ქართული წიგნები ჯაზზე

დიზი გილესპი

გასული წლის ბოლოს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ქართულ ენაზე ერთდროულად გამოვიდა ორი წიგნი ჯაზის შესახებ. ორივეს ავტორი ქართველია. მწერალ ზურაბ ქარუმიძის წიგნს “ჯაზის ცხოვრება” ჰქვია და იგი ქართველ მკითხველს XX საუკუნის ამ უდიდესი მუსიკალური მოძრაობის შესახებ მოუთხობს, ჟურნალისტ კახა თოლორდავას “საუბრები ჯაზზე” კი მის მიერ სხვადასხვა დროს ჩაწერილ ინტერვიუებს მოიცავს თანამედროვეობის უდიდეს მუსიკოსებთან: ჰერბი ჰენკოკთან, ჯო ზავინულთან, ჩიკ კორეასთან და სხვებთან.

დღეს ჩვენ ჯაზზე ვისაუბრებთ. ჯაზზე და ლიტერატურაზე, უფრო სწორად კი ქართულ ჯაზის მწერლობაზე. ნუ გაგიკვირდებათ, ასეთი რამ საქართველოში უკვე არსებობს, 40-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენთან ისევ წერენ ჯაზზე და სქელტანიანი წიგნებიც გამოდის ამ ცეცხლოვანი მუსიკის შესახებ. ზურაბ ქარუმიძის “ჯაზის ცხოვრება” და კახა თოლორდავას “საუბრები ჯაზზე” პირადად ჩემთვის, ისტორიული გამოცემებია, რადგან ისინი პირველები არიან და ქართულ მუსიკალურ ლიტერატურაში, უფრო კონკრეტულად კი ჯაზის მწერლობაში, შექმნილი სიცარიელის ამოვსებას ცდილობენ.

ქართველებს, და ზოგადად კავკასიელებს, რომ გვიყვარს ჯაზის მოსმენა, ახალი ამბავი არაა. ზურაბ ქარუმიძე ჩვენთან საუბარში ამის მიზეზებსაც ახსენებს: “მართლა საინტერესო ფაქტია ის, რომ კავკასიაში თავის დროზევე, ანუ 60-იან წლებში მოიკიდა ფეხი. იყო თბილისშიც, ბაქოშიც, ერევანშიც. ერთი ახსნა ის არის, რომ კავკასიელები ესთეტიკური ერი ვართ... ეტყობა იმ იმპროვიზაციამ, რომელიც ჩადებულია ქართულ სიმღერაში, რაღაც თავისებური სიახლოვე გამოამჟღავნა ჯაზურ იმპროვიზაციასთან. გურული სიმღერა ძალიან იმპროვიზაციულია. ეს არის, ფაქტობრივად, კოლექტიური იმპროვიზაცია. იმპროვიზაციული მუსიკაა “მუღამი” და ამ მხრივ აზერბაიჯანელებმა ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგეს, იმიტომ, რომ მათ შექმნეს თავიანთი ჯაზი, საკუთარი ჯაზი, ანუ ვაგიფ მუსტაფა ზადემ იგივე რამ გააკეთა, რაც თავის დროზე ჯანგო რაინჰარდტმა, როდესაც ჯაზი მიუსადაგა თავის ბოშურ და ფრანგულ მუსიკას”.

გარდა ამისა, ჩვენ წარსულშიც გვყავდა და ახლაც გვყავს რამდენიმე ძალიან საინტერესო ჯაზ-შემსრულებელი, იზრდება ბედნიერი ახალი თაობაც, რომელთაგანაც ბექა გოჩიაშვილს გამოვარჩევდი. იგი ჯაზს, როგორც იტყვიან, უკვე პირველი ხელიდან ეუფლება. სახელოვანი კენი ბარონი ზურა რამიშვილის შემდეგ მისი კიდევ ერთი მასწავლებელია.

სხვათა შორის, ამ ორი წიგნის ავტორებიც, ზურაბ ქარუმიძეც და კახა თოლორდავაც, დაახლოებით ბექას ასაკში ეზიარნენ ჯაზს. ისინი პირველ შთაბეჭდილებებსაც იხსენებენ: “პირველი მოგონებები დაკავშირებულია ჩემს მშობლებთან და განსაკუთრებით ბიძაჩემთან. მამაჩემი უფრო ბელკანტოს მასმენინებდა და კლასიკურ მუსიკას, მაგრამ ბიძაჩემი და განსაკუთრებით ჩემი დეიდები, რომლებიც პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ, ამავე დროს ძალიან იყვნენ ჯაზითაც გატაცებული. ეს ის თაობაა, რომელიც გაიზარდა ფილმზე “მზიური ველის სერენადა”. ბიძაჩემი მასმენინებდა, მახსოვს ძალიან კარგად, ეროლ გარნერს და ნატ კინგ კოლს. ნატ კინგ კოლის ხმა ახლაც ჩამესმის მაშინდელი ბავშვური მოგონებებიდან”, გვითხრა ზურაბ ქარუმიძემ.

