ევროკავშირის უძლურების დეკლარაცია

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი

ვუბრუნდებით კვირის დასაწყისში გავრცელებულ ცნობას, რომ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი აპირებს გააუქმოს სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში საგანგებო წარმომადგენლების პოსტები. ამ ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს თუ დაუჭერენ, ეს ნაბიჯი შესაძლოა აღმოსავლეთის სამეზობლოში ევროკავშირის ჩართულობის დრამატულ შემცირებას მოასწავებდეს. ეს ინიციატივა შეაფასა ჩვენი რადიოს ევროკავშირის საკითხების მიმომხილველმა აჰტო ლობიაკასმა.

გარკვეული თვალსაზრისით, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის კეთრინ ეშტონის წინადადება, გაუქმდეს სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელთა პოსტები, უბრალოდ, ბიუროკრატიული ნაბიჯია, მხოლოდ თანამდებობების ჩამონათვალში შეტანილი ცვლილება, რომელიც ევროკავშირის მოხელეებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილებას უკავშირდება ბლოკის ახალი, დიპლომატიური, საგარეო მოქმედების სამსახურის ამუშავების შემდეგ.

ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სწორედ ეს შეხედულება ჭარბობდა მაშინ, როცა ეშტონის პირველმა თანაშემწემ, ბრიტანელმა დიპლომატმა რობერტ კუპერმა ეს გეგმა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს გააცნო ბრიუსელში 28 მაისს გამართული მორიგი შეხვედრის ბოლოს.

მაგრამ ის ინტენსიური გამოხმაურება, რომელიც ამ ამბავს საქართველოსა და მოლდავეთში მოჰყვა, უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ეშტონის აპარატისთვის. ისინი ამისათვის მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ - ეს გეგმა ევროპის კომისიის საგარეო ურთიერთობათა უწყების თანამშრომლებისთვისაც კი არ ჰქონდათ გაზიარებული (ბიუროკრატიის თვალსაზრისით, მათ ეს არც ევალებოდათ, ვინაიდან საგანგებო წარმომადგენლების საკითხი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა კვლავ ჩახლართულ სტრუქტურად რჩება, რადგან ეშტონმა ვერ შეძლო, ერთი მხრივ, წევრ ქვეყნებსა და, მეორე მხრივ, ევროპის კომისიას შორის არსებული დაყოფის შეცვლა).

შექმნილ ვითარებასთან გასამკლავებლად ეშტონის ოფისმა, ასე ვთქვათ, „თავდაცვითი განცხადებების“ შედგენა დაიწყო. ამ განცხადებებში მითითებულია, რომ ამ ქვეყნებთან მიმართებით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა უცვლელი დარჩება, ისევე როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროექტი და რომ ყველა ქვეყანას შესთავაზებენ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, რაც, როცა დრო მოვა, მოიტანს ევროკავშირში „ეკონომიკურ ინტეგრაციას და პოლიტიკურ ასოცირებას“ (ეს ფრაზა საზოგადოებასთან ურთიერთობის იარაღად გამოიყენება, ამ ქვეყნების მოლოდინები სწორად რომ წარმართონ).

შემაშფოთებელი - ყოველ შემთხვევაში, ზედაპირული დაკვირვებით - ის ხარისხია, რომლითაც ბრიუსელის ბიუროკრატიული თვალსაზრისები საგარეო პოლიტიკის კონცეფციებზე ახდენენ გავლენას. საგანგებო წარმომადგენლების თანამდებობები სულ რამდენიმე წლის წინ დიდი პომპეზურობით და გრძელვადიანი პერსპექტივების დაპირებით დაარსდა და ის, რომ ამ პოსტების გაუქმება არასტაბილური რეგიონების მმართველ პარტნიორ მთავრობებს დიდ უხერხულობას შეუქმნიდა, ეშტონს და მის გუნდს არც გახსენებიათ.

ამ პარტნიორების მხიდან საკუთარი მნიშვნელობის განცდა აუცილებლად იზარალებს იმის გაგებით, რომ, მაგალითად, აფრიკის დიდი ტბების რეგიონში ევროკავშირი ინარჩუნებს საგანგებო წარმომადგენელს. მაგრამ ესეც კი არაფერია იმ დამზაფრავ ვარაუდებთან შედარებით, - განსაკუთრებით თბილისისთვის, - თუ მოსკოვი როგორ აღიქვამს ეშტონის ამ სიგნალს.

მაგრამ პირველმა შთაბეჭდილებამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. ამ თითქოს მონუმენტური არაკომპეტენტურობის მიღმა რამდენიმე ძალიან გამჭრიახი გონება დგას. უწინარესად კი ეს რობერტ კუპერს ეხება. „ტაიმსის ლიტერატურული დამატების“ 28 მაისის ნომერში ის საქართველოს პრობლემებს აანალიზებს (უფრო ზუსტად კი ამას რონალდ ასმუსის წიგნის - „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ - რეცენზიაში აკეთებს). ევროკავშირის ვეტერანი სტრატეგი ამ ქვეყნის პერსპექტივებს ზედმიწევნით ნიუანსირებულად და გულგრილად აღწერს და ამით რეგიონში ევროკავშირის როლის შეზღუდულობაზეც საუბრობს.

ძალიან მოკლედ რომ ითქვას, კუპერის არგუმენტაციით, ქართველებს ტემპერამენტი არ უწყობთ ხელს, რომ რუსეთის გვერდით როგორც დამოუკიდებელმა (ანუ გაუტეხელმა) ერმა, ისე იცხოვრონ და ევროკავშირი ამასთან ვერაფერს გააწყობს. „ევროპული გარემო“, - შესაშური გულწრფელობით აღნიშნავს კუპერი, - „ფუნდამენტურად შეიცვალა“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მერე. ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული სამი ძირითადი წესი - უთანხმოებების მშვიდობიანი გადაჭრა, ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლის დაუშვებლობა და ამა თუ იმ ალიანსში შესვლის თავისუფალი არჩევანი - აღარ მოქმედებს.

კუპერის აზრით, ევროკავშირს მხოლოდ ის შეუძლია, რომ დაამყაროს „ურთიერთობები“, რაც აღწერილია როგორც პარტნიორებზე გავლენის მოსახდენი საშუალებები. ევროპულ გარემოში რუსეთი გავლენიან ძალად იქცა. ევროკავშირმა - თუკი მისგან დასაცავად აშშ-ს ან ნატოს არ მიმართავს - სწორედ რუსეთთან ურთიერთობის განვითარებასა და კომპრომისების მიღწევაზე უნდა იმუშაოს. ეს შესაძლოა სწორ ან სამართლიან გადაწყვეტილებად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალობა ასეთიაო, ამბობს კუპერი.

ეჭვგარეშეა, რომ „რეალპოლიტიკაზე“ დამყარებული კუპერის ცივი ლოგიკა დღევანდელ ევროპაში მიღებული პოზიციაა - თუნდაც იმიტომ, რომ ის კარგად ეხმიანება ბერლინსა და პარიზში ამჟამად დომინანტურ ინსტინქტებს. მაგრამ ევროკავშირის ფუნდამენტურმა პრინციპმა - ისევე როგორც საგარეო და პოლიტიკურ-სამხედრო საქმეების გენერალური დირექტორის კუპერის მიერ დაკავებულმა პოსტმა და ევროკავშირის საბჭოს გენერალურმა სამდივნომ - შეიძლება იზარალოს, თუკი პარტნიორებს და მათზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას განსხვავებულ ღირებულებას ღიად მიანიჭებენ.

იმიტომ, რომ სწორედ აქამდე დადის „საგანგებო წარმომადგენლებთან დაკავშირებული მთელი ეს ისტორია“ - ბრიუსელი, რომელიც მოსკოვზეა სრულად კონცენტრირებული, ქმნის აშკარა შთაბეჭდილებას, რომ აბსოლუტურად არ აღელვებს ის, თუ რა მოხდება თბილისში.