საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციის საბაზისო პროექტის შეფასებას იძლევა

კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო კანონპროექტს, რომელიც სულ ორი დღეა საჯარო განხილვის ობიექტი გახდა, კონკრეტული შენიშვნებით გამოეხმაურა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია. ამ ეტაპზე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია კანონპროექტს 9 ძირითადი მიმართულებით იწუნებს, თუმცა კომისიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ უფრო ვრცელი, დაწვრილებითი და უკეთ არგუმენტირებული დოკუმენტი უახლოეს მომავალში გავრცელდება.

კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო პროექტი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ 21 ივლისს იქნა ინიცირებული. კანონპროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრები არ შესულან, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ისინი პირველები აღმოჩნდნენ მათ შორის, ვინც შენიშვნები გამოაქვეყნა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შენიშვნებმა 9 მთავარი მიმართულება მოიცვა. ამ მიმართულებების მიღმა დღის წესრიგშია რეკომენდაციაც, რომელიც განზოგადებულად გამოხატავს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის პოზიციას.

” საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია ვითხოვთ, რომ გამოთხოვილი იყოს ეს უვარგისი ვარიანტი, იმიტომ რომ ეს არ არის საზოგადოების თანხმობის პროდუქტი. ეს არ არის ჯანსაღი პროცესის შედეგად შექმნილი ვარიანტი, ისევე როგორც ამ ვარიანტის თაობაზე არ არსებობს მინიმალური დონის თანხმობაც კი, როგორც საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან”, - აღნიშნავს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და აზუსტებს იმასაც, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის ამ კომისიის ფარგლებში მომზადებული გავრცობილი კონცეფცია უახლოეს ხანში ნორმატიულ სახეს მიიღებს, სექტემბერში კი განსჯისათვის წარედგინება სპეციალურად მოწვეულ საზოგადოებრივ დარბაზს.

საზოგადოებრივი კომისიის პროექტი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზეა მორგებული, სახელმწიფო კომისიის მიერ უკვე საბაზისო პროექტად დამტკიცებული პროექტი კი შერეული მმართველობის პროექტის სახელითაა ცნობილი. ამ პროექტით ძალთა ბალანსი პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ნაწილდება, თუმცა, საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისიის წინასწარ შეფასებას თუ დავუბრუნდებით, წარმოდგენილი ცვლილებები, გარდა არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების წესისა, ისეთივე უუფლებო მდგომარეობაში ამყოფებს პარლამენტს, როგორც დღემდეა. პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებამ ან ნდობის გამოუცხადებლობამ ადვილად შეიძლება გამოიწვიოს პარლამენტის დათხოვნა - ესაა ნომერი პირველი შენიშვნა საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისიის მიერ კონსტიტუციის საბაზისო პროექტის შეფასების ჩამონათვალში.

” შემდეგ, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა მთავრობამ ადვილად შეიძლება გამოიყენოს პარლამენტის დათხოვნის საბაბად. ამით პარლამენტს ეზღუდება საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების შესაძლებლობა. ეს არის მეორე.”

შენიშვნების ჩამონათვალში, რომელიც საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრმა მინდია უგრეხელიძემ გაგვაცნო, მესამე ადგილზე პოლიტიკური ოპოზიციისა და საზოგადოების კონსტიტუციური ბერკეტების გარეშე დარჩენაა, მეოთხეზე - საგამოძიებო და დროებითი კომისიის შექმნის საპარლამენტო უმრავლესობის ნებელობაზე მიბმა, შემდეგია საბაზისო პროექტში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად პრაქტიკულად არაფრის გათვალისწინება, გუბერნატორების პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნა, კანონთა იერარქიაში ორგანული კანონის კატეგორიის გაუქმება, მინისტრის თანამდებობაზე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის დანიშვნის დაშვება და, ბოლოს, უმაღლესი თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის გართულება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის შენიშვნები ამ ეტაპზე მხოლოდ 9 პუნქტით განისაზღვრა.

” ეს ცვლილებები, რაც კონსტიტუციაში შევა, არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაზე. ცუდად შეიძლება, მაგრამ დადებითისკენ ეს არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს. ეს არის ცვლილებები ცვლილებებისთვის.”

ასე ფიქრობს საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისიის კიდევ ერთი წევრი, ვახტანგ ძაბირაძე. კომისია საბაზისო დოკუმენტის საჯარო განხილვის პროცესში მთავარ ამოცანად საზოგადოების გააქტიურებას ისახავს. როგორ და რა გზით, ლია მუხაშავრია განმარტავს:

” ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიგოს მრავალი განსხვავებული პოზიცია და არგუმენტაცია და თვითონ გააკეთოს არჩევანი, ვის უჭერს მხარს და როგორ. მხოლოდ საჯარო განხილვით შეიძლება მივაღწიოთ საუკეთესო გადაწყვეტილებას. ამიტომ ჩვენი პოზიციაა არა ცალმხრივი, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, ისაა საუკეთესო. არა, ბატონებო, ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს განსხვავებული მოსაზრებები და ამოირჩიოს ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება.”