კახა თოლორდავამ პირდაპირ ბი ბოპიდან დაიწყო ჯაზის მოსმენა: “პირადად ჩემთვის, თუ გაინტერესებს, ეს ყველაფერი აბსოლუტურად სპონტანურად დაიწყო. ეს იყო ჯაზის რაღაცა გარკვეული კომპოზიცია, ერთი კომპოზიცია, უფრო სწორად ჩარლი პარკერის, რომელმაც ბიძგი მომცა, მომეძებნა, ვთქვათ, სხვა ტრეკები”.

საქართველოში ჯაზი რაღაც სნობური აურითაცაა შემოსილი, სწორედ ამიტომაა, ალბათ, რომ არსად ისე ძვირი არ ღირს ჯაზზე დასასწრები ბილეთები, როგორც აქ, ამ ქვეყანაში, თუმცა ამის მიუხედავად, ჯაზს მსმენელი მაინც არ აკლდება, უფრო პირიქით. იმედი მაქვს ახალი მსმენელების და, რაც მთავარია, ერუდირებული, მცოდნე და არა წამხედურა მსმენელების აღზრდას ეს ორი წიგნიც შეუწყობს ხელს.

ჟანრულად და ტექნიკურად წიგნები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ზურაბ ქარუმიძე მწერალია, რამდენიმე რომანისა და მცირე პროზის ავტორი, რომ არაფერი ვთქვათ მის ლიტერატურთმცოდნეობით ნაშრომებზე, ამიტომ იგი მშობლიური ენის სტიქიაში დანავარდობს და ჯაზის ნებისმიერი მიმდინარეობისთვის თუ ფორმისთვის ახერხებს ქართული ენობრივი შესატყვისების გამოძებნას, მნიშვნელობა არა აქვს, სტომპი იქნება ეს, რეგთაიმი, სუინგი, ბი-ბოპი, ქულ-ჯაზი თუ სხვა. ბლუზი მისთვის “ამა სოფლის სიმღერად ნათქვამი სამდურავია”, ბენდს იგი “დასტას” უწოდებს, ბიქს ბაიდერბეკის ცხოვრება ტატო ბარათაშვილისას აგონებს, ლუი არმსტრონგის ბავშვობის აღწერისას კი (რომელიც მენახშირეობით ირჩენდა თავს), “მაგდანას ლურჯა” და ნახშირით სავსე გოდრებმოკიდებული კარლო საკანდელიძეც შეიძლება გაგახსენდეს.

კახა თოლორდავას წიგნის მთავარი ღირსება ძალიან ზუსტი და ჭკვიანური კითხვებია, რომლებითაც იგი თანამედროვე ჯაზის კლასიკოსებს აოცებს. მას არც “რამე კურიოზები” აინტერესებს და არც ჭორებზე მომართული ყურისთვის განკუთვნილი ამბები. ქართველი ჟურნალისტი ყველაზე არსებითის გაგებას ცდილობს. იგი ჯაზსაც ასე უყურებს, და მისთვის ჩვიდმეტი მუსიკოსი, ვისთანაც ბოლო წლების მანძილზე მან საუბრები ჩაწერა, ის ადამიანები არიან, “ვინც დიდი როლი შეასრულა და დღესაც ასრულებს არა მარტო ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში, არამედ ჩემი, როგორც ადამიანის ფორმირებაშიც”.

ზემოთ ახალი, ერუდირებული მსმენელების აღზრდა ვახსენე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მსმენელების გარდა ეს ორი წიგნი მომავალ ჯაზის ჟურნალისტებსაც გაუხსნის გზას. ამისთვის, ზურა ქარუმიძის აზრით, განათლებაა საჭირო: “ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჯაზისადმი სიყვარულზე, ერუდიციაზე და განათლებაზე, კულტურულ ერუდიციაზე და განათლებაზე და გლობალურ, ასე ვთქვათ, ხედვებზე”.

“ვერ გეტყვი, საქმე იმაშია, რომ 2010 წელია, და ამდენი წლის განმავლობაში მესამე წიგნი გვაქვს ჯაზზე. აქ იყო ამის მცდელობა, გახსოვს, ჟურნალ “ოზონის” სახით, მაგრამ როდესაც ჟურნალი დაიხურა, ამით დამთავრდა ყველაფერი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრა, ისაა, რომ ძალიან დიდია დაინტერესება ახალგაზრდებში, ახალგაზრდებს აინტერესებთ მსგავსი ლიტერატურის კითხვა”.

კახა თოლორდავას ამ სიტყვებთან დაკავშირებით ჰერბი ჰენკოკის მიერ მისთვისვე ინტერვიუში ნათქვამი სიტყვები მახსენდება, როდესაც იგი “თელონიუს მონკის ინსტიტუტში” მუშაობის პერიოდს იხსენებდა და ამბობდა: “მონკის ინსტიტუტში აღმოვაჩინეთ, რომ ჯაზი სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ახალგაზრდებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში”. ასე რომ, ვუსმინოთ ჯაზს და ვიყოთ გაბედულები.