კონსტიტუციის მესამე კენჭისყრა გადაიდო

დღეს პარლამენტს მესამე მოსმენით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ უნდა ემსჯელა. კონსტიტუციის მესამე მოსმენით კენჭისყრა ოპოზიციური ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრის ლევან ვეფხვაძის მოთხოვნით გადაიდო. პარლამენტი კონსტიტუციას კენჭს პარასკევის სხდომაზე უყრის.

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, კონსტიტუციის მესამე მოსმენით რედაქტირებული პროექტის ტექსტი დეპუტატებს კენჭისყრამდე 5 წუთით ადრე დაურიგდათ. აქედან გამომდინარე, ტექსტის გადამოწმების საშუალება არ ჰქონდა. შესაბამისად, ექსპერტებთან კონსულტაციისა და ტექსტის გაცნობისთვის რამდენიმედღიანი ვადა მოითხოვა:

”მოგვეცით საშუალება გავეცნოთ, წავიკითხოთ და იქნებ პარასკევისთვის გადავიტანოთ კენჭისყრა, რომ მანამდე გადავხედოთ. კიდევ ერთხელ, წავიკითხავთ, ვნახავთ რა არის ასახული და რა არა და ეს დრო - ორი-სამი დღე - გვექნება იმისათვის, რომ ექსპერტებთან კიდევ ერთხელ შევჯერდეთ, რამდენად ადეკვატურია ჩვენი შეთანხმება და ეს დოკუმენტი ერთმანეთთან”.

დეპუტატ ლევან ვეფხვაძეს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გამოეპასუხა:

”რედაქციულ დაზუსტებებთან დაკავშირებით პრობლემა არ არის, რომ მიეცეთ საშუალება კიდევ ერთხელ გაეცნონ ამ ტექსტს. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკური კონსულტაციების დროს და პირველი და მეორე მოსმენის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით იყო, ყველა ეს შეთანხმება არის ძალაში და შესულია ტექსტში”.

საბოლოოდ კი, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მიზანშეწონილად მიიჩნია კონსტიტუციისათვის კენჭისყრის გადადება. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ყოველ სიტყვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ამიტომ პროექტი კარგად უნდა იყოს გადამოწმებული:

”ყველა ჩვენგანის სურვილია ყველა ის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ამ ძალიან რთული და ხანგრძლივი პოლიტიკური კონსულტაციების დროს, სრულფასოვნად იქნეს ასახული ტექსტში და არ დავკარგოთ არაფერი, რაზეც ამდენი ხანი ვიწვალეთ და შევთანხმდით. და მეც, სიმართლე გითხრათ, ვიხრები იქითკენ, რომ დამატებით ავიღოთ ორი-სამი დღე.”

პარლამენტი საბოლოოდ პარასკევს კონსტიტუციის იმ ვარიანტს უყრის კენჭს, რომელშიც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას რამდენიმე შენიშვნა ჰქონდა, მათ შორის, ეს შეეხებოდა პრეზიდენტისა და მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების ვადების ხანგრძლივობას და პროცედურის სირთულეს. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის, კერძოდ კი, ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების ” განმარტებით, უნდობლობის გამოცხადების 30-დან 20 დღემდე შემცირება წინგადადგმული ნაბიჯია,
ოპოზიცია მეორე მოსმენის შემდეგ კიდევ ერთ პუნქტს აპროტესტებდა, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობის ცენზს უკავშირდებოდა. წარმოდგენილ ვარიანტში საქართველოში ცხოვრების 15-წლიანი ვალდებულება 5 წლით შეიცვალა. ცვლილებების საბოლოო რედაქცია პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ წაიკითხა:

”ყველა დებულება - როგორც ტერმინოლოგიური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით - ჰარმონიზებულია. ცვლილებები განიცადა იმ მუხლებმა, რომლებიც შეეხება უნდობლობის გამოცხადების ვადებს და ეს ვადები შემცირდა”.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მესამე მოსმენით განსახილველ კანონპროქტის ტექსტის ვარიანტში მხოლოდ რედაქციული შენიშვნების შეტანა შეიძლება. შესაბამისად, კენჭისყრის გადადებით მიღებული რამდენიმე დღის გამოყენება ოპოზიციას მხოლოდ ამ თვალსაზრისით შეუძლია. არსებითი ცვლილებები კონსტიტუციის პროექტს მხოლოდ მეორე მოსმენით შეეხებოდა.