შოთა იათაშვილის «დალაგება»

შოთა იათაშვილი

წელს პოეტ შოთა იათაშვილის ესეების სრული კრებული გამოვიდა, წიგნს «დალაგება» ჰქვია და იგი ავტორის მიერ უკანასკნელი 13 წლის მანძილზე დაწერილ ესეებს მოიცავს.

«შოთა იათაშვილზე გვაქვს საუბარი, შესანიშნავ ქართველ პოეტზე და როგორც აღმოჩნდა, ძალიან კარგ ესეისტზეც, ადამიანზე, რომელიც ძალიან ზუსტ ესეებს წერს», ასე დაიწყო შოთა იათაშვილის ბოლო წიგნზე საუბარი პოეტმა და კრიტიკოსმა დავით ჩიხლაძემ. თავად შოთა იათაშვილიც პოეტი და კრიტიკოსია, ყოველ შემთხვევაში, ამ წიგნმა გვაჩვენა, რომ ათზე მეტი პოეტური და პროზაული კრებულის ავტორს ჭკვიანური ესეების წერაც შეუძლია.

აქამდე მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. ბოლო 13 წლის მანძილზე ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულმა წერილებმა გვაჩვენა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში შოთა იათაშვილი გამუდმებით ცდილობდა ფორმაში ყოფილიყო. ეს წერილები სხვადასხვა დროს დაიბეჭდა სხვადასხვა გამოცემაში: «ალტერნატივა», «არილი», «ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი», «7 დღე», «ახალი ვერსია», გაზეთ «24 საათის» ლიტერატურული დამატებები, «წიგნები» და «ლიტერატურა», კრებულში შევიდა ასევე წინასიტყვაობები, სტატიები კრებულებიდან:

«ეს ძირითადად გამოხმაურებებია იმ მოვლენებზე, რაც შოთას გარშემო ხდებოდა: წიგნის გამოსვლა, გარკვეული მიმართულების გაჩენა და ა.შ. მაგალითად ჩემს შემთხვევაში იგი განიხილავდა ჩემს ლექსებს ჩემი წიგნის გამოსვლის ფაქტთან დაკავშირებით. ანუ შოთა მაინც კულტურულ კონტექსტს იღებს და არა წმინდა პოეტიკურ საკითხებს, თუმცა ამასაც ეხება ლაკონურად, გასაგებად, მკითხველისთვის უფრო მარტივად მისაღები, არასამეცნიერო ენით».

წიგნს შესავალი უძღვის, რომელსაც მახვილგონივრული სათაური აქვს, «როგორ ვალაგებდი», და იგი, რა თქმა უნდა, პაროდიულად გვახსენებს მსოფლიო თუ ქართულ ლიტერატურაში ცნობილ აურება ესეს, საერთო სათაურით, «როგორ ვწერ». შოთა წერაზე არ ამახვილებს ყურადღებას, იგი წიგნის აგების, მისი დალაგების პროცესზე გვიყვება და ჟანრულადაც მიჯნავს წერილებს: რეცენზიები, ანალიტიკური სტატიები, სვეტები, პორტრეტები... წინასიტყვაობაში შოთა საკუთარ თავზეც საუბრობს, იგი მესამე პირში გველაპარაკება ესეისტ იათაშვილზე: «მთელი ამ დალაგებების შემდეგ თქვენს წინაშე იქნება ის შოთა იათაშვილი, რომელიც დიდი ხანია აქტიურადაა ჩართული ლიტერატურულ პროცესში, აკვირდება მას როგორც მწერალი და როგორც რედაქტორი, სულმუდამ იცვლება და სულმუდამ ცდილობს თავისი ოდესღაც დალაგებული აზრები შეამოწმოს და გადაალაგოს».

შოთა ნამდვილად გამონაკლისია თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის. იგი იმ იშვიათი ავტორების რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც კარგი ესეს წერა ეხერხება. ამგვარ დეფიციტზე დათო ჩიხლაძეც საუბრობს:

«ეს არის უფრო ესეისტიკა, მკითხველისთვის შედარებით გასაგები ჟანრი და მე ვფიქრობ ამის დეფიციტი მართლაც არის. მართლა ძნელია რიგითი მკითხველისთვის, რომელსაც უყვარს ბელეტრისტიკა, პოეზია და ა.შ. დაჯდეს და იკითხოს სამეცნიერო კვლევები სემიოტიკაზე და ლიტერატურის თეორიაში. ამ შემთხვევაში ესე მართლაც ძალიან კარგი ხიდია, როდესაც პოეტი იღებს ასეთ ფუნქციას თავის თავზე და იმ სილამაზეს, რაც შეიძლება პოეტიკას გააჩნდეს, გასაგები ენით გადასცემს მკითხველს».

ადრე მეც არაერთხელ დამიწერია იმის შესახებ, რომ პოეტები და პროზაიკოსები ვერ წერენ ერთმანეთის შესახებ, ზოგს კულტურა არ ჰყოფნის, ზოგს ნიჭი, ზოგს სურვილი არა აქვს, სხვებს კი ეზარებათ, არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა მწერლის მიერ დანახული მწერალი. შოთას კრებული სწორედ ამით გამოირჩევა, აქ იგი თავის აზრებს გვიზიარებს, ეგნატე ნინოშვილზე, მიხეილ ჯავახიშვილზე, არჩილ სულაკაურზე, აქ არის წერილები გურამ რჩეულიშვილზე და ერლომ ახვლედიანზე, ოთარ ჭილაძეზე, ნაირა გელაშვილზე, ანდრო ბუაჩიძეზე, ზაზა თვარაძეზე, კარლო კაჭარავაზე. აქ არიან ძველი, საშუალო და ახალი თაობის მწერლები, XIX საუკუნიდან მოყოლებული «ვარდისფერი ავტობუსის» ჯგუფის ჩათვლით.

შოთას საპროგრამო ესედ მიმაჩნია მისი 10 წლის წინანდელი პასუხები «არილის» ანკეტაზე, სადაც მან თავის თაობას «გაცვეთილი თაობა» უწოდა. იგი სხვა თაობებსაც ახსენებს, გაბრაზებულებს, გატეხილებს, დაკარგულებს და ა.შ. შემდეგ კი ამბობს: «გაბრაზებუყლი შეიძლება დაამშვიდო, გატეხილი შეიძლება შეაწებო, დაკარგული იპოვო, მაგრამ გაცვეთილს ვერარაფერს უშველი. გაცვეთილი ისეთი რამაა, რაც შეიძლება კიდევ ძალიან დიდხანს ვარგისი იყოს, მაგრამ ძველი თვისებები, სიმტკიცე, სიხასხასე არარასდროს დაუბრუნდება. ეს გაცვეთილობა კი გამოიწვია ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური ხასიათის იმ დაძაბულობებმა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა და რომელსაც საბჭოურ სკოლაში გაზრდილი ბავშვები არასაბჭოურ ადამიანებად უნდა ჩამოეყალიბებინა. ბევრმა ეს მაინც ვერ შეძლო და კვაზისაბჭოურ ადამიანად დარჩა, ხოლო ვინც შეძლო, ეს ძლიერი «ცვეთის» ხანჯზე მოახერხა».

ამ სიტყვებში დიდი სევდაცაა და მწარე სიმართლეც, თუმცა ეს სიტყვები, როგორც ჩანს, უკვე აღარ ვრცელდება თავად შოთა იათაშვილზე. მისი წიგნის, «დალაგების» წაკითხვის შემდეგ ნამდვილად ვერ იფიქრებ, რომ ავტორს განსჯისა და კრიტიკის კბილანები გაუცვდა.