”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ანგარიში გამოაქვეყნა

30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში ჯერჯერობით ნაკლები დარღვევაა 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, თუმცა საერთო სურათი არც ისე დამაიმედებელია - ასეთია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მომზადებული ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის მთავარი აზრი. ანგარიშში აქცენტი ოთხი ძირითადი მიმართულებით გაკეთდა - ხისტი, ფინანსური, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მეთორმეტეკლასელები გააფრთხილეს, რომ თუ მხარს მმართველ პარტიას არ დაუჭერენ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებამდე გაიწვევენ ჯარში.

თელავში სოფელ ყარაჯალის გამგებელმა დაახლოებით 50-60 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვა ჰუმანიტარული დახმარების გაცემის მოტივით. ბათუმში საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებამ საჯარო უწყებების წარმომადგენლებს დაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა მათი თანამშრომლების პირადი ნომრებისა და სხვა პერსონალური მონაცემების შეგროვების თაობაზე. თბილისში ხშირია თბილისის მერის მიერ დაფინანსებული ე.წ. თბილისის რებრენდინგის ფარგლებში შექმნილი ლოგოს - „მე მიყვარს თბილისი“ - მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში გამოყენების შემთხვევები. - ეს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შუალედურ ანგარიშში მოხვდა. ეს ფაქტები, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რამდენიმე წყაროსთანაა გადამოწმებული. ნინა ხატისკაცი, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გარკვეულ დარღვევებს უკვე გამოეხმაურა:

”გახმაურებული ფაქტი მოხდა ლანჩხუთში 7 აპრილს, როდესაც ადგილობრივი ”კუდ“-ის თანამშრომლის მიერ ზეწოლა მოხდა ”ალიანსის” წარმომადგენელზე და ის ადამიანი, კონკრეტულად კი, ბუხუტი ჩხეიძე, ვინც მონაწილეობდა ამ ამბავში, თანამდებობაზე აღარ არის. ხშირია ზეწოლა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, დედოფლისწყაროში მასწავლებელზე იყო ზეწოლა, ასევე ხშირია პატიმრების ოჯახების მიმართ მუქარის ფაქტები. აგიტაციაში ჩართულები არიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და. ა.შ.”.

ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი ფაქტი მოხდა კახეთში. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” კახეთის ორგანიზაციის კოორდინატორს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომლის თქმითაც, განსაკუთრებით ხშირია ფინანსური რესურსის გამოყენების შემთხვევები:

”ბოლო დროს ბიუჯეტიდან ფინანსდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც არ იყო დაგეგმილი. მაგალითად, სოფლის პროგრამის სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, როცა თანხა ორი თვით ადრე ჩაირიცხა და სამუშაოები აპრილში უნდა დაწყებულიყო. კახეთში გზები სულ გადათხრილია, რომ მოსახლეობას აჩვენონ, როგორ მუშაობს ხელისუფლება.”
მთივლიშვილი აცხადებს, რომ მოიმატა ადამიანების დაშინების ფაქტებმაც:

”მაგალითად, ახმეტის რაიონში, ზემო ალვანის საჯარო სკოლაში, სადაც კენჭს იყრის სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სპეციალისტი ბესო ყიზილაშვილი, დაემუქრა მეთორმეტეკლასელებს, რომ თუ მას და მმართველ პარტიას არ მისცემენ ხმას, ჯარში გაიწვევს ყველას - ასე რომ, უმაღლესში ჩაბარების საშუალებას არ მისცემს.“

წინასაარჩევნოდ, როგორც აღმოჩნდა, ხშირად მიმართავენ ასევე ერთგვარ ხრიკებსაც. მაგალითად, სხვადასხვა მიზნით გამოიყენება მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერი. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ ერთი შეხედვით უწყინარ საშეღავათო ბილეთებს სწორედ ხუთიანი აწერია, თუმცა, ხიდაშელის შეფასებით, ეს წინასაარჩევნო ეშმაკობა, ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, კანონდარღვევაა:

”ჩვენ ვგულისხმობთ თბილისის მერიის მიერ დაბეჭდილ საშეღავათო ბოლეთებს, რომლებიც დაიბეჭდა პროექტ ”კინომანიის” ფარგლებში. საშეღავათო ბილეთებზე არის აღბეჭდილი ”5” ნომერი. როგორც მერია აცხადებს, ეს სიმბოლო მხოლოდ და მხოლოდ ფასდაკლების მიმანიშნებელია, ანუ, თუ სტუდენტი ბილეთს კინოთეატრში წარადგენს, ის ხუთლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს. მაგრამ აღნიშნული ”5” ნომერი ძალიან ჰგავს იმ ხუთიანს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიაში იყენებს და რომელიც არჩევნებში მონაწილეობის რიგით ნომერს ასახავს. ”

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, 10 მაისს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 მაისის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებებსაც მიმართა. მათ ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა მოუწოდა არ განახორციელონ ისეთი პროექტები, რომლებიც ადგილობრივ ბიუჯეტში არჩევნების გამოცხადებამდე არ იყო გათვალისწინებული.

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს ის დადებითი მომენტიც, რაც, ნინა ხატისკაცის აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხს უკავშირდება. ლაპარაკია საჯარო პირების შვებულებაში გასვლის ტენდენციაზე.

მონიტორინგი გრძელდება და, როგორც მისი ავტორები აცხადებენ, ყველაზე საინტერესო არჩევნებამდე დარჩენილი ორი კვირა ჯერ წინ არის.