ნაირა გელაშვილის “პირველი ორი წრე”

ნაირა გელაშვილის ბოლო რომანი “პირველი ორი წრე”

ახალი ამბავი არ არის, რომ დღეს თანამედროვე ქართული ლიტერატურა ძალიანაა მოწყვეტილი რეალურ თანამედროვეობას, ისტორიას, ჩვენივე ქვეყნის ახლო წარსულს თუ ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს. ჩვენში თითქმის არ იწერება დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებები, იშვიათად ნახავთ პროზაში არეკლილ საქართველოს ბოლოდროინდელ თავგადასავალს, მწვავედ დასმულ კითხვებს.

ნაირა გელაშვილის ბოლო რომანი “პირველი ორი წრე” სწორედ ასეთი ხარვეზების შევსების მცდელობაა. ესაა რომანი ჩვენი დროის შესახებ, უფრო სწორად კი იმ მიზეზებზე, რამაც ჩვენი დრო შვა.

კრიტიკორი ლევან ბრეგაძე რომანის შესახებ გვეუბნება: “ნაირა გელაშვილის არც ერთი წიგნი ერთმანეთს არ ჰგავს, მაგრამ ბევრი ჰგავს ერთმანეთს სწორედ ამით. ანუ ესაა ქვეყნის ბედით შეწუხებული ადამიანის ფიქრები, გამოსავლის ძიება, და იმის მცდელობა, რომ გაიაზროს, რა ხდება, რა გვჭირს, რა მოგვივიდა, რომ ამ გაუთავებელი კრიზისიდან ვეღარ გამოვსულვართ”.

რომანს მყარი ისტორიოსოფიური საფუძვლები აქვს, ამაზე როგორმე სხვა დროსაც ვისაუბრებთ, ახლა უბრალოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ რომანიდან, რომელიც წარსულის საშიშროებებს ეხება, იმას, რომ წარსული “თან უნდა გახსოვდეს და თან არა. წარსულიდან მხოლოდ ის უნდა იცოდე, რასაც აცნობიერებ, სხვა ყველაფერი უნდა გადაყარო, რათა ტვირთად არ გექცეს”.

ამის შესახებ ნაირა გელაშვილმა ჩვენთან საუბრისასაც აღნიშნა, როდესაც მას ვთხოვეთ რომანის დაწერის პირველი იმპულსები გაეხსენებინა: “დიდი დრო რომ გადის, მერე გავიწყდება, რატომ წერდი და რა იყო იმპულსი და რა გაწერინებდა. ეს რომანი 1994 წელსაა დამთავრებული და არც მინდოდა გამოქვეყნება და რაღაცნაირად მინდოდა ის სინამდვილე დამევიწყებინა, ისევე, როგორც ბევრს სურს დავიწყება ჩვენი უახლოესი წარსულისა, რომელიც მთლიანად შედგება ტრავმების წნულისაგან. ეს განცდა მახსოვს, “დრო, დრო აღნიშნე”, გალაკტიონის სიტყვები, რომელიც თითქოს რაღაც ანდერძივითაა. მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარი არის ის, რომ ესაა მცდელობა დაასახელო მიზეზები, რამაც გამოიწვია საქართველოს პერმანენტული მარცხი და პერმანენტული უიღბლობა და რაც დღესაც იწვევს კიდეც, რადგან ის მიზეზები აღმოფხვრილი არც ახლა არ არის და გრძელდება”.

რომანის მოქმედება ერთ კონკრეტულ ადგილას, უფრო სწორად, კონკრეტულ დაწესებულებაში ვითარდება, “მთარგმნელობით კოლეგიაში”. ამ რეალურ დაწესებულებაში, რომელიც ნაირა გელაშვილმა საკუთარი გამონაგონითაც შეავსო, ხანმოკლე არსებობის მიუხედავად, მაინც ბევრი რამ გაკეთდა, ითარგმნა წიგნები, გამოჩნდნენ ახალი ავტორები.

კოლეგიაში მუშაობდა კრიტიკოსი ლევან ბრეგაძეც, ვისთვისაც ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი იყო იმდროინდელი საქართველოს ინტელექტუალურ ცხოვრებაში: “ამ დაწესებულების არსი, ოთარ ნოდიას მიერ მოფიქრებული და მის მიერ შექმნილი მთარგმნელობითი კოლეგიის არსი იყო კულტურული ცხოვრების უზრუნველყოფა საქართველოში. კულტურული კავშირების უზრუნველყოფა სხვა ხალხებთან, სხვა ერების ლიტერატურებთან, და ეს კეთდებოდა არაჩვეულებრივი თავგამოდებითა და თავდადებით, როგორც ხელმძღვანელის, ისე თანამშრომლების მიერ. მე ცოტა ხანს მომიწია იქ მუშაობა და ვიცი ეს, როგორ იყო”.

პერსონაჟები სხვადასხვა ტექსტების, შესაბამისად კი სხვადასხვა კულტურათა თარგმნით არიან დაკავებულნი, ამასობაში კი მათ გარშემო ახალი ქვეყანა იბადება, ჩნდებიან ახალი ლიდერები, რომლებიც სწორედ ამ “სხვას” ებრძვიან, იწყება “მთარგმნელობითი კოლეგიის” თანამშრომლების დევნა, დაშინება, რაც შემდეგ დარბევაში გადაიზრდება და მსხვერპლიც მოჰყვება. კულტურის ამ კერის რეალურ თუ გამოგონილ ხვედრს უკავშირდება საქართველოს ისტორიის ფაქტებიც, რომლებიც რომანში ხან პერსონაჟების მიმოწერიდან აღწევს, ხანაც ქუჩიდან, საიდანაც გამუდმებით მოისმის სკანდირების ხმა, ირხევიან დროშის წვერები, ერთმანეთს ცვლიან ლოზუნგები.

ნაირა გელაშვილის რომანში კულტურისა და ბარბაროსობის ამ დაპირისპირებას დიდი ადგილი უკავია, მან საუბარშიც აღნიშნა: “რეალურად, ეს იყო ის ორგანიზაცია, რომელიც, რომ არ ყოფილიყო, დემოკრატიულ სახელმწიფოს თავად უნდა შეექმნა, რომელიც იღებს ევროპულ ორიენტაციას, ანუ სარკმელი გაეჭრა ინტელექტისა და სულის დონეზე. და გამოვიდა ისე, რომ ამ ნაციონალისტურმა ძალებმა არსებული ორგანიზაცია დახურეს.”

ჯერ კიდევ რომანის დაწერამდე რამდენიმე წლით ადრე, თავის ერთ-ერთ წერილში, რომელიც 1990 წელს დაიბეჭდა ქართულ პრესაში, ნაირა გელაშვილმა ის ფაქტორები დაასახელა, რომლებიც პირველ რიგში უნდა დაგვეძლია ქართველებს დამოუკიდებლობისკენ სავალ გზაზე. მომავალში სწორედ ეს თეზისები იქცა რომანის საფუძვლად: “ჩვენ ვართ ინტელექტუალურად მოუმზადებლები ახალი დროისთვის, ჩვენი მორალური საყრდენები, ანუ ღირებულებათა სისტემა, შერყეულია, და მესამე ფაქტორად მქონდა დასახელებული ის, რომ ჩვენ არა ვართ ფსიქიკურად სტაბილური ხალხი. მაშინ ეს არგუმენტირებული არც მქონდა და ამის დამამტკიცებელი რამე მასალა ხელში არ მეკავა. არის, როცა რაღაცას ამბობ განცდისა და შეგრძნების დონეზე. რეალურად კი ის, რაც მაშინ, 1990 წელს არგუმენტების გარეშე, თეზისებივით მქონდა დაწერილი, ამ რომანში რაღაცნაირად გაიშალა”.

გარდა ამისა, რომანი ეძღვნება კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას, რომელიც დღეს ტოტალურად ბატონობს საქართველოში, ქვეყანაში, სადაც საზოგადოებას განათლება რეალურად არ სჭირდება, განათლებული ადამიანი კი ხშირ შემთხვევაში დაცინვის ობიექტი ხდება: “პრობლემა, რომელიც ლაიტმოტივის სახით არის რომანში და სტრუქტურულად განსაზღვრავს მას, ესაა შემეცნების წყურვილის ძალიან, სასოწარმკვეთად დაბალი დონე საქართველოში, როცა ცოდნის სიყვარული უკვე აღარ იგრძნობა და შემეცნების წყურვილი, თვითონ სამყაროს შემეცნების წყურვილი დასულია იმდენად ნულს ქვემოთ, რომ პერსპექტივა არ ჩანს”.

ცალკე თემაა რომანის ჟანრული განსაზღვრა და ის, თუ როგორაა იგი აგებული სტრუქტურულად: “პირველ რიგში ეს არის კარგი საკითხავი პროზა. პროზა მეთქი, ვთქვი, მაგრამ, იქ ბევრი ლექსია და პროზაული პოეტური პასაჟებიც ბევრია და ბარემ ახლავე ვიტყვი, რომ ეს მაინც არის რომანი, მრავალფეროვანი ტექსტებისგან შედგენილი რომანი, ცოტა უცნაური ამ მხრივ. ტრადიციულ რომანებს ნაკლებად ჰგავს. არის თარგმანები, პოეტურიც და პროზაულიც, თან ძალიან აქტუალური წიგნებიდან”.

ლევან ბრეგაძის ამ ჩამონათვალს სხვასაც დავამატებდი. რომანს ავსებს ბიოგრაფიებიც, მთარგმნელთა ბიოგრაფიები, რომლებსაც კოლეგიის ერთ-ერთი თანამშრომელი ადგენს “ორგანოებისთვის”. მათ უფრო შეგვიძლია ვუწოდოთ ნოველები, სადაც თხრობა ხან მდორედ მიედინება და ხანაც შექსპირული ვნებები ტრიალებს. მთავარი კი ის არის, რომ კონკრეტული ადამიანების ბედში ქვეყნის ცხოვრებაც აირეკლება.

რა თქმა უნდა, რომანი “პირველი ორი წრე” არაა დოკუმენტური, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც დოკუმენტების, ასევე ავტორისეული ხედვებისა და ტკივილების ერთიანობა ახლიდან განგვაცდევინებს ჩვენი ქვეყნის არეულ თავგადასავალს. ეს წიგნი სწორედ ამ არეულობის გააზრებისა და მის არსში წვდომის მცდელობაა.