სააკაშვილის შემდეგ

”ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა ის ოპერაციაა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველ პირს აღარ ერქმევა მიხეილ სააკაშვილი” - ასე განსაზღვრა ახლახან გია ნოდიამ საქართველოს პოლიტიკური სისტემის ნომერი პირველი ამოცანა (”ტაბულა”, 14 ივნისი).




მე ორ კითხვას დავსვამ:

1. პედაგოგიურს - რატომ?
2. პრაქტიკულს - როგორ?


რატომ?

მთავარი ამოცანა, რომელიც დგას ჩვენი პოლიტიკური სისტემის წინაშე, არის მისი დემოკრატიზაცია. მაგრამ რას ნიშნავს თანამედროვე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა? ესაა სისტემა, რომლის წვერიც - ანუ იერარქიულად ყველაზე მაღალი დონე - გახლეჩილია. არსებობს მინიმუმ ორი ძალა, რომლებმაც ერთმანეთის ადგილი შეიძლება დაიკავონ პოლიტიკური სისტემის ცვლილების გარეშე. ეს ძალებია ხელისუფლება და ოპოზიცია.

ხელისუფლებას აქვს ძალაუფლება, მაგრამ ამავე დროს, განიცდის ძალაუფლებასთან დაკავშირებულ უძალობას (ყველაფერი მას ბრალდება), ხოლო ოპოზიცია - უძალოა, მაგრამ სწორედ ამ უძალობის გამოა ძლიერი (ყველაფრის კრიტიკა შეუძლია).

ყოველთვის ასე არ იყო - ძველად სისტემის სათავეში იდგა მეფე და თუ წვერი გაიხლიჩებოდა, ამას ორმეფიანობა და სამოქალაქო ომი მოჰყვებდა. მაგრამ თანამედროვე დემოკრატიამ ასეთი მეფის - ანუ ისეთი ფიგურის არსებობა, რომლის ხელშიც მთელი ძალაუფლება იქნებოდა მოქცეული - შეუძლებელი გახადა.

ახლა შევხედოთ საქართველოს - მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სისტემისა არის ამ წვერის გახლეჩის შეუძლებლობა. პოლიტიკური სისტემის დასაბამი ჩვენთან ყოველთვის გადატრიალება ან რევოლუციაა - დომინანტური პარტიის წინააღმდეგ, რომელიც სხვა პარტიებს გამარჯვების შანსს თითქმის არ უტოვებს. გადატრიალების შედეგად სათავეში მოდის სხვა დომინანტური პარტია, რომელიც ერთი ლიდერის გარშემოა კონსოლიდირებული და ასე გრძელდება შემდეგ გადატრიალებამდე.

ბოლო ოცი წლის მანძილზე სამი ასეთი შემთხვევა ვიცით: ”მრგვალი მაგიდა”, მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა. ზოგიერთი გადატრიალება სისხლიანი იყო, ზოგიერთი - მშვიდობიანი. მგონი არავის ეპარება ეჭვი, რომ დღეს, ამგვარი სცენარის გამეორების შემთხვევაში, ძალთა არსებული განაწილების გათვალისწინებით, აუცილებლად ძალადობრივი ვარიანტი გათამაშდება. ცხადია, რომ ეს სცენარი თავიდან უნდა იქნეს აცილებული.


როგორ?

მაგრამ არც მემკვიდრის სცენარის გათამაშებაა სასურველი - სააკაშვილი მიდის და ტოვებს მემკვიდრეს, რომელსაც ისეთივე ძალაუფლება ექნება, როგორიც წინამორბედს. ჯერ ერთი, ეს არანაირად არ შეუწყობს ხელს სისტემის დემოკრატიზაციას. დარჩება ისეთივე დომინანტური პარტია ისეთივე ყოვლისშემძლე ლიდერით. მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს ასე არც მოხდება სულ სხვა მიზეზის გამო: ასეთი სცენარი ზრდის განხეთქილების შანსს მმართველ პარტიაში, რადგან იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ და ერთმანეთს არ ექვემდებარებიან, არ იქნება ადვილი ერთისათვის იმ ძალაუფლების ”ჩუქება”, რომელიც დღევანდელმა პრეზიდენტმა ბრძოლით მოიპოვა.

მაშინ როგორი უნდა იყოს სისტემის განვითარების სცენარი, რომელიც არც ნეგატიური იქნებოდა და არც - უტოპიური? ამისათვის დავაკვირდეთ ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელსაც დამტკიცების სერიოზული შანსები აქვს.

როგორც მოგეხსენებათ, ის გულისხმობს ნახევრად საპრეზიდენტო მოდელს - ე. წ. ფრანგულ მოდელს, რომლის შემთხვევაშიც პრეზიდენტი პირდაპირ არის არჩეული, ხოლო პრემიერი ანგარიშვალდებულია არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის წინაშე (ექსპერტები საუბრობენ იმაზეც, რომ ქართული ვარიანტი უფრო პოლონურ-ლიტვურ მოდელს ჰგავს, ვიდრე ფრანგულს, მაგრამ ეს დეტალები ალბათ მხოლოდ კონსტიტუციონალისტებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები, არსებითს დავჯერდებით).

ჩემი აზრით, სწორედ ეს კონსტიტუცია შეიძლება გახდეს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის შანსი - თუ დემოკრატიზაციას განვსაზღვრავთ, როგორც წვერის გახლეჩას. დავაკვირდეთ: ახალი კონსტიტუციის მიხედვით იარსებებს არა ერთი ძლიერი ფიგურა, არამედ - ორი: პრეზიდენტი და პრემიერი. ეს კი ორ რეალურ შესაძლებლობას იძლევა:

ა) ან ერთ-ერთ ამ თანამდებობას დღევანდელი ოპოზიცია მოიპოვებს, ხოლო მეორეს - დღევანდელი მმართველი პარტია. ამ შემთხვევაში ადგილი ექნება ორი დაპირისპირებული პარტიის შეთანხმების აუცილებლობას (ამას პოლიტიკურ მეცნიერებაში კოჰაბიტაციას, თანაცხოვრებას უწოდებენ, რასაც აქვს ხოლმე ადგილი საპრეზიდენტო სისტემებში - მაგალითად, მიტერან-შირაკის მმართველობა 80-იან წლებში);

ბ) ან მმართველი პარტია მოახერხებს ორივე თანამდებობის დაკავებას და შეიქმნება ძალაუფლების ორი ცენტრი თავად პარტიის შიგნით. თუ ასე მოხდა, ეს გამოიწვევს მმართველ პარტიაში ნათლად გამოკვეთილი ფრაქციების გაჩენას, რომლებიც დაჯგუფდება ძლიერი პრემიერისა და საკმაოდ ძლიერი პრეზიდენტის ირგვლივ. ამას სავარაუდოდ მოჰყვება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ჩართვაც პოლიტიკურ ბრძოლებში - როგორც სატელიტებისა. და ეს გახდება წვერის გახლეჩის პირველი ანტიციპაცია, რომელიც შემდგომ წლებში უფრო ნათელსა და ”დასავლურ” ფორმას მიიღებს.

ორივე შემთხვევაში სასამართლოს უჩნდება შესაძლებლობა, მოიპოვოს მეტი დამოუკიდებლობა - ამ ორ ინსტიტუტს შორის კონფლიქტებისას არბიტრის როლის შესრულებით.

რეზიუმე

მთავარი შეცდომა, რომელიც ჩვენ შეიძლება დავუშვათ, როდესაც სააკაშვილის შემდგომი პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე ვსაუბრობთ, არის შემდეგი: ჩვენ გვგონია, რომ მის მერე აუცილებლად ერთი უნდა დარჩეს.

მაგრამ ახალი კონსტიტუციის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ასეთი ფიგურა ერთი კი არა, ორი იქნება.

P.S. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვიტყვი: თუ აღწერილი შესაძლებლობებიდან თუნდაც ერთ-ერთს უწერია განხორციელება, მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება ვერც პრეზიდენტი და ვერც - პრემიერი. ”ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა ის ოპერაციაა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველ პირს აღარ ერქმევა მიხეილ სააკაშვილი”. აღარც პირველ პირს და აღარც - პირველ პირებს.