიშნავს, რომ ხელისუფლება ტყუილად ითვლის კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებს რაოდენობრივად, რადგან არსებითი შესწორება, რაზეც ვენეციის კომისიაც აკეთებდა აქცენტს და ქართული არასამთავრობო სექტორიც, ახალ კონსტიტუციაში არ შესულა. შესაბამისად, მივიღეთ მოდელი, რომელიც ძაბირაძის პროგნოზით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში გამოიწვევს არეულობას ხელისუფლების მაღალ ეშელონებში:

”საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ვითარებაში ეს მოდელი არის ძალიან სახიფათო რამ, რადგან რეალურად ეს ნიშნავს ორხელისუფლებიანობის დამკვიდრებას. ეს არის რუხი კარდინალების ინტერესებს მორგებული კონსტიტუცია. ვინ იქნება ეს რუხი კარდინალი, ქართველი თუ არაქართველი, სხვა სახელმწიფოს ინტერესებისა თუ ჩვენი ინტერესების გამტარებელი, ამას ვერავინ გაარკვევს. სამწუხაროდ, ვხედავ, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მაქსიმუმ ერთ წელიწადში პერმანენტული გადატრიალებები დაიწყოს - არა ქუჩიდან, არამედ თავად სახელისუფლო ეშელონებში”.

საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ნაწილი კი 2011 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. სახელისუფლო შტოებს შორის ახლებური ურთიერთობა რეალურად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდეგ გადასახედი იქნება დაახლოებით 200-მდე კანონი, სადაც ასევე იქნება ცვლილებები შესატანი. ამისათვის კი, როგორც ლევან ვეფხვაძე განმარტავს, კონსტიტუციით განსაზღვრული ორი წელი სრულიად საკმარისია.