სოჭის ოლიმპიური თამაშების გამო კავკასიის კონფლიქტებს მეტი ყურადღება ექცევა

მოსკოვმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ სოჭში ისლამისტი მეამბოხეები თავდასხმებს გეგმავენ. აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა თქვა, მანამდე სოჭის ოლიმპიური თამაშები რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად უნდა გამოვიყენოთ, რათა საქართველოში დაკავებული ტერიტორიები დატოვოსო. არაერთი მიმომხილეველი ფიქრობს, რომ ოლიმპიური თამაშების სოჭში ჩატარება, კონფლიქტებით აღსავსე რეგიონთან მისი სიახლოვის გამო, შეცდომა იყო, ვინაიდან ამას შეიძლება დაძაბულობის გაძლიერება მოჰყვეს.

ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ნანობს თავის სიტყვებს, სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე რომ თქვა, უსაფრთხო, სასიამოვნო და, ამ მხრივ, დასამახსოვრებელი იქნებაო. დღეს სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც 2014 წლისთვისაა დაგეგმილი, არაერთი მეტ--ნაკლებად ხელისშემშლელი ფაქტორი გამოუჩნდა. პირველია რუსეთის უშიშროების უწყების განცხადება, რომ ისლამისტი მეამბოხეები, თამაშების ჩაშლის მიზნით, არეალში თავდასხმებს გეგმავენ, რამაც, „ეფესბეს“ ხელმძღვანელის ალექსანდრ ბორტნიკოვის სიტყვით, შეიძლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიოს. სოჭი ახლოსაა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონთან, სადაც რუსეთი ცდილობს ვითარებაზე კონტროლი დაამყაროს. რუსი პოლიტოლოგი ნიკოლაი პეტროვი ამბობს, რომ ამან შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება:

„ეს ფაქტორი უკვე ზემოქმედებს ფედერალური ცენტრის პოლიტიკაზე, რომელიც კავკასიის მიმართ იმაში გამოიხატება, რომ უარი ეთქვას პოლიტიკური მოდერნიზების ყველა მცდელობას და ადგილობრივი რეჟიმების ყოველგვარ ინსტიტუციონალიზაციას, ანუ გადასვლაა არქაულ სისტემაზე, რათა მომავალი ორი სამი წლის მანძილზე შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ შედარებით სიმშვიდეა.“

ამას გარდა, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ვითარებას ართულებს საქართველოსთან სიახლოვე. საქართველო ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის მოწოდებით გამოდის. საქართველოს აღიზიანებს ისიც, რომ რუსეთი აფხაზეთის რესურსებს იყენებს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას. თბილისში არ მოსწონთ ფაქტი, რომ ოლიმპიური თამაშების დროს სეპარატისტულ რეგიონს რუსეთის ტურისტები ესტუმრებიან. ამ ვითარებით კმაყოფილებას არც დასავლეთში გამოხატავენ. ვაშინგტონის კარნეგის ცენტრის კავკასიის ექსპერტი ტომ დე ვაალი ამბობს:

„რუსები შეეცდებიან ოლიმპიადის დროს რეკლამა გაუწიონ აფხაზეთს. რუსი ტურისტები ჩავლენ იქ , რითაც დასავლეთის ქვეყნები მაინცდამაინც კმაყოფილები არ იქნებიან.“

სოჭის ოლიმპიური თამაშების მიმართ ბოიკოტს დასავლელ პოლიტიკოსებს შორის ბევრი მომხრე არ ეყოლება, მაგრამ არიან ისეთები, რომელთა აზრითაც, სოჭის თამაშები კარგ შესაძლებლობას იძლევა მოსკოვზე ზეწოლისათვის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თავისი გავლენა შეასუსტოს. ერთ-ერთი მათგანია კურტ ვოლკერი, ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ახლა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს უფროსი მრჩეველი. „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ კომენტარში ვოლკერი ევროპასა და აშშ-ს მოუწოდებდა 2014 წლის ოლიმპიური თამაშები გამოეყენებინათ რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად, რათა მან ვერ განავითაროს თავისი „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკა. ვოლკერი საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისადმი ეკონომიკურ და სატრანსპორტო ბლოკადას მოითხოვდა. ამ მოწოდებას კრიტიკოსები გამოუჩნდა მათ შორისაც კი, ვინც მოსკოვის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარებას არ ემხრობა.

მოჰყავთ ხოლმე წარსულის მაგალითები, როცა სხვადასხვა ოლიმპიადას - მოსკოვში, პეკინში და სხვაგან - მსოფლიოს ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ მიზანი ვერ იქნა მიღწეული. მოუსმინეთ რუს ანალიტიკოსს, ფიოდორ ლუკიანოვს:

„რაღაც მსგავსი ვიხილეთ პეკინის ოლიმპიადის წინ. იყო სრულიად აშკარა მცდელობა ზეწოლისა, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. და მე მგონია, სოჭის ოლიმპიადის შემთხვევაში ეს პოლიტიკური ასპექტი ასევე არ იმუშავებს. საქართველო, ოსეთი, აფხაზეთი არ არიან დასავლეთის სახელმწიფოებისა და რუსეთთან მათი ურთიერთობისთვის მთავარი საკითხი - ეს სრულიად აშკარაა.“
მაგრამ სოჭის ოლიმპიური თამაშების ოპონენტები არ აპირებენ დათმობას. ბოლო პერიოდში ეკოლოგიური ნორმების უხეში დარღვევა გამოვლინდა არეალში, რომელსაც იუნესკო იცავს. აქვე აღსანიშნავია ჩერქეზთა ფაქტორი. ამ ეთნოსის წარმომადგენლები - ათასობით ადამიანი - სოჭის არეალიდან გადაასახლეს 150 წლის წინ. მათი წარმომადგენლები აქტიურ ბოიკოტს უცხადებენ ზამთრის თამაშებს. ამ ყველაფერთან ერთად, რუსეთში შესუსტდა ენთუზიაზმი თამაშების დამფინანსებელთა მხრიდან.

ჩანს, რომ ეს თამაშები მართლაც დასამახსოვრებელი იქნება, მაგრამ არა იმ მხრივ, როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი ვარაუდობდა, როცა სოჭში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას მიაღწია